ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ვატო შაქარაშვილის პარტია თბილისში ნეიტრალიტეტის ფორუმს მართავს

თბილისში ნეიტრალიტეტის შესახებ ფორუმი მიმდინარეობს. ორდღიანი ფორუმი დღეს, 5 ნოემბერს, გაიხსნა. თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმის ორგანიზატორები ვატო შაქარაშვილის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ და საერთაშორისო პლატფორმა „ნეიტრალიტეტის კვლევები“ (Neutrality Studies) არის, რომელიც ეძღვნება სახელმწიფოთა…

ვატო შაქარაშვილის პარტია თბილისში ნეიტრალიტეტის ფორუმს მართავს
ფოტო: ნეტგაზეთი

05.11.202605.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

თბილისში ნეიტრალიტეტის შესახებ ფორუმი მიმდინარეობს.

ორდღიანი ფორუმი დღეს, 5 ნოემბერს, გაიხსნა.

თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმის ორგანიზატორები ვატო შაქარაშვილის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ და საერთაშორისო პლატფორმა „ნეიტრალიტეტის კვლევები“ (Neutrality Studies) არის, რომელიც ეძღვნება სახელმწიფოთა ნეიტრალიტეტის, მიუმხრობლობის, დიპლომატიისა და მულტიპოლარული საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზს.

თბილისში ნეიტრალიტეტის ფორუმის აღწერაში ნათქვამია, რომ ეს არის „სამხრეთ კავკასიაში ნეიტრალიტეტის პერსპექტივების, რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ პრაქტიკულად ორიენტირებული კვლევითი კონფერენცია საერთაშორისო ნეიტრალიტეტის მკვლევარებისა და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსების მონაწილეობით“.

თბილისი ნეიტრალიტეტის ფორუმს 14 სპიკერი ჰყავს, მათ შორის არის Neutrality Studies-ს ხელმძღვანელი პასკალ ლოტაზი. ის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტს და მისი პოზიციები ხშირად თანხვედრაშია მოსკოვის სტრატეგიულ მიზნებთან.

2026 წლის 13 ოქტომბრის სტატიაში „ქართული ნეიტრალიტეტი: შანსი რუსეთისა და უკრაინისთვის“, ლოტაზი ამტკიცებს, რომ ნეიტრალური საქართველო ნატოსა და ევროკავშირის უსაფრთხოების სტრუქტურებს მიღმა ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას და დააკმაყოფილებს რუსეთის გამოცხადებულ უსაფრთხოების მიზნებს.

„რასაც ვაკვირდებით ევროპაში, ეს არის: ბლოკის წევრები ამბობენ, რომ რუსეთი უნდა დავამარცხოთ. ვინც ამ პროცესში არ ჩაება, ისინი ჩვენს მხარეს არ იჭერენ. შესაბამისად ისინი ქვეყნებს აიძულებენ, არ იყვნენ ნეიტრალურები. ამდენად, ამ მოცემულობაში, დაინტერესებული ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებს და მხარეებს პრორუსულს უწოდებენ, ეს ბუნებრივია“, – განაცხადა პასკალ ლოტაზიმ დღეს თბილისში მიმდინარე ფორუმზე.

თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმის კიდევ ერთი მონაწილეა, მაგალითად თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი მოჰამად მარანდი, რომელიც აშშ-ს პოლიტიკას ხშირად იმპერიულად ან იძულებითად წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ დასავლური ვერსიები ირანის ქმედებების შესახებ მცდარია.

რაც შეეხება ქართველებს, ნეიტრალიტეტის ფორუმის მონაწილეები არიან: პეტრე მამრაძე, ლევან ნიკოლეიშვილი, კონსტანტინე ჟღენტი და ლაშა კასრაძე.

ლაშა კასრაძემ, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ხშირი სტუმარია, როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ასევე „იმედზე“ წამყვანიც იყო, თბილისში მიმდინარე ფორუმზე ხაზი გაუსვა, რომ ნეიტრალიტეტი ინსტიტუციონალიზებულად უნდა იქცეს.

„ნეიტრალიტეტი – რა თქმა უნდა თავის თავში მოიაზრებს საზოგადოებრივი განწყობის შექმნას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბევრად პრაგმატული გახდეს. ნეიტრალიტეტი უფრო და უფრო ინსტიტუციონალიზებულად უნდა იქცეს“, – განაცხადა ლაშა კასრაძემ.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ვატო შაქარაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ძალთა ბალანსის დღევანდელ რეალობაში ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის ყველაზე რეალისტურ და ოპტიმალურ გზად ყალიბდება.

„წარსულის გადმონაშთია და აბსოლუტური ილუზია, რომ ნატო და ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების შესაძლებლობას ქმნის. ევროატლანტიზმი დღეს უსაფრთხოების გარანტია კი არა, დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნათია ცქიფურიშვილი · გამოქვეყნდა 05.11.2026, 17:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ