ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მსოფლიოში ნედლი ნავთობის ფასი ბოლო კვირაში 16%-ით შემცირდა

აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა და აგვისტოს მაჩვენებელს დაუბრუნდა. ბირჟაზე ძირითადად ორი მარკის ნავთობს ექცევა ყურადღება, Brent-სა და WTI-ს. საცალო ფასებზე გავლენა ევროპაში და შესაბამისად საქართველოშიც, უფრო მეტად Brent-ს აქვს, ამერიკაში WTI-ს. ნედლი…

მსოფლიოში ნედლი ნავთობის ფასი ბოლო კვირაში 16%-ით შემცირდა
ფოტო: ნეტგაზეთი

05.11.202605.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა და აგვისტოს მაჩვენებელს დაუბრუნდა.

ბირჟაზე ძირითადად ორი მარკის ნავთობს ექცევა ყურადღება, Brent-სა და WTI-ს.

საცალო ფასებზე გავლენა ევროპაში და შესაბამისად საქართველოშიც, უფრო მეტად Brent-ს აქვს, ამერიკაში WTI-ს.

ნედლი ნავთობის ფასების კლება

Brent-ის ფასი 8 სექტემბრის შემდეგ $100-იან ნიშნულს პირველად ჩამოსცდა და 5 ნოემბრის მდგომარეობით $95-ად ივაჭრება. $88-მდე შემცირებული WTI-ის ღირებულებაც, აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია.

ფასების კლება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო (შედეგები მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იყო) და ერთკვირიან ჭრილში საშუალოდ 16%-ით შემცირდა (Brent 14%-ით და WTI 18%-ით).

ნედლი ნავთობის ფასის ცვლილების დინამიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში (05.11.2025-დან 05.11.2026-მდე)

წყარო: tradingeconomics.com

გავლენა ნავთობპროდუქტის ფასებზე

საცალო ბაზარზე უფრო მნიშვნელოვანი ე.წ. Platts-ის ფასია. კლება აქაც ფიქსირდება, 28 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ბენზინის ფასი ტონაზე 13%-ით $1150-დან $1000-მდე ხოლო დიზელის 8%-ით $1490-დან $1365-მდეა შემცირებული. (Platts-ის ოფიციალური პლატფორმა დახურულია commodityscope ნავთობპროდუქტების საბითუმო ფასს ანგარიშობს, რომლის ღირებულებაც საკმაოდ ახლოს დგას Platts-სთან და დინამიკის განსაზღვრისთვის გამოდგება.)

ნედლი ნავთობისგან განსხვავებით ნავთობპროდუქტების ფასები წინა დღის მონაცემებს ასახავს. მკვეთრი ვარდნის შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, რაც მაღალი ალბათობით ნავთობპროდუქტებზეც აისახება.

მოლოდინები

მოლოდინები და გარკვეული ინფორმაცია ხშირად რაიმეს ფასს იმაზე მეტად ზრდის ან ამცირებს, ვიდრე მოთხოვნა-მიწოდების სტანდარტული ცვლილება. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში ნავთობის ფასი $95-დან $120-მდე გაიზარდა, მაგრამ შემდეგ მალევე ისევ ჩამოსცდა 100 დოლარს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა ფასები ისევ დაკორექტირდეს. დემოკრატების გამარჯვების მიუხედავად, საგარეო ბერკეტები ისევ ტრამპის ხელშია და ირანთან ომის განახლების საფრთხე ისევ არსებობს. მასიური დარტყმების განახლება კი სხვა თანაბარ პირობებში, ნავთობის ფასს კიდევ გაზრდის. ფასზე უარყოფითად იმოქმედებს მოლოდინი, გარდა ამისა, მაღალი ალბათობით დაზიანდება ან განადგურდება ნავთობტერმინალები როგორც თავად ირანში ასევე ყურის სხვა ქვეყნებში, ჰორმუზის სრუტე კი შესაძლოა სრულად ჩაიკეტოს, ან როგორც მინიმუმ ტანკერების მიმოსვლა კიდევ უფრო მეტად შეიზღუდოს.

გავლენა საქართველოში საცალო ფასებზე

საქართველოში ბირჟებზე დაფიქსირებული ცვლილება საცალო ფასებზე არ ასახულა. მსგავს სიტუაციაში ნავთობკომპანიების წარმომადგენლები როგორც წესი მიზეზად მაღალ ფასად შესყიდულ მარაგებს ასახელებენ ხოლმე.

საქართველო საწვავის იმპორტზეა დამოკიდებული. საგარეო ფაქტორებიდან, ნედლი ნავთობის ღირებულების გარდა, საცალო ფასზე უშუალოდ ნავთობგადამამუშვებელი ქარხნების დაწესებული ფასი და ტრანსპორტირების ღირებულებაც მოქმედებს. შიდა ფაქტორებიდან საგადასახადო ტვირთი, სახელფასო ხარჯი და მოგების მარჟაა მნიშვნელოვანი.

საგარეო ფაქტორებზე ზემოქმედების საშუალება საქართველოს არ გააჩნია. შიდა ფაქტორებიდან ყველაზე მარტივად შესამსუბუქებელი საგადასახადო ტვირთია. აქციზის განახევრება 1 ლიტრ საწვავს 20-22 თეთრით, ხოლო მისი დროებით სრული გაუქმება 40-45 თეთრით გააიაფებდა.

ფიქსირებული აქციზისგან განსხვავებით დღგ თავად ფასზეა დამოკიდებული. განაკვეთი ყოველთვის 18%-ია, მაგრამ იცვლება თანხობრივად. თუ სარეალიზაციო ფასი 3 ლარია, ამ შემთხვევაში დღგ-ს წილი 46 თეთრია, ხოლო მაშინ თუ სარეალიზაციო ფასი 5 ლარს უტოლდება დღგ-ის წილიც შესაბამისად 76 თეთრამდე იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმპორტის ფასის ზრდა, ბენზინის და დღგ-თი დაბეგრილი ნებისმიერი სხვა პროდუქტის სარეალიზაციო ფასს ორმაგად აწვება, გაიაფების შემთხვევაში კი თეორიულად ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. რეალურ ვითარებაში მოგების მარჟის ზრდის ან კლების ხარჯზე, მომხმარებელმა ცვლილებები შესაძლოა ბოლომდე ვერ იგრძნოს.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი · გამოქვეყნდა 05.11.2026, 13:07. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ