„ლოკო პარკში“ სტეფანო ბოერის პროექტი განხორციელდება: „ეს ქალაქისთვის განკუთვნილი საჩუქარია” | Marketer
ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, „ლოკო პარკში“, სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდიის პროექტი განხორციელდება. მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა
ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, „ლოკო პარკში“, სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდიის პროექტი განხორციელდება. მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა არქიტექტორმა დახურულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, რომლის მიზანიც „ლოკო პარკის” საცხოვრებელი ზონის არქიტექტურული კონცეფციების შექმნა იყო. ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორიის სივრცითი პრინციპების შენარჩუნება, შენობებისთვის ინდივიდუალური იდენტობების მინიჭება და ტერიტორიის დიდი ნაწილის საზოგადოებრივ, მწვანე და საფეხმავლო სივრცეებად ქცევა – სწორედ ეს გახდა ის მთავარი კომპონენტები, რის გამოც სტეფანო ბოერის პროექტი კონკურსის გამარჯვებულად გამოვლინდა.
პროექტი მხოლოდ საცხოვრებელი შენობების განთავსებას არ გულისხმობს. ავტორის ხედვით, „ლოკო პარკი“ უნდა გახდეს გარემო, სადაც არქიტექტურა, ლანდშაფტი და საზოგადოებრივი ცხოვრება ერთიანდება, ხოლო ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორია ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად გადაიქცევა.
რატომ გახდა ბოერის კონცეფცია კონკურსის გამარჯვებული
„ლოკო პარკის“ საცხოვრებელი ზონის არქიტექტურული კონკურსის ფინალი 22 ოქტომბერს გაიმართა. ერთმანეთს კონკურენციას ხუთი ქართული და იტალიური არქიტექტურული სტუდია უწევდა: სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდია, „პიუარკი“, „არტსტუდიო“, X Architecture და „ურბანიკა“. ნამუშევრები დამოუკიდებელმა საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა, რომლის თავმჯდომარეც ჰოლანდიელი არქიტექტორი და ურბანისტი მარკუს აპენცელერი იყო.
მისი შეფასებით, ბოერის გუნდის მთავარი უპირატესობა სწორედ ადგილის სპეციფიკის სწორად გააზრება აღმოჩნდა. „ლოკო პარკს“ გამორჩეული ინდუსტრიული ხასიათი აქვს: უზარმაზარი შენობები და იშვიათი ინფრასტრუქტურა, რაც მის არქიტექტურულ იდენტობას განსაზღვრავს. ჟიურის აზრით, გამარჯვებულმა გუნდმა სწორედ ეს მასშტაბი და ხასიათი გაითვალისწინა და მათი შენარჩუნება ახალი საცხოვრებელი არქიტექტურის შექმნის პროცესშიც შეძლო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ისეთი არქიტექტორის არჩევა, რომელსაც შეეძლო გაეგო ამ ადგილის იდეა და ეს არქიტექტურულ გადაწყვეტად ექცია. ჩემი აზრით, სტეფანო ბოერი და მისი გუნდი სწორედ ის მონაწილეები იყვნენ, რომლებმაც ნამდვილად გაიაზრეს ამ ტერიტორიის თანამედროვე ხასიათი“, – ამბობს აპენცელერი.
მისივე თქმით, კონკურსის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შენობების არქიტექტურის, არამედ მათი გარემოსთან ურთიერთობის შეფასებაც. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივ სივრცეებს ენიჭება, რომელთა დაგეგმვაც ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით გააზრებას მოითხოვს.

სამი დიდი ბაღი და სივრცე, რომელიც ქალაქს ეკუთვნის
სტეფანო ბოერის გუნდის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ღია და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებაა. როგორც თავად არქიტექტორი განმარტავს, ტერიტორიის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეიძლებოდა გამწვანებული სივრცეების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მათი ერთიან, ყველასთვის ხელმისაწვდომ სისტემად ჩამოყალიბება.
ბოერის დაკვირვებით, თბილისში მწვანე სივრცეები ხშირად კერძო ბაღებისა და ნაწილობრივ გამტარი, შეზღუდული წვდომის მქონე ტერიტორიების სახით გვხვდება. ამიტომ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი სამი დიდი საჯარო ურბანული ბაღის შექმნა გახდა. ეს სივრცეები საცხოვრებელ შენობებს შორის მოეწყობა და არა მხოლოდ იქ მცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ამ იდეას ემსახურება სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზებაც. პროექტში გათვალისწინებულია მიწისქვეშა პარკინგი და ტერიტორიის დასაკავშირებლად სამი ძირითადი საავტომობილო გზა. ამგვარი გადაწყვეტა ზედაპირზე მეტ სივრცეს ათავისუფლებს ფეხით მოსიარულეებისთვის, გამწვანებისა და დასვენებისთვის.
მილანის ცნობილი „ვერიკალური ტყის” (Bosco Verticale) ავტორისა და მწვანე, არქიტექტურით ცნობილი არქიტექტორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გამწვანებასა და ჩრდილს – ორ ელემენტს, რომელთა საჭიროებაც, მისი შეფასებით, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ პროექტში დიდი ყურადღება ეთმობა დაჩრდილულ საფეხმავლო ზონებსა და მწვანე გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება დასვენება, სპორტული აქტივობები თუ უბრალოდ სეირნობა.
„ჩემი წარმოდგენით, „ლოკო პარკი“ ისეთი საზოგადოებრივი სივრცე უნდა გახდეს, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობს თბილისში – დიდი ქსელი საჯარო, საფეხმავლო, მწვანე და დაჩრდილული ზონებით. ეს მთელი ქალაქისთვის განკუთვნილი საჩუქარია, ახალი სივრცე, რომელიც, ამავდროულად, პატივს სცემს აქ არსებულ ინდუსტრიულ გარემოსა და მის პრინციპებს“, – აღნიშნავს არქიტექტორი.
განსხვავებული შენობები, ერთიანი არქიტექტურული იდენტობა
გამარჯვებული კონცეფციის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელია შენობების ვიზუალური გადაწყვეტა. ბოერის გუნდი ცდილობს, შეინარჩუნოს ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ერთიანობა, თუმცა ისე, რომ თითოეულ შენობას საკუთარი იდენტობა ჰქონდეს.
ბოერის თქმით, გუნდი ყურადღებით დააკვირდა თბილისის, განსაკუთრებით კი მისი ჩრდილოეთი ნაწილის სპეციფიკას, მასალებისა და ფერების მრავალფეროვნებას და ამ ვიზუალური სპექტრის საკუთარ პროექტში გადატანა სცადა:

„გვინდოდა, შეგვენარჩუნებინა ინდუსტრიული სივრცის დაგეგმარების პრინციპი და, ამავდროულად, შენობებს შორის განსხვავებული ურთიერთობა შეგვექმნა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველგან ერთი მასალა აგური და ტერაკოტა გამოგვეყენებინა, თუმცა თითოეულ შენობაში განსხვავებული ფერით. ასე ყველა შენობას საკუთარი ხასიათი ექნება, მაგრამ ისინი მაინც ერთი ერთიანი დასახლების ნაწილად აღიქმებიან“, – განმარტავს ბოერი.
პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახურავებსაც. არქიტექტორები მათ შენობის მეხუთე ფასადად განიხილავენ. კონკრეტული შენობის მიხედვით, სახურავი შეიძლება გამწვანდეს, საზოგადოებრივ ბაღად ან კერძო სასოფლო-სამეურნეო თუ ბოტანიკურ სივრცედ იქცეს, ან მზის პანელებისთვის გამოიყენებოდეს. განსხვავებული ფორმები და ფუნქციები კი შენობების ინდივიდუალურ ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს.
პროექტის განვითარება და მომავალი
გამარჯვებული კონცეფციის შერჩევა არ ნიშნავს, რომ პროექტის ყველა დეტალი უკვე საბოლოოდ განსაზღვრულია. გაამრჯვებული იდეა პროცესში კიდევ დამუშავდება და ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებსაც, რომლებიც კონკურსის განხილვისას დამატებით გამოიკვეთა. მათ შორისაა ტერიტორიის ისტორიის უფრო მკაფიოდ წარმოჩენა:
„ჩვენი აზრით, ტერიტორიის ისტორია და მისი ინდუსტრიული მემკვიდრეობა პროექტში კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა გამოჩნდეს. ეს ის საკითხებია, რომლებზეც მომდევნო ეტაპებზე მუშაობა გაგრძელდება. ასევე დასაზუსტებელია, როგორ გადადის სივრცე საჯარო ზონიდან ნახევრად საჯაროსა და კერძო სივრცეში და როგორ უნდა იყოს ორგანიზებული მათი მოვლა. თუმცა საწყისი იდეა და ძირითადი მიმართულება ჩვენთვის დამაჯერებელია“, – აღნიშნავს აპენცელერი.
ინდუსტრიული მემკვიდრეობიდან ახალ ურბანულ გარემომდე
სტეფანო ბოერის გუნდისთვის „ლოკო პარკი“ მხოლოდ ახალი არქიტექტურული პროექტი არ არის – ეს შესაძლებლობაა, ძველი, ინდუსტრიული ხასიათის მქონე ტერიტორია თანამედროვე, ცოცხალ გარემოდ გარდაქმნას.
„მჯერა, რომ ეს სივრცე უნიკალურია. ჩვენს ხელთ არსებულ გამოცდილებასა და ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ. მინდა, რამდენიმე წლის შემდეგ აქ დაბრუნებულებმა ვიგრძნოთ, რომ ურბანულ არქიპელაგში ვსეირნობთ – შენობებით გარშემორტყმულ გარემოში, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი იდენტობა აქვს, თუმცა ყველა საერთო არქიტექტურულ დნმ-ს იზიარებს“, – ამბობს ბოერი.

„ლოკო პარკი“ გურამიშვილის გამზირზე, თბილისის ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტის გენერალური გეგმა ნიდერლანდურმა კომპანია MLA+-მა 2025 წელს შეიმუშავა და ტერიტორიის მრავალფუნქციურ ურბანულ სივრცედ გარდაქმნას ითვალისწინებს. საცხოვრებელი ზონის გარდა, აქ საზოგადოებრივი, კულტურული, სახელოვნებო, რეკრეაციული და კომერციული სივრცეები განვითარდება. 2027 წლიდან კი საზოგადოებრივი პარკის გახსნა იგეგმება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. პროექტის ფარგლებში ასევე ვითარდება სახელოვნებო მიმართულება Loco Arts.
[R]

