ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

არასამთავრობო ორგანიზაციები - „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“,

არასამთავრობო ორგანიზაციები - „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს.

როგორც 3 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი უარყოფითად აფასებენ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მნიშვნელოვან ნაწილს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები გამოიწვევს ნაკლებად გადამოწმებად საარჩევნო შედეგებს, შეზღუდულ სასამართლო კონტროლს და კიდევ უფრო ცენტრალიზებულ საარჩევნო ადმინისტრირებას.

„2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც არსებით ცვლილებებს ითვალისწინებს საქართველოს ორგანულ კანონებში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უარყოფითად აფასებენ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მნიშვნელოვან ნაწილს. ცვლილებები გამოიწვევს ნაკლებად გადამოწმებად საარჩევნო შედეგებს, შეზღუდულ სასამართლო კონტროლს და კიდევ უფრო ცენტრალიზებულ საარჩევნო ადმინისტრირებას.

ცვლილებების თანახმად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა მხოლოდ ტექნიკური შეცდომებით შემოიფარგლება, უქმდება ბიულეტენების სავალდებულო გადათვლა, ხოლო, სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღება. ეს ყოველივე კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც სუსტი კონტროლის მექანიზმებს და გაზრდის საარჩევნო ადმინისტრირების ცენტრალიზაციას. დამატებითი პროცედურული და სარეკლამო შეზღუდვები კი გააუარესებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და პოლიტიკური კონკურენციის პირობებს.

განსაკუთრებით საგანგაშოა კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ცესკოს მიერ შედგენილი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ მექანიკური/ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით. ამგვარი შეზღუდვა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპზე გამორიცხავს სისტემური დარღვევებისა და არჩევნების შედეგებზე მათი ერთობლივი გავლენის შესახებ დავას. ამასთან, ზოგიერთი დარღვევის სისტემური ხასიათი და მასშტაბი შესაძლოა მხოლოდ სხვადასხვა უბნის მონაცემებისა და საარჩევნო პროცესის ერთობლივი ანალიზით გამოიკვეთოს. შესაბამისად, მხოლოდ ცალკეულ უბნებზე დავის შესაძლებლობა ვერ ჩაანაცვლებს საბოლოო შედეგების სრულფასოვან სასამართლო კონტროლს. შემოთავაზებული ცვლილება უხეშად ზღუდავს და ასუსტებს საარჩევნო უფლების ეფექტიანი დაცვის გარანტიებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, ინიციატივის მომზადებას წინ არ უძღოდა საჯარო დისკუსია ან წინასწარი კონსულტაციები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, არც საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ფართო პროფესიული და საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური გადასინჯვა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას წარმოადგენს. ეს ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის საარჩევნო სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც, საარჩევნო რეფორმები უნდა ეფუძნებოდეს ღიაობას, პროგნოზირებადობასა და ინკლუზიურ დიალოგს.

წარმოდგენილი ინიციატივა უნდა შეფასდეს ბოლო წლებში დამკვიდრებული პერსონიფიცირებული კანონშემოქმედებისა და რეპრესიული პრაქტიკის კონტექსტში, როდესაც სამართლებრივი წესები სულ უფრო მეტად ერგება მმართველი ჯგუფის ინტერესებს, ხოლო საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები თანმიმდევრულად სუსტდება. ქმედითი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების გარეშე სახელმწიფო კარგავს საზოგადოებრივ ნდობას და საერთო ინტერესების დაცვის ნაცვლად ვიწრო ჯგუფური ინტერესების გამტარებელ სისტემად გარდაიქმნება.

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია კანონპროექტით გათვალისწინებული არსებითი ცვლილებების ერთობლივი სამართლებრივი შეფასება.

არსებითი ცვლილებების ანალიზი და სამართლებრივი შეფასება

  1. ცესკოს მიერ შედეგების შეჯამება და შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შეზღუდვა

მოქმედი საარჩევნო კოდექსი არჩევნების შედეგების საოლქო და ცენტრალურ დონეებზე შეჯამების დიფერენცირებულ მოდელს ითვალისწინებს. ეს უზრუნველყოფს შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ფართო საფუძვლებს, რაც მოიცავს პროცედურულ დარღვევებსა და კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მქონე გარემოებებზე დავას.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, ყველა ტიპის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პირდაპირ საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე. ამასთანავე, ცესკოს მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება დაშვებული იქნება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამოსწორების მიზნით (მაგალითად, თუ ცესკოს ოქმში საარჩევნო უბნის მიერ მოწოდებული მონაცემები ან სასამართლო გადაწყვეტილებები არასრულად ან მცდარად იქნა გადატანილი). სხვა საფუძვლით სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღება, ხოლო სასამართლოს უფლება ექნება, მხოლოდ მონაცემთა გასწორების საკითხზე მსჯელობით შემოიფარგლოს.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლების მხოლოდ მექანიკურ/ტექნიკურ უზუსტობებით შემოფარგვლა მნიშვნელოვანწილად გამორიცხავს სისტემური დარღვევების სასამართლო კონტროლს საბოლოო შედეგების დადგენის ეტაპზე. შედეგად, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად დაავიწროებს საარჩევნო დავებზე სასამართლო კონტროლის ფარგლებს და დაასუსტებს საარჩევნო უფლებების ეფექტიანი დაცვის გარანტიებს. საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებით, იგი შეზღუდავს მათთვის კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლებამოსილების ეფექტიან განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო დარღვევების სისტემურობა ყოველთვის არ ვლინდება უშუალოდ კენჭისყრის დღეს ან საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას. ზოგიერთი დარღვევის მასშტაბისა და არჩევნების შედეგებზე შესაძლო გავლენის შეფასება მხოლოდ საარჩევნო პროცესისა და მიღებული შედეგების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ხდება შესაძლებელი. ამასთან, საარჩევნო კოდექსი კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისთვის მოკლე და მკაცრ ვადებს ადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილმა ცვლილებამ, შესაძლოა შეზღუდოს ისეთი დარღვევების გამოვლენის, სათანადო მტკიცებულებების მოპოვებისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობა, რომელთა არსებობა ან მასშტაბი მხოლოდ არჩევნების საერთო შედეგების გაანალიზების შემდეგ იკვეთება.

არჩევნები ერთიან, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროცესს წარმოადგენს. შესაბამისად, სისტემური ხასიათის დავების განხილვისას შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ცალკეული საარჩევნო უბნების მიხედვით გამოვლენილი დარღვევების შეფასება, არამედ იმ დარღვევების ერთობლივი ანალიზიც, რომლებიც მთლიან საარჩევნო პროცესს უკავშირდება.

საარჩევნო დავების შესახებ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს საფუძვლად უდევს ექვსი ფუნდამენტური პრინციპი, რომელთა შორის აღსანიშნავია წვდომის არსებობა სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, და, საარჩევნო დარღვევებზე საჩივრის წარდგენის უფლების უზრუნველყოფა. საარჩევნო უფლების უზრუნველყოფასთან ერთად, საარჩევნო დავების განმხილველ ორგანოთა მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა წარმოადგენს საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების სამართლიანი, ეფექტური და მიუკერძოებელი განხილვის წინაპირობას.

გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდგომი ცვლილებებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა და საგრძნობლად შემცირდა მათ მიერ მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. წარმოდგენილი ცვლილებები მდგომარეობას გააუარესებს.

  1. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 5 საარჩევნო უბნის შედეგების სავალდებულო გადათვლის გაუქმება

მოქმედი საარჩევნო კოდექსით დადგენილია იმპერატიული ნორმა, რომლის მიხედვითაც თითოეული საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს სრულად ეხსნებათ შემთხვევითი შერჩევის გზით უბნების გამოვლენისა და შედეგების გადათვლის ვალდებულება.

ხუთი საარჩევნო უბნის სავალდებულო გადათვლის წესი წარმოადგენდა საარჩევნო მანიპულაციების პრევენციისა და ხმების აღრიცხვის სიზუსტის გადამოწმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას (აუდიტის მექანიზმს). მისი გაუქმება შეამცირებს პროცესის გამჭვირვალობას და კიდევ უფრო შეასუსტებს ოფიციალური შედეგების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

  1. სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ფუნქციის კომისიის თავმჯდომარის ერთპიროვნულ კომპეტენციაში გადაცემა

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის (ან რეგისტრაციაზე უარის), ისე ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვაზე დამკვირვებელთა დანიშვნის საკითხს კოლეგიურად განიხილავდა და წყვეტდა შესაბამისი საარჩევნო კომისია (ცესკო / საოლქო საარჩევნო კომისია).

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი საარჩევნო კომისიის (ცესკო / საოლქო საარჩევნო კომისია) თავმჯდომარის კომპეტენცია იქნება.

კოლეგიურობის პრინციპის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჩანაცვლება ზრდის სუბიექტური და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების რისკს. ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან გამოირიცხებიან კომისიის წევრები (მათ შორის, პარტიების მიერ დანიშნული წევრები), რაც ასუსტებს ურთიერთგაწონასწორებისა და გამჭვირვალობის სტანდარტს.

  1. ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადის შემცირება

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, ვალდებულია, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-12 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიში.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, აღნიშნული ვადა მცირდება და საარჩევნო სუბიექტებს ამ ვალდებულების შესრულება მოუწევთ კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა.

ფინანსური ანგარიშის წარდგენის 5 დღემდე შემცირება საარჩევნო სუბიექტებს, სავარაუდოდ, გაურთულებს ხარისხიან ანგარიშგებას.

აღსანიშნავია, რომ თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დარღვევას არსებითად მიიჩნევს და ჩათვლის, რომ მას შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, უფლებამოსილია, ცესკოს სასამართლოსთვის მიმართვის რეკომენდაცია წარუდგინოს, რათა არჩევნების შედეგები შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამდეს.

  1. მეორე ტურისთვის დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციის ვადის შემცირება

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, შესაბამისი არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებსა და მედია ორგანიზაციებს უფლება აქვთ, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა დანიშნონ წარმომადგენლები, ხოლო დამკვირვებელ ორგანიზაციებს - ამავე ვადაში წარადგინონ ახალი დამკვირვებლები.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, აღნიშნული ვადა მცირდება და მათ ამის შესაძლებლობა მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ექნებათ.

მეორე ტურებს შორის ისედაც მცირე დროის არსებობის პირობებში რეგისტრაციის ვადის 2 დღით შემცირებამ შეიძლება შეაფერხოს საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობა. განმარტებით ბარათში, არ არის მოცემული დასაბუთება, თუ რით არის გამოწვეული ასეთი ცვლილებების აუცილებლობა.

  1. უფასო სარეკლამო დროის გადანაწილების შეზღუდვა

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა თავისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, ავტორიზებულ საეთერო მაუწყებელს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს და გაზეთს უფლება აქვთ, ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, მაუწყებლებს და გაზეთებს ეს უფლება აღარ ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, უფასო საეთერო დრო არ ეძლევა იმ პარტიას, რომელიც არჩევნების დანიშვნის მომენტში არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, ხოლო ამ უკანასკნელის მიღების უფლებას კარგავს ის პარტია, რომლის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ წესის შედეგად, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება და უფასო საეთერო დრო დაკარგეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“.

ამდენად, ამ კონტექსტში, როდესაც ძირითადი ოპოზიციური პარტიები უფასო საეთერო დროით ვერ სარგებლობენ, დამატებითმა შეზღუდვებმა შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შესაძლებლობების უთანასწორობა, რაც პოლიტიკურ პლურალიზმს ხელს არ შეუწყობს. ნაცვლად იმისა, რომ საეთერო დრო და გაზეთის ფართობი რაციონალურად აითვისონ აქტიურმა პარტიებმა საზოგადოების უკეთ ინფორმირებისთვის, გამოუყენებელი რესურსი უბრალოდ დაიკარგება, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს მცირე და ნაკლები რესურსის მქონე პარტიებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 11:25. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ