ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სერბეთში 2025 წელს გამართული აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ბრალდებით 10 პოლიციელი დააკავეს

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

სერბეთში 2025 წელს გამართული აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ბრალდებით 10 პოლიციელი დააკავეს
ფოტო: პუბლიკა

სერბეთში 2025 წელს გამართული ანტისამთავრობო და ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ბრალდებით ცხრა მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი დააკავეს. ინფორმაციას Reuters სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, რომლებიც სპეცდანიშნულების ელიტურ დანაყოფში მსახურობდნენ, 2025 წლის 14-15 აგვისტოს, ბელგრადის ცენტრში მდებარე სამთავრობო კომპლექსის ავტოფარეხში, რამდენიმე დაკავებულს აწამებდნენ და აშინებდნენ.

„ძალის გამოყენებითა და მუქარით, მათ არაერთ ადამიანს მიაყენეს ძლიერი ტკივილი და მძიმე ფიზიკური ტანჯვა. მათი მიზანი იყო დაკავებულებისგან ინფორმაციის მოპოვება, მათი დაშინება და უკანონო დასჯა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურში ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა. კონსტრუქციის ქვეშ იმყოფებოდნენ მგზავრები, მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები.

ნგრევის შედეგად 14 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მიღებული დაზიანებების შედეგად, კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის იყვნენ ბავშვები, მათ შორის ერთი ოჯახის 3 წევრი.

სადგურის გადახურვის ჩამონგრევას სერბეთში მასშტაბური ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები მოჰყვა, რადგან სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2024 წლის ივლისში, გადახურვის ჩამონგრევამდე სულ რამდენიმე თვით ადრე იყო დასრულებული.

უბედური შემთხვევა იმ კორუფციის ტრაგიკულ სიმბოლოდ იქცა, რასაც როგორც თავად სერბები ჰყვებიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრგან ხედავდნენ.

მოქალაქეების პროტესტი, რომელიც ნოვი-სადიდან დაიწყო თავდაპირველად მიმართული იყო ამ შემთხვევის ჯეროვანი გამოძიებისკენ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ყველა დოკუმენტის გასაჯაროებისა და იმ პირების დასჯისკენ, ვინც სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე იყო პასუხისმგებელი.

სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ბეტონის გადახურვის რეკონსტრუქცია არ მომხდარა. რამდენიმე კვირაში სერბეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით 11 ადამიანი დააკავეს. ამის მიუხედავად, სერბეთში პროტესტი არ გაჩერებულა.

სტუდენტური პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგობას წააწყდა, ახალგაზრდებს სხვადასხვა ქალაქში რამდენჯერმე დაესხნენ თავს. მაგრამ საპროტესტო მოძრაობა საბოლოოდ ქვეყნის ყველა წამყვან უნივერსიტეტს მოედო, პროტესტში ჩაერთნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეთა თვითორგანიზებული ჯგუფები.

აქციებში მონაწილე ათობით სტუდენტმა და აქტივისტმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, პოლიციის ქმედებებმა ფიზიკური დაზიანებები და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.

საბოლოოდ, ჯერ სერბეთის პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. ვუჩიჩმა არჩევნებში საპროტესტო მოძრაობის ფონზე შექმნილ „სტუდენტურ სიასთან“ წააგო – მან მარცხი მალევე აღიარა.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 05.11.2026, 11:03. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ