ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - ჩვენი საზოგადოების თვალში თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან
„ღამის კურიერში“ სტუმრობისას, კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან...
„ღამის კურიერში“ სტუმრობისას, კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რამდენიმე საკითხს შეეხო.
მისი შეფასებით, მმართველი პარტიისთვის ამაზე მოსახერხებელი ოპოზიცია არ არსებობს.
„მოსარჩელე მხარე ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, თუმცა ბურთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზეა - საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რა თქმა უნდა, არის საპარლამენტო ოპოზიციაც, თუმცა ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი: ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია, პირდაპირ და სრული გულწრფელობით გეუბნებით, მე არ წარმომიდგენია მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს. ყველაზე მოსახერხებელი ოპოზიციაა, რადგან ჩვენი საზოგადოების თვალში თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან.
ამის დასტური იყო ისიც, რომ როდესაც გახარიას პარტიამ და „ლელომ“ გარე კარნახით მიიღეს მონაწილეობა 2025 წლის არჩევნებში, 2024 წელთან შედარებით, 1 წლის ჭრილში, „ლელოს“ ამომრჩევლის რაოდენობა გაუნახევრდა, ხოლო გახარიას - გაუმესამედდა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შიდა კონკურენციაც კი არ ყოფილა, ხმები მაინც გაუნახევრდათ და გაუმესამედდათ. რატომ მოხდა ეს ერთ წელიწადში? იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან - ისინი არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი და ყველა ეს პარტია თავიდან ბოლომდე ერთი ვერტიკალით იმართება.
შესაბამისად, სუბიექტურად და პრაგმატულად რომ ვთქვათ, ამაზე მოსახერხებელი ოპოზიცია ვერ გეყოლება. რამდენი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, იმდენჯერ მოვუგებთ ძალიან დიდი ანგარიშით. თუმცა, ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და მხოლოდ იმით არ ვხელმძღვანელობთ, რომ მათი არსებობა ჩვენთვის მოსახერხებელია.
მათ საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური შეფასება უკვე მიეცათ, თუმცა აუცილებლად უნდა მიეცეთ სამართლებრივი შეფასებაც. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: ოპოზიციურ ველზე არ უნდა არსებობდნენ აგენტურული და გარედან მართული პარტიები, რომლებიც მხოლოდ უცხოელების დღის წესრიგს ემსახურებიან და მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, თუ რით ასიამოვნონ თავიანთ უცხოელ პატრონებს. ასეთი ძალები არ უნდა არსებობდნენ! როდესაც ასეთი ძალები აღარ იარსებებენ, სწორედ მაშინ მიეცემათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს ძალიან დიდი მოტივაცია, რომ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ლევან მაჭავარიანი - არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიციაფრონტნიუსი · 23:53
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

