მარტა კოსი: 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა სანქციების დაწესებაზე
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და სხვა პირებისთვის სანქციების დაწესებაზე – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
4 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კოსმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში წარადგინა. დისკუსიის დროს პოლონელმა ევროპარლამენტარმა, კშიშტოფ ბრეიზამ, ევროკომისარს საქართველოს ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე ჰკითხა.
ბრეიზას თქმით, ევროპარლამენტი არაერთხელ მოუწოდებდა ევროკავშირს, სანქციები დაეწესებინა იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
„ჩვენ ვიცით მათი სახელები: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მრავალი სხვა, მათ შორის მოსამართლეები, რომლებმაც ადამიანები პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ციხეში გაუშვეს“, – განაცხადა ბრეიზამ.
მან კოსს ჰკითხა, როდის შეიძლება ვიხილოთ ევროკავშირის სანქციების პაკეტი ამ პირების წინააღმდეგ, რა აფერხებს მის მიღებას და რა კეთდება არსებული დაბრკოლების აღმოსაფხვრელად.
ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში შიდა პროპაგანდისთვის გამოიყენეს.
„გუშინ კობახიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. შემდეგ ისინი ამ ვიზიტებს პროპაგანდისთვის იყენებენ და ევროპაში ხანმოკლე ვიზიტსაც კი პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ. ამით საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ჩვენს რეზოლუციებს, საქმიანობასა და კრიტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ბრეიზამ.
მან იკითხა, დააწესებს თუ არა ევროკავშირი ამ პირებისთვის ინდივიდუალურ სავიზო აკრძალვებს.
პასუხად მარტა კოსმა განმარტა, რომ ევროკომისიას სანქციების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს და ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან საბჭოს კომპეტენციაა.
„გეთანხმებით, რომ ამ საკითხზე რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვცადეთ, თუმცა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს უმრავლესობა იმ პირებისთვის სანქციების დაწესების მხარდასაჭერად, რომლებიც თქვენ ახსენეთ და მრავალი სხვა ადამიანისთვისაც“, – განაცხადა კოსმა.
ევროკომისარმა ასევე ისაუბრა საქართველოსთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების პროცესში უკუსვლა აქვს, საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგში.
კოსის განცხადებით, ევროკავშირმა ქართველი წარმომადგენლები სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად არაერთხელ მიიწვია, თუმცა მათგან ჯერჯერობით დადებითი პასუხი არ მიუღია.
„ველოდებით, რომ მთავრობა მაინც გადადგამს ნაბიჯებს იმ მიმართულებებით, სადაც ყველაზე მეტად ზიანდებიან სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეები. თუნდაც ერთი მცირე ცვლილება ან იმ მოთხოვნებთან დაახლოება, რომლებსაც საქართველოსგან ვითხოვთ, ამ მხრივ ნამდვილად დაგვეხმარებოდა“, – განაცხადა ევროკომისარმა.
დღეს გაფართოების ანგარიშის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე არაერთმა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრების სანქციების შესახებ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ამ შინაარსის „განხილვები გაგრძელდება“ და „საქათველოს შესახებ იანვარში უფრო სიღრმისეული განხილვაა“ დაგეგმილი.
„საუბარი ეხებოდა იმ მინისტრებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს… მაშინ ჩვენ არ გვქონდა ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო.
რა თქმა უნდა, ეს განხილვები გრძელდება. იანვარში ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ: როგორ უნდა მივუდგეთ მას და რა შეიძლება, იყოს ყველაზე ეფექტიანი გზა, რათა, ერთი მხრივ, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, ხოლო, მეორე მხრივ, მთავრობას ძალიან მკაფიოდ ვანიშნოთ, რომ ის არასწორი გზით მიდის. ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისივე თქმით, ამჟამად საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან კონფრონტაციის გზას ადგას დემოკრატიული უკუსვლის გამო და „ეს ძალიან, ძალიან მკაფიოა“.


