გიორგი გვაზავა - „ნეგატიური კანონმდებლის“ პირველი ქომაგი საქართველოში
(პუბლიკაცია ეძღვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს)
- კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი 1921 წლის კონსტიტუციაში
საქართველოში კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი პირველად 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში გაცხადდა. ძირითადი კანონის მე-8 და მე-9 მუხლები ამბობს:
„კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. არ შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს კანონი, დეკრეტი, ბრძანება ან განკარგულება, რომელიც კონსტიტუციის დებულებათა და მათი დედა აზრის წინააღმდეგია.
კონსტიტუციის შესრულება და მისი პრინციპების განხორციელება კანონმდებლობასა და მართვა-გამგეობაში სახელმწიფოს ყოველი ხელისუფლების მოვალეობას შეადგენს.
კონსტიტუციის მიღებამდე გამოცემული და გამოქვეყნებული კანონი და დეკრეტი ძალაში რჩება, უკეთუ კონსტიტუციასა და მის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება“.
კონსტიტუციის პროექტში ეს უმნიშვნელოვანესი დამატება პავლე საყვარელიძის („სოციალ-დემოკრატი“) ინიციატივით შევიდა. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 17 მაისის სხდომაზე მის წინადადებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს . თუმცა, პროექტი არ ითვალისწინებდა კონსტიტუციის დაცვის სამართლებრივ გარანტიებს. ამ ხარვეზის შესახებ საყვარელიძემ თავად გაამახვილა ყურადღება საქართველოს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე.
- გიორგი გვაზავა და საკონსტიტუციო კონტროლის იდეის განვითარება საქართველოში
1918-1921 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში დასმული ერთ-ერთი ფუნდამენტური კონცეპტუალური საკითხი იყო ის - თუ რა ფორმით უნდა დაეცვათ კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი („უნდა იქნეს ვინმე მეთვალყურე, რომ ახალმა კანონმა არ დაარღვიოს კონსტიტუციის პრინციპი“ - გიორგი გვაზავა).
პირველ რესპუბლიკაში „ძირითადი კანონის“ კონცეპტისა და საკონსტიტუციო კონტროლის დოქტრინის პირველი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გამავრცელებელი და თანმიმდევრული დამცველი გახლდათ გიორგი გვაზავა. მას ეკავა საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრის თანამდებობები. იგი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის თანაავტორი და მისი ხელმომწერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი იყო. მან საკონსტიტუციო კონტროლზე დადებითი შეხედულებები ჩამოაყალიბა, როგორც საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის სხდომებზე, ასევე იმავე წელს გამოცემულ თავის ნაშრომში: „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“.
თუმცა, საგულისხმოა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურები, პირიქით, საკონსტიტუციო კონტროლის (სასამართლოს) ნაკლოვანებათა ძიებით უფრო იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე მისი დადებითი მხარეებით („სისუსტე და გაუსწორებელი ნაკლი საკონსტიტუციო სასამართლოსი, როგორც კონსტიტუციის განმმარტებელი და უზრუნველმყოფი ინსტიტუტისა“ - ამონარიდი კონსტიტუციის პროექტის თეზისებიდან, 1920 წელი).
გიორგი გვაზავამ ქართულ იურიდიულ ლექსიკაში პირველად გამოიყენა სიტყვათწყობა: „კანონის კონსტიტუციურობა“.
1920 წელს ევროპაში საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ჩამოყალიბებისა და განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის საკონსტიტუციო სასამართლოები 1920 წელს შეიქმნა, მათ პრაქტიკული საქმიანობა მხოლოდ 1921 წელს დაიწყეს. შესაბამისად, გვაზავას კონცეპტი ვერ დაეფუძნებოდა ევროპულ მოდელს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი მსჯელობა უფრო ამერიკის უმაღლესი სასამართლოს წიაღში განვითარებული საკონსტიტუციო კონტროლის პრეცედენტებით იყო ნასაზრდოები, რომელსაც ამ სფეროში საკმაოდ მდიდარი, საუკუნოვანი პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა მიღებული.
- კონსტიტუციის ნორმატიული ბუნება და მისი უზენაესობის გარანტიები
გიორგი გვაზავა კონსტიტუციას მიჯნავს ჩვეულებრივი კანონმდებლობისაგან („კონსტიტუცია განირჩევა უბრალო კანონისაგან“). მისთვის კონსტიტუცია მარტო დეკლარაციული ტექსტი არ ყოფილა. კონსტიტუციის სამართლებრივ მნიშვნელობას განაპირობებს ნორმატიული ძალა და უზენაესობის დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები („მეთვალყურე კონსტიტუციის ხელუხლებლობისა“). გვაზავას აზრით, კონსტიტუცია არ წარმოადგენს უბრალოდ პრინციპთა ნაკრებს (კონსტიტუცია, როგორც ღირებულებათა ნორმატიული წესრიგი). მისი დაცვის კონტროლი უნდა განხორციელდეს მიუკერძოებელი ორგანოს მიერ. ის მხარს უჭერდა საკონსტიტუციო კონტროლის ამერიკული მოდელის შემოღებას - საქართველოს უმაღლესი სასამართლოს - სენატისათვის ამ უფლებამოსილების მინიჭებას, რასაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარმოდგენილი „შესწორების“ ინიციატივაც ადასტურებს, რომლის თანახმად, კონსტიტუციის პროექტში სენატის უფლებამოსილებებს უნდა დამატებოდა პუნქტი: „დაიცვას კონსტიტუცია“. „ჩვენც ამას უნდა მივბაძოთ, რადგან ამისთანა კონტროლი არის უმთავრესი გარანტია თავისუფლებისა“; „ასეთი მეთვალყურე იქნება სენატი“, - მიუთითებდა გიორგი გვაზავა.
ამდენად, გვაზავა აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია არის სახელმწიფოს ძირითადი სამართლებრივი საფუძველი. სწორედ ამ იდეიდან გამომდინარეობს მოთხოვნა კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის აუცილებლობის შესახებ. ეს თეორიული დებულება არსებითად უპირისპირდება პოლიტიკური კონსტიტუციონალიზმის არსს: პარლამენტი შეუზღუდავი სუვერენული ორგანოა და იგი თვითონ წყვეტს, სამართლის ნორმა კონსტიტუციურია თუ არა.
- კონსტიტუციის უზენაესობა და საკანონმდებლო ხელისუფლების შებოჭვა
გიორგი გვაზავას აზრით, საკონსტიტუციო კონტროლის გარეშე კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი დეკლარაციულ ხასიათს ატარებს (საკონსტიტუციო კონტროლი, როგორც ინსტიტუციური გარანტია). კონსტიტუციის რეალური მოქმედება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება კონსტიტუციის მოთხოვნებით არის შებოჭილი, ხოლო ამ მოთხოვნათა დაცვა საკონსტიტუციო კონტროლითაა უზრუნველყოფილი (ამ დროს პარლამენტი „უფრო თავშეკავებულია“).
- კონსტიტუციის პრიმატიდან საკონსტიტუციო კონტროლის აუცილებლობამდე
გვაზავას არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს (კონსტიტუციის პრიმატი, როგორც ნორმატიული სისტემის საფუძველი). თუ კონსტიტუცია წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული ძალის აქტს, მაშინ ქვემდგომი ნორმა უნდა შეფასდეს კონსტიტუციურობის კრიტერიუმით. ამ ლოგიკას თუ მივიღებთ მხედველობაში, საკანონმდებლო აქტი იმ შემთხვევაში იძენს იურიდიულ ძალას, თუ კონსტიტუციის მოთხოვნებს შეესაბამება. ამდენად, საკონსტიტუციო კონტროლი ნორმატიული იერარქიის აუცილებელი ელემენტია.
- ნეიტრალიტეტი როგორც საკონსტიტუციო კონტროლის თვისებრივი საფუძველი
გიორგი გვაზავას მეორე არგუმენტი ეფუძნება ინსტიტუციური ნეიტრალიტეტის პრინციპს. მისთვის სასამართლო წარმოადგენს ისეთ ორგანოს, რომელიც არ ქმნის პოლიტიკას (სასამართლო, როგორც ნეიტრალური არბიტრი). ამ საკითხის მნიშვნელობა იმაშია, რომ პოლიტიკური ორგანოები მოქმედებენ უმრავლესობის ლოგიკით, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო კონტროლი მოითხოვს ობიექტურობას და პოლიტიკისგან დისტანცირებას.
ამგვარად, სასამართლო განიხილება, როგორც „ინსტიტუციური ფილტრი“, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გადაიქცეს კონსტიტუციური წესრიგის საპირისპიროდ.
- საკონსტიტუციო კონტროლი როგორც თავისუფლების დაცვის მექანიზმი
გვაზავას არგუმენტაციის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი უკავშირდება ინდივიდის საპროცესო უფლებას - როგორც მოსარჩელე, დაუპირისპირდეს იმ სამართლებრივ აქტს, რომელიც არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ძირითად უფლებებს („ზღუდავს მის თავისუფლებას ან ემუქრება ამ შეზღუდვით“; „ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს“). ინდივიდი საკონსტიტუციო კონტროლის აქტიური სუბიექტია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სასამართლოში მოითხოვოს კანონის კონსტიტუციურობის შეფასება და ამით დაიცვას „სამოქალაქო თავისუფლება“ („კონსტიტუცია წარმოადგენს თავისუფლების უფლებრივ გარანტიას“).
საკონსტიტუციო კონტროლი იძენს ორმაგ ფუნქციას: ერთი მხრივ, იგი იცავს ნორმატიულ სისტემას; მეორე მხრივ, ინდივიდს ანიჭებს კონსტიტუციური დაცვის პროცესში მონაწილეობის უფლებას. ამ სამი ელემენტის ერთობლიობა ქმნის ერთიან კონსტრუქციას, სადაც კონსტიტუცია არის ნორმატიული იერარქიის მწვერვალი, სასამართლო - მისი დამცველი ინსტიტუციური მექანიზმი, მოქალაქე კი, ამ პროცესის აქტიური მონაწილე.
- ვინ უნდა დაიცვას კონსტიტუცია — სასამართლომ თუ ხალხმა?
გიორგი გვაზავას მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას საქართველოს დამფუძნებელ კრებაში კონცეპტუალურად განსხვავებული შეხედულებები დაუპირისპირეს, განსაკუთრებით „სოციალ-დემოკრატებმა“ (იურიდიული თუ პოლიტიკური კონსტიტუციონალიზმი?). ისინი არგუმენტაციის პროცესში ხშირად იშველიებდნენ სახელმწიფო სუვერენიტეტის კონცეპტსა და ძალაუფლების სახალხო ლეგიტიმაციას.
ამ შეხედულებათა განსხვავებულობა კონცენტრირდება მთავარ კითხვაზე: ვინ უნდა დაიცვას კონსტიტუცია - სასამართლომ თუ ხალხმა რეფერენდუმის მეშვეობით?
- საკონსტიტუციო კონტროლი როგორც კანონმდებლის ჩანაცვლების საფრთხე
გვაზავას ოპონენტთა აზრით, პარლამენტი გამოხატავს ხალხის სუვერენულ ნებას (პარლამენტი, როგორც სუვერენიტეტის უშუალო მატარებელი). შესაბამისად, სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ კანონის შესაძლო გაუქმებას, აღიქვამდნენ, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში ჩარევას. ამიტომ, მათი აზრით, საკონსტიტუციო კონტროლი ქმნის საფრთხეს, რომ მან ჩაანაცვლოს კანონმდებელი.
- საკონსტიტუციო კონტროლი — სამართლებრივი გარანტია თუ სასამართლოს პოლიტიზირების საფრთხე?
მეორე არგუმენტი უკავშირდება ძალაუფლების ბალანსს. სასამართლოს მიერ კანონის გაუქმების უფლებამოსილება შეიცავს მისი პოლიტიზირების რისკს. როდესაც სასამართლო იწყებს აქტების შეფასებას კონსტიტუციურობის ჭრილში („სენატი გახდება პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად“ - რაჟდენ არსენიძე), იგი შედის პოლიტიკურ კონფლიქტში, რადგან კონსტიტუციის ინტერპრეტაცია, თავისთავად, იძენს პოლიტიკურ შინაარსს. შესაბამისად, სასამართლო შეიძლება გადაიქცეს „მეორე საკანონმდებლო ორგანოდ“ („ნეგატიურ კანონმდებლად“), რაც დაარღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.
- კონსტიტუციის დაცვა სასამართლოს მიღმა: პოლიტიკური და დემოკრატიული მექანიზმები
ოპონენტების შემდეგი არგუმენტი ემყარება იმ იდეას, რომ კონსტიტუციის დაცვას პოლიტიკური მექანიზმები უზრუნველყოფს (საკონსტიტუციო კონტროლის ალტერნატიული მოდელები). ამ მოდელში კონსტიტუციური წესრიგი მიიღწევა:
- რეფერენდუმით - პირდაპირი დემოკრატიის ფორმით;
- პარტიული კონკურენციით - პოლიტიკური პასუხისმგებლობის მექანიზმით;
- საზოგადოებრივი აზრის გავლენით - ლეგიტიმაციის არაინსტიტუციური წყაროთი.
- კონსტიტუცია როგორც პოლიტიკური ხელისუფლების ზღვარი
ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც პარლამენტის უზენაესობას აღიარებდნენ, გვაზავას თეორიული კონსტრუქცია ეფუძნება სამართლის უზენაესობის პრინციპს („სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონით, ეს უეჭველია“). კონსტიტუცია წარმოადგენს ნორმატიული სისტემის უმაღლეს საფეხურს. იგი არის უშუალოდ მოქმედი სამართალი, სასამართლო წარმოადგენს მის ინსტიტუციურ დამცველს („დარაჯია კონსტიტუციისა“), ხოლო პოლიტიკური ხელისუფლება შეზღუდულია ნორმატიული იერარქიით (იურიდიული კონსტიტუციონალიზმი).
- პოლიტიკის პრიმატი და სასამართლო კონტროლის უარყოფა
ოპონენტები მიუთითებდნენ, რომ ლეგიტიმაციის საბოლოო წყარო არის პოლიტიკური საზოგადოება (სახალხო სუვერენიტეტი): ხალხის უმაღლესი ავტორიტეტი; პარლამენტი, როგორც ამ ავტორიტეტის პირდაპირი გამომხატველი („სად უნდა იყოს გარანტია კანონმდებლობის დროს კონსტიტუციის დაცვისა? ამის გარანტია არის თვით პარლამენტი“ - გრიგოლ ვეშაპელი); კონსტიტუციის დაცვა, როგორც პოლიტიკური პროცესის შედეგი და არა სამოსამართლო ინტერვენციის ობიექტი. ამ მიდგომის თანახმად, სამართალი გამომდინარეობს პოლიტიკისგან; კონსტიტუცია პოლიტიკური წესრიგის შედეგია.
- საკონსტიტუციო კონტროლი როგორც „იურიდიული კრეტინიზმი“
საქართველოს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის მიერ გიორგი გვაზავას იდეის მიმართ გამოყენებული სიტყვები - „იურიდიული კრეტინიზმი“ - ყველაზე მძაფრი რიტორიკული შეფასებაა და კარგად წარმოაჩენს, თუ რამდენად ღრმა იდეოლოგიურ ხასიათს ატარებდა საკონსტიტუციო კონტროლის საკითხი.
რაჟდენ არსენიძე აკრიტიკებს იმ პოზიციას, რომელსაც გიორგი გვაზავა იცავდა - კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს კანონის კონსტიტუციურობა და, საჭიროების შემთხვევაში, გააუქმოს იგი („სასამართლოს უფლება აქვს, არ გაუწიოს ანგარიში ისეთ კანონს, რომელიც არ ეთანხმება ან არღვევს კონსტიტუციას, და უარყოს იგი“).
- პოლიტიკის შებოჭვა თვით პოლიტიკით
რაჟდენ არსენიძის აზრით, თუ სამართლებრივ ფორმალიზმს მივანიჭებთ უპირატესობას, მაშინ კონსტიტუცია იქნება არა დემოკრატიული ნების გამოხატულება, არამედ სასამართლოს ინტერპრეტაციის შედეგი, რაც, მისი აზრით, დაარღვევს სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს. არსენიძე იცავს პოზიციას, რომ კონსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობა უნდა დაეფუძნოს პოლიტიკურ პროცესს, მაშინ როდესაც გვაზავა კონსტიტუციას მოიაზრებს ნორმატიული იერარქიის სათავეში, რომელიც საჭიროებს ინსტიტუციურ „დამცველს“.
აქ ჩანს დაპირისპირება ორ განსხვავებულ დოქტრინას შორის: ერთი ეჭვით უყურებს სამართლის მეშვეობით პოლიტიკის შეზღუდვას („იურიდიული კონსტიტუციონალიზმი“), ხოლო მეორე - სამართალთან მიმართებით პოლიტიკის დომინანტურ როლს („პოლიტიკური კონსტიტუციონალიზმი“, ანუ პოლიტიკის შებოჭვა თვით პოლიტიკით).
- გიორგი გვაზავას იდეა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის კონტექსტში
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გვაზავას მიერ შემოთავაზებული მოდელი სამართლებრივ რეალობად ვერ იქცა, მისმა იდეებმა და არგუმენტებმა შეინარჩუნა თეორიული ღირებულება. დასმული საკითხები არაერთხელ ყოფილა ფართო სამეცნიერო განხილვის საგანი, რამაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა სიღრმისეულ დისკურსს პოლიტიკური და იურიდიული კონსტიტუციონალიზმის ურთიერთმიმართების შესახებ. ამ საკითხის ძიება დღემდე რჩება საკონსტიტუციო სამართლის ერთ-ერთ კლასიკურ პრობლემად.
საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შესახებ კონცეპტუალური თვალსაწიერი, რომელიც გიორგი გვაზავამ XX საუკუნის 20-იან წლებში წარმოადგინა, არსობრივად ეხმიანება ჯონ მარშალისა და ჰანს კელზენის დოქტრინათა სულისკვეთებას.
გიორგი გვაზავას შეხედულებები წარუშლელ კვალს ტოვებენ ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, როგორც მოწინავე იდეათა პირველი გამოვლინებანი ეროვნულ სამართლებრივ აზროვნებაში.
ბექა ქანთარია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი
უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე, სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი,
სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი
