ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„რაც საქმეს სჭირდება“ - როგორ გააერთიანა საქართველოს ბანკმა მეწარმის საჭიროებები ერთ კამპანიაში | Marketer

საქმის კეთება ყოველდღიური წვრილმანებისგან შედგება. ერთ დღეს ახალი მომხმარებლის მოზიდვაზე ფიქრობ, მეორე დღეს შეიძლება გადახდების მოწესრიგება ან უბრალოდ

„რაც საქმეს სჭირდება“ - როგორ გააერთიანა საქართველოს ბანკმა მეწარმის საჭიროებები ერთ კამპანიაში | Marketer
ფოტო: მარკეტერი

საქმის კეთება ყოველდღიური წვრილმანებისგან შედგება. ერთ დღეს ახალი მომხმარებლის მოზიდვაზე ფიქრობ, მეორე დღეს შეიძლება გადახდების მოწესრიგება ან უბრალოდ რამდენიმე თავისუფალი საათის მოგება იყოს მთავარი საზრუნავი. ეტაპები და გამოწვევები მუდმივად იცვლება, მეწარმის საჭიროება კი მხოლოდ ფინანსებს იშვიათად სცდება – საქმეს ხშირად სწორი ხელსაწყო და საიმედო პარტნიორი უფრო სჭირდება, ვიდრე უბრალოდ რესურსი.

სწორედ ამ ყოველდღიურმა რეალობამ უკარნახა საქართველოს ბანკი ბიზნესს ახალი კამპანიის მთავარი სათქმელი. გუნდმა გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა პროდუქტზე ცალ-ცალკე საუბრის ნაცვლად, ბიზნესს ერთიანი ეკოსისტემა დაახვედროს – ყველაფერი, „რაც საქმეს სჭირდება“. ეს მრავალფეროვნება ვიდეორგოლშიც ორგანულად გადავიდა. სიუჟეტის მთავარი ხაზია სოციალური ქსელების სწრაფი სქროლვის რიტმი, სადაც თითოეული კადრი და დაუსრულებელი ფრაზა ზუსტად იმ გამოწვევას ეხმიანება, რომელსაც მეწარმეები ყოველდღე ხვდებიან. როგორ იქცა ბიზნესის განსხვავებული საჭიროებები ერთიან იდეად და რა სტრატეგია დგას ამ კამპანიის მიღმა – დეტალებზე საქართველოს ბანკის SME ბიზნესის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი ელენე კვირკველია და სააგენტო „სუპერმარკეტის“ ქოფირაითერი გიორგი აბულაძე საუბრობენ.

M: რა დაინახეთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებში ისეთი, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ საქართველოს ბანკის სხვადასხვა პროდუქტი და სერვისი ერთიან გზავნილში გაგეერთიანებინათ?

ელენე კვირკველია: ბიზნესის საჭიროებები გაცილებით ფართოა, ვიდრე მხოლოდ ფინანსურ რესურსზე წვდომა. მეწარმეს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული გამოწვევები აქვს: ბიზნესის დაწყებისას სჭირდება საწყისი ბიძგი, განვითარებისას – დამატებითი რესურსი, ყოველდღიურ საქმიანობაში – დროის დაზოგვა და პროცესების გამარტივება, ახალი შესაძლებლობების გაჩენისას კი – სწრაფი მოქმედების ინსტრუმენტები. სწორედ აქ დავინახეთ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა: მომხმარებელს, ცალკეული პროდუქტების შეთავაზების ნაცვლად, დავხმარებოდით საკუთარი საჭიროებების უკეთ გააზრებასა და შესაბამისი გამოსავლის პოვნაში. გვინდოდა, საქართველოს ბანკის პროდუქტებისა და სერვისების – როგორც ბიზნესის ყოველდღიურობაში აუცილებელი ინსტრუმენტების – ცნობადობა გაგვეზარდა. ამ ხედვამ გააერთიანა სხვადასხვა მიმართულება ერთ კონცეფციაში: „ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“.

M: როგორ იცვლება მეწარმის საჭიროებები და როგორ პასუხობს საქართველოს ბანკის ბიზნესეკოსისტემა ამ ცვლილებებს პრაქტიკაში?

ელენე კვირკველია: ბიზნესის საჭიროებები დინამიკურია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი განვითარების ეტაპზე, საქმიანობის სპეციფიკასა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მეწარმე კონკრეტულ მომენტში დგას.

საქართველოს ბანკის ბიზნესეკოსისტემა სწორედ ამ დინამიკის გათვალისწინებით ვითარდება და აერთიანებს როგორც ფინანსურ პროდუქტებს, ისე ციფრულ ინსტრუმენტებსა და მხარდამჭერ რესურსებს. მაგალითად, Ads მენეჯერი ბიზნესს მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება, ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი ყოველდღიური საბანკო ოპერაციების მართვას ამარტივებს, ბიზნეს მენეჯერი კი გადახდების მართვის შესაძლებლობებს აერთიანებს. ამასთან, ბიზნეს 360° მეწარმეებს ცოდნასა და განვითარების რესურსებს სთავაზობს. ჩვენი მიზანია, ბიზნესს საჭიროების შესაბამისი ინსტრუმენტი სწორედ მაშინ დავახვედროთ, როდესაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.

M: როგორ აქციეთ ბიზნესის მრავალი განსხვავებული საჭიროება ერთიან, მარტივად გასაგებ და დასამახსოვრებელ გზავნილად?

გიორგი აბულაძე: ამ კამპანიისთვის გვინდოდა ისეთი მარტივი და გასაგები გზავნილი გვეპოვა, რომელიც ბიზნესის განსხვავებულ საჭიროებებს გააერთიანებდა და ამავდროულად საშუალებას მოგვცემდა, გვეჩვენებინა, როგორ პასუხობს მათ საქართველოს ბანკი თავისი პროდუქტებითა და სერვისებით.

ასე მივედით ფრაზამდე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც ვიყენებთ და უკვე კარგად გვაქვს გათავისებული. ვფიქრობთ, „რაც საქმეს სჭირდება“ ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც ბანკი მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესებს განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სთავაზობს.

M: როგორ შეძელით ბიზნესის მრავალფეროვანი საჭიროებების წარმოჩენა და ყველა მათგანის ერთ მთავარ იდეაში გაერთიანება?

გიორგი აბულაძე: ვიდეორგოლში წარმოჩენილია საჭიროებები, რომლებიც ბიზნესს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე უჩნდება. მათი საშუალებით ნაჩვენებია როგორც ყოველდღიური გამოწვევები, ისე განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები, რომლებიც „საქართველოს ბანკი ბიზნესის“ შესაბამის პროდუქტებსა და სერვისებს უკავშირდება. შერჩეული ფორმატის საშუალებით კი ეს განსხვავებული თემები ერთ მთავარ იდეაში ბუნებრივად ერთიანდება.

M: ვიდეოში ფრაზები დაუსრულებელია, კადრები კი სწრაფად იცვლება და მაყურებელს პასუხის მოლოდინს უჩენს – როგორ დაგეხმარათ ასეთი გადაწყვეტა კამპანიის სათქმელის გადმოცემაში?

გიორგი აბულაძე: თანამედროვე ციფრულ გარემოში აუდიტორიის ყურადღების მოპოვება და შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ყოველდღიურად იმდენ კონტენტს ვეცნობით, რომ პირველივე წამებში ვწყვეტთ, გავაგრძელოთ თუ არა მისი ყურება.

ამიტომაც ვიდეორგოლის ფორმა სოციალური მედიისთვის დამახასიათებელი სქროლვის მექანიკის მიხედვით შეირჩა. თითოეული სცენა დამოუკიდებელი კონტენტის შთაბეჭდილებას ქმნის, ხოლო ამგვარი თხრობის საშუალებით მუდმივად ნარჩუნდება ინტერესი. საბოლოოდ, ყველა დაუსრულებელი კითხვა თუ წინადადება ერთ პასუხამდე მიდის – რომ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“ ისაა, რაც ჩვენს საქმეს სჭირდება.

M: რის თქმა გსურდათ მომხმარებლებისთვის და როგორ უკავშირდება ეს კამპანია საქართველოს ბანკის ბიზნესმიმართულების გრძელვადიან სტრატეგიას?

ელენე კვირკველია: ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ საქართველოს ბანკში ბიზნესს შეუძლია იპოვოს ყველაფერი, რაც მის საქმიანობას სჭირდება. გვინდა, მეწარმემ ბანკი აღიქვას როგორც პარტნიორი, რომელიც მისი ბიზნესის ყოველდღიურობას იცნობს და სხვადასხვა გამოწვევაზე კონკრეტული ინსტრუმენტებით პასუხობს. ეს მიდგომა სრულად უკავშირდება ჩვენს გრძელვადიან ხედვას – კიდევ უფრო გავაძლიეროთ ერთიანი ეკოსისტემა, სადაც ფინანსური პროდუქტები, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, ცოდნა და მხარდაჭერის შესაძლებლობები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ბიზნესისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის.

M: როგორია მოლოდინი შედეგებთან დაკავშირებით ამ კამპანიის მიმდინარეობისას?

ელენე კვირკველია: ჩვენთვის კამპანიის წარმატება მხოლოდ ცნობადობის ზრდით არ განისაზღვრება. გვინდა, მეწარმეებმა უკეთ დაინახონ კავშირი საკუთარ ყოველდღიურ გამოწვევებსა და ბანკის კონკრეტულ პროდუქტებსა თუ სერვისებს შორის, დაფიქრდნენ საკუთარ საჭიროებებზე და აღმოაჩინონ მათზე მორგებული გადაწყვეტილებები.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჩვენი მიზანია, საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის ასოცირდებოდეს არა მხოლოდ კონკრეტულ პროდუქტთან ან მომსახურებასთან, არამედ პარტნიორთან, რომელიც საქმიანობის ყველა ეტაპზე საჭირო რესურსებითა და შესაძლებლობებით გვერდით უდგას. საბოლოოდ, გვინდა, კამპანიის გზავნილი მომხმარებლისთვის რეალურ გამოცდილებად იქცეს – მან იცოდეს, რომ როდესაც საქმეს რაღაც სჭირდება, პასუხის პოვნა საქართველოს ბანკში შეუძლია.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:14. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ