სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კალაძე: „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია“ - Batumelebi

კახა კალაძე •

კალაძე: „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია“ - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც ცხოველთა უფლებებზე ზრუნავენ, „დასაძინებელია“.

სიტყვას – „დაძინება“ ჩვეულებრივ იყენებენ ძაღლებისა და კატების ევთანაზიის, ანუ მოკვდინების სინონიმად. დედაქალაქის მერმა ეს სიტყვა ადამიანების მისამართით გამოიყენა. 

კალაძემ ეს დღეს, 3 ნოემბერს თქვა ჟურნალისტებთან. მას ჰკითხეს გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ, „ტვ პირველის“ გახმაურებულ სიუჟეტზე – „როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო“, რომლის თანახმადაც ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა თბილისში ძაღლების სასაკლაოები აღმოაჩინეს, არაერთი ორმოთი, რომლებიც მოკლული ძაღლებით იყო სავსე.

ამ სიუჟეტის საპასუხოდ თბილისის მერიამ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს, რადგან აქტივისტებმა „ვანდალური ქმედება“ ჩაიდინეს მოკლული ცხოველებით სავსე ორმოების გახსნით.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ [ცხოველთა მონიტორინგის] სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო.. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. გარწმუნებთ ამაში. სხვა ახლა… რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ. იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურებიან ცხოველების კეთილდღეობას.

ადამიანი, რომელიც იქ იმყოფებოდა [აქტივისტები], როგორ შეიძლება იმ ადამიანების სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში. ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ადამიანები. ყველაზე არ მაქვს საუბარი. რამდენიმე ადამიანი, რომ შეხედავ….“, — განაცხადა კახა კალაძემ. 

ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუსაფარი ძაღლები, რომლებზეც ცხოველთა უფლებადამცველები ზრუნავენ, ქუჩებიდან ქრებიან და მათ, შესაძლოა, მიზანმიმართულად, ფარულად კლავენ, რაც კანონდარღვევაა.

ცხოველთა უფლებადამცველები საუბრობენ არაერთ შემთხვევაზე, რაც ეჭვებს აჩენს, რომ სახელმწიფო შესაძლოა არაჰუმანური, უკანონო გზით ცდილობს გადაჭრას ეს პრობლემა.

ამავე თემაზე:

„როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო“ – TV პირველის ინფორმაციას თბილისის მერია უარყოფს

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 03.11.2026, 20:32. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ