ახალი თამაში წაუკითხავ მეილებს ზომბებად აქცევს | Marketer
წაუკითხავი წერილები საფოსტო ყუთში გროვდება, მათი გადარჩევა კი ხშირად იმ საქმეებს შორის რჩება, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ვდებთ. Uncommon Creative Studio-მ
წაუკითხავი წერილები საფოსტო ყუთში გროვდება, მათი გადარჩევა კი ხშირად იმ საქმეებს შორის რჩება, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ვდებთ. Uncommon Creative Studio-მ და ციფრულმა სტუდია Resn-მა ამ რუტინისთვის ჰელოუინის შესაბამისი ფორმა მოიფიქრეს. მათ შექმნეს „The Unread“, უფასო ბრაუზერული თამაში, რომელიც Gmail-ს უკავშირდება და წაუკითხავ წერილებს ზომბებად აქცევს.
თამაშის პრინციპი მარტივია: მოთამაშე ზომბებს ებრძვის, თითოეული მათგანის განადგურებისას კი შესაბამისი არასასურველი წერილი Gmail-ის სანაგვეში გადადის. ამგვარად, ვირტუალურ ბრძოლას რეალური შედეგიც მოჰყვება. საფოსტო ყუთის გასუფთავება ნეონით განათებულ დერეფნებში, პიქსელურ გარემოსა და სისხლიანი ეფექტების ფონზე მიმდინარეობს.
„The Unread“-ს ორი რეჟიმი აქვს. „Slaughter Mode“ Gmail-თან დაკავშირებას მოითხოვს და თამაშისას წერილებს სანაგვეში გადააქვს. „Voyeur Mode“ კი ელფოსტაზე წვდომის გარეშე მუშაობს და მხოლოდ პირველი დონის გავლის საშუალებას იძლევა. მეორე რეჟიმით თამაშის გამოცდა მათაც შეუძლიათ, ვისაც საკუთარი ანგარიშის დაკავშირება არ სურს.
პროექტის საფუძველი ციფრული გადატვირთვის ნაცნობი გამოცდილებაა. თამაშის გუნდის მიერ მოყვანილი კვლევის მიხედვით, ადამიანს საშუალოდ ათასზე მეტი წაუკითხავი წერილი აქვს, ორკვირიანი შვებულების შემდეგ კი ეს რიცხვი 1200-მდე იზრდება. იმავე მონაცემებით, მიღებული წერილების მხოლოდ 24% მიიჩნევა მნიშვნელოვნად, დანარჩენი 76% კი ნაკლებად პრიორიტეტული ან შეუსაბამოა. მიუხედავად ამისა, მათი გადარჩევა დროსა და ყურადღებას მოითხოვს.
Uncommon-ის თანადამფუძნებლის, ნილს ლეონარდის თქმით, ციფრული ცხოვრების მოსაწესრიგებლად შექმნილი ინსტრუმენტები ხშირად პროცესიდან ემოციის გამორიცხვას ცდილობენ. „The Unread“-ის შემთხვევაში გუნდს სურდა, ეს გამოცდილება სახალისო, აბსურდული და ემოციურად განმტვირთავი ყოფილიყო. პროექტით ისინი ამოწმებენ იდეას, რომ ციფრულ გადატვირთვასთან გამკლავების მოტივაცია თამაშმა, იუმორმა და უშუალო მონაწილეობამაც შეიძლება შექმნას.
Resn-ის აღმასრულებელი დირექტორი რიკ კემპბელი ამ მიდგომას საქმის გადადების ჩვევას უკავშირებს. მოსაწყენი დავალების ნაცვლად თამაშის არჩევა ადამიანებისთვის ნაცნობი ქცევაა. აქ კი გასართობად დახარჯული დრო იმავე დავალების შესრულებას ემსახურება, რომლის გადადებაც გვინდოდა.
„The Unread“ სტუდიების დამოუკიდებელი ინიციატივაა და კონკრეტული კლიენტის დავალებით არ შექმნილა. პროექტი მათ კრეატიულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს პრაქტიკული ფუნქციის მქონე თამაშში აერთიანებს. მისი გამოცდა შესაძლებელია The Unread-ის ვებსაიტზე.

