ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რა მოსდის თქვენს საპენსიო შენატანს? - საპენსიო ფონდი ბლოგს აქვეყნებს

საპენსიო ფონდი ბლოგს აქვეყნებს, სადაც განმარტებულია, რა მოსდის საპენსიო შენატანს.

რა მოსდის თქვენს საპენსიო შენატანს? - საპენსიო ფონდი ბლოგს აქვეყნებს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

საპენსიო ფონდი ბლოგს აქვეყნებს, სადაც განმარტებულია, რა მოსდის საპენსიო შენატანს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საპენსიო ფონდი თანხებს ან სესხის ფორმით განათავსებს და სარგებელს იღებს, ან კომპანიების აქციებში აბანდებს, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ საპენსიო აქტივები შეიძლება განთავსებული იყოს საბანკო დეპოზიტებში, ობლიგაციებში, სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო კომპანიების აქციებში.

“ბევრ მონაწილეს, რომელიც საკუთარ საპენსიო ანგარიშს ამოწმებს და დანაზოგის მოცულობას ხედავს, ბუნებრივად უჩნდება კითხვა: რა გზას გადის საპენსიო შენატანი ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ და როგორ იცვლება დანაზოგის მოცულობა დროთა განმავლობაში? სწორედ ამ საკითხს ეძღვნება საპენსიო ფონდის ბლოგზე გამოქვეყნებული სტატია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ დაგროვებითი და სახელმწიფო პენსია. სახელმწიფო პენსია წარმოადგენს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ გასაცემელს, ხოლო დაგროვებითი პენსია არის პირადი დანაზოგი, რომელიც საპენსიო ანგარიშზე გროვდება და ინვესტირების შედეგად შეიძლება გაიზარდოს. სწორედ ამ დანაზოგზე და მისი მართვის პროცესზეა საუბარი ბლოგში.

ბლოგში მარტივ მაგალითსაც ვხვდებთ: თუ დასაქმებულის ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი 1 000 ლარია, მისი 2%-იანი შენატანი 20 ლარს შეადგენს. ამავე ოდენობის თანხას რიცხავს დამსაქმებელი, ხოლო სახელმწიფო ყოველთვიურად კიდევ 20 ლარს ამატებს, რადგან კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი ხელფასის პირველ 24 000 ლარზე მისი შენატანიც 2%-ია. შედეგად, მონაწილის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად 60 ლარი გროვდება, რაც დასაქმებულის შეტანილი თანხის სამმაგ ოდენობას წარმოადგენს. შემდეგ თანხა გადადის იმ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც მონაწილემ აირჩია ან ავტომატური განაწილების წესით განესაზღვრა. მონაწილეთა დანაზოგები ინვესტირდება და თითოეული ადამიანის თანხა ინდივიდუალურად აღირიცხება.

სტატიაში განმარტებულია, რომ პორტფელი სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო აქტივისგან შედგება. საპენსიო ფონდი თანხებს ან სესხის ფორმით განათავსებს და სარგებელს იღებს, ან კომპანიების აქციებში აბანდებს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ საპენსიო აქტივები შეიძლება განთავსებული იყოს საბანკო დეპოზიტებში, ობლიგაციებში, სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო კომპანიების აქციებში. აქტივების ამგვარი განაწილება დივერსიფიკაციის პრინციპს ეფუძნება, რაც ამცირებს ერთ კონკრეტულ კომპანიაზე, ბანკსა თუ ფინანსურ ინსტრუმენტზე დამოკიდებულებას და რისკების მართვას უწყობს ხელს.

ბლოგში განმარტებულია დაგროვებითი პენსიის გრძელვადიანი მიზანიც: რადგან დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის გროვდება, მისი მართვა წლების განმავლობაში თანხის ზრდაზე, ინფლაციის გავლენის შემცირებასა და მონაწილისთვის საპენსიო ასაკში დამატებითი ფინანსური რესურსის შექმნაზეა ორიენტირებული. საპენსიო ფონდის ბლოგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საპენსიო შენატანი მხოლოდ დაგროვებული თანხა არ არის. ის მუდმივად მუშაობს, ინვესტირდება და გრძელვადიანი ზრდის პოტენციალს ქმნის. მონაწილეებს კი ანგარიშის მეშვეობით შეუძლიათ მუდმივად აკონტროლონ საკუთარი დანაზოგი და დააკვირდნენ, როგორ იცვლება ის საინვესტიციო შედეგების შესაბამისად”, - აცხადებს ფონდი.

ბლოგი განთავსებულია ბმულზე: https://blog.pensions.ge/investment/What-happens-to-my-pension-contribution

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 14:59. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ