მერიაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ვადის კორექტირება სამუშაოების დასრულების ვადას არ შეცვლის
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულების ვადის კორექტირება „ტექნიკური ხასიათის ცვლილება იყო და ეს სამუშაოების დასრულების ვადას არ შეცვლის.“ მისი თქმით, პროცესი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული იყო 100 დღის ვადა, თუმცა პირველ სამუშაოებს, როგორც იცით, ატარებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).
მოგეხსენებათ, მიწის ქვემოთ არსებული ქსელი იყო ამორტიზებული და, რა თქმა უნდა, ეს მათი გასაკეთებელი იყო. ზოგადად, ყველა მსგავს პროექტზე, სადაც ვიწყებთ მასშტაბურ რეაბილიტაციას, GWP მოგვყვება და აწარმოებს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს.
როდესაც ეს სამუშაოები დამთავრდება, შემდეგ უკვე ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შევა სამუშაოებით და დაიწყებს შესაბამის პროექტის განხორციელებას – სანიაღვრე ქსელის მოწყობას და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რაც საგზაო მიმართულებით არის აუცილებელი.
ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული. ეს მანამდეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, მაგრამ კონკრეტული მედიასაშუალებები მაინც ცდილობენ, სიცრუეში შეიყვანონ მოსახლეობა და მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიამ ასევე გაავრცელა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის კომენტარიც.
ირაკლი ბენდელიანი, როგორც კახა კალაძე, დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, „თითქოს თბილისის მერიას რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ოქტომბერში უნდა დაესრულებინა და ეს ვერ მოახერხა.“
ბენდელიანის თქმით, სამუშაოების დასრულების ვადად მერიამ თავიდანვე ნოემბრის ბოლო გამოაცხადა.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბერში. ახლაც ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ის პირობა, რაც ჩვენ მოსახლეობას თავიდანვე მივეცით, ძალაშია და ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ სამუშაოებს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი განმარტებით, გამზირის რეაბილიტაციაზე 10-მდე კომპანია მუშაობს და თუკი რომელიმე მათგანთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, ეს სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადებზე არ აისახება.
რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა 30 დღით გახანგრძლივდა.
თბილისის მერიის მიერ კომპანია „სმარტ სოლუშენსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების ცვლილების მიხედვით, სამ მონაკვეთზე სამუშაოები 2026 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
შეთანხმებების მიხედვით, ძირითადი სამუშაოები 28 ივლისიდან იყო დაგეგმილი და 100 დღეში უნდა დასრულებულიყო.
ცვლილებებით, სამუშაოების დასრულების ვადა თავდაპირველი 100 კალენდარული დღიდან 130 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. სამივე მონაკვეთზე ახალი საბოლოო ვადა 2026 წლის 30 ნოემბერია.
SAY.GE · კორექტირება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

