უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა.
დღეს, 2 ნოემბერს, გამართულ სხდომაზე პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებაზე.
ბიურომ წამყვან კომიტეტად განათლების კომიტეტი განსაზღვრა, სავალდებულო კომიტეტად კი – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.
გასულ პერიოდში საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე პროექტი ორჯერ დახარვეზდა, რის გამოც პროექტის განხილვები ვერ იწყებოდა. ორივე შემთხვევაში, შენიშვნების გამოსასწორებლად, პროექტი ინიციატორებს დაუბრუნდათ.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა მოძრაობა „ხმას” ეკუთვნის. პროექტის განხილვა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივის წესით მოხდება. მოძრაობამ პარლამენტში 37 000-ზე მეტი ხელმოწერა წარადგინა. სწორედ ამ მიზნით გროვდებოდა ხელმოწერებიც. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება.
კანონპროექტი უფასო სასკოლო კვების პროგრამის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო უნდა იყოს, დაბალანსებული საკვებით და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უნდა მოიცვას, განურჩევლად ეკონომიკური მდგომარეობისა.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასკოლო კვების მიზანი არის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა და მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრება.
კანონპროექტის განხილვის შემდეგ ეტაპებს გაივლის:
[…] წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა ბიუროს პროექტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად ➡️ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გადის – განხილვისა და კენჭისყრისთვის ➡️ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის მეორე მოსმენით (მუხლობრივ) განხილვას იწყებს ➡️ საკითხი გადის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მხარდაჭერის შემთხვევაში კი წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას იწყებს (მხოლოდ რედაქციული ცვლილებებისთვის) ➡️ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა პრეზიდენტს.
კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
SAY.GE · გადავიდა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

