Prada-ს ხელით დახატული სადღესასწაულო კამპანია | Marketer
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული რეკლამების ფონზე, Prada-მ 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია სრულიად განსხვავებული მიდგომით შექმნა. ბრენდმა ტრადიციულ,
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული რეკლამების ფონზე, Prada-მ 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია სრულიად განსხვავებული მიდგომით შექმნა. ბრენდმა ტრადიციულ, ხელით შესრულებულ ანიმაციას მიმართა და მაყურებელს ილუსტრაციებით გაცოცხლებული სამყარო შესთავაზა.
კამპანია “Drawing Prada“ ბრენდის ცნობილ სახეებს: Sadie Sink-ს, Maya Hawke-ს, Chen Haoyu-ს, Kelvin Harrison Jr.-სა და Luther Ford-ს ხელით დახატულ ანიმაციურ გარემოში აერთიანებს. თითოეული მათგანი ზამთრის ზღაპრულ სამყაროში ხვდება, სადაც მათ სხვადასხვა ცხოველი და მოულოდნელი თავგადასავალი ელოდებათ.
კამპანიის თითოეული სცენა პატარა ამბავს ჰგავს. Maya Hawke-ს თოვლიან ტყეში მელა მიჰყვება, Kelvin Harrison Jr.-ს ხის უკან ფოცხვერი უთვალთვალებს, Sadie Sink კი აღმოაჩენს, რომ მისი ფეხსაცმლით სამი თაგვი დაინტერესდა და მის წაღებას ცდილობს. სხვა სცენაში Luther Ford-ის ჩანთას ღამურა ეპარება, Chen Haoyu კი თოვლიან, ილუსტრირებულ გარემოში გადაადგილდება.
ამ ისტორიებში Prada-ს კოლექცია უბრალოდ წარმოდგენილი არ არის, ის თავად სიუჟეტის ნაწილია. ცხოველების ინტერესი კონკრეტული ნივთების მიმართ ქმნის პატარა, სახალისო ეპიზოდებს, რომლებშიც პროდუქტი ბუნებრივად ერთვება ამბავში.
ვიზუალური სტილი კლასიკური ანიმაციის ესთეტიკას მოგვაგონებს და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან კამპანიის უკან Disney-ს გამოცდილი ანიმატორები დგანან. ანიმაციის რეჟისორი John Pomeroy-ია, რომელმაც კარიერა Disney-ში 1970-იან წლებში დაიწყო, შემდეგ კი საკუთარი სტუდია დააარსა. ის არის ცნობილი მულტფილმის, Pocahontas-ის შემქმნელიც.
რეალური მსახიობების ფოტოებსა და დახატულ გარემოს შორის ერთიანი ვიზუალური კავშირის შესაქმნელად ფოტოგრაფმა Glen Luchford-მა იზრუნა. განათება და კამერის რაკურსები ისე შეირჩა, რომ მსახიობები ილუსტრირებულ სამყაროში ბუნებრივად ჩანდნენ. შედეგად, ფოტოგრაფია და ანიმაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ელემენტებად კი არ აღიქმება, არამედ ერთიან ვიზუალურ ისტორიას ქმნის.
Prada-ს კამპანია ხელოვნური ინტელექტით გენერირებული რეკლამების ალტერნატივაა და მას Coca-Cola-ს ბოლო წლების სადღესასწაულო კამპანიებს უპირისპირებენ. Coca-Cola-ს ცნობილი “Holidays are coming“ რეკლამა მრავალი წლის განმავლობაში სადღესასწაულო სეზონის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ რეკლამებში AI-გენერირებული ვიზუალური ეფექტები გამოიყენა და ეს მიდგომა თავადაც აქტიურად წარმოაჩინა, რამაც, ხალხის აზრით, კამპანიების ხიბლი შეამცირა.
ეს მიდგომა ბრენდებისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თავისთავად ინოვაციას არ ნიშნავს. ზოგჯერ გამორჩეულობის მისაღწევად სწორედ ტრადიციულ მეთოდებთან დაბრუნება, ადამიანური შემოქმედების დაფასება და ბრენდისთვის ავთენტური ვიზუალური ენის შენარჩუნებაა საჭირო.
SAY.GE · დახატული (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

