ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა
ფოტო: პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა 30 დღით გახანგრძლივდა.

თბილისის მერიის მიერ კომპანია „სმარტ სოლუშენსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების ცვლილების მიხედვით, სამ მონაკვეთზე სამუშაოები 2026 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

ვადის გახანგრძლივების მიზეზებად დასახელებულია გაუთვალისწინებელი გარემოებები, საპროექტო ცვლილებებისა და სამუშაოების მოცულობის გაზრდის საჭიროება, საკომუნიკაციო კომპანიების პარალელური სამუშაოები და უამინდობა.

შეთანხმებებში მითითებულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 1 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით 29 ნალექიანი დღე დაფიქსირდა. დოკუმენტების თანახმად, ნალექი სამუშაოებს უშუალოდ წვიმის დროსაც აფერხებდა და გავლენას მომდევნო დღეებზეც ახდენდა.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე, კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, პროცესში გამოვლინდა რიგი ფაქტორები, რამაც საპროექტო გადაწყვეტებში ცვლილებებისა და შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობის ზრდის აუცილებლობა გამოიწვია.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ობიექტზე ქსელების რეაბილიტაციას ახორციელებდა (და ნაწილი კვლავ ახორციელებს) არაერთი კომპანია, რაც შემსრულებელს ერთიანი სამუშაოს შესრულების საშუალებას უზღუდავდა

სამუშაოებს შპს „სმარტ სოლუშენს“ ასრულებს. კომპანიასთან თბილისის მერიამ სამი შეთანხმება გააფორმა, რომლებიც რუსთაველის გამზირის სხვადასხვა მონაკვეთს ეხება:

  • ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“;
  • „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე;
  • ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.

შეთანხმებების მიხედვით, ძირითადი სამუშაოები კი 28 ივლისიდან იყო დაგეგმილი და 100 დღეში უნდა დასრულებულიყო.

ცვლილებებით, სამუშაოების დასრულების ვადა თავდაპირველი 100 კალენდარული დღიდან 130 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. სამივე მონაკვეთზე ახალი საბოლოო ვადა 2026 წლის 30 ნოემბერია.

ამასთან, კომპანიას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადის გაზრდა და განახლებული გარანტიის 2026 წლის 9 ნოემბრამდე წარდგენა დაევალა.

გარანტია 2027 წლის 29 იანვრამდე უნდა მოქმედებდეს. დოკუმენტების თანახმად, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვს.

ცვლილებებით, ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 2030 წლის 28 თებერვლამდე განისაზღვრა.

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი” კიდევ ექვსჯერ დააჯარიმა, ექვსივე ჯარიმა დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოების ვადაგადაცილებით მიმდინარეობასთან, რომელიც მერიის მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლინდა. საჯარიმო წერილის თანახმად, სამუშაოები, რომლებიც 20 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, 22 ოქტომბერსაც დასასრულებელი იყო, ხოლო სამუშაოები, რომლებიც 10 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, 23 ოქტომბერსაც დასასრულებელი იყო.

აქამდე კომპანია 12-ჯერ იყო დაჯარიმებული, ყველა ჯარიმა დაკისრებული იყო სამუშაოების უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, ახლა დაკისრებული ახალი ჯარიმები კი ეხება უშუალოდ შესრულებული სამუშაოების ვადაგადაცილებას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში ერთ თვესაც აღწევს.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 02.11.2026, 14:18. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ