უკრაინასა და რუსეთში საგანგებო შეტყობინებების აპლიკაციებზე კიბერშეტევა განხორციელდა
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
უკრაინასა და რუსეთში საგანგებო შეტყობინებების აპლიკაციებზე კიბერშეტევების შესახებ განაცხადეს. უკრაინაში საჰაერო განგაშის აპლიკაციით მოსახლეობას ცრუ შეტყობინებები მიეწოდებოდა, რუსეთში კი კიბერშეტევა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მობილურ აპლიკაციაზე განხორციელდა.
პარალელურად, მხარეები ერთმანეთს დრონებით უტევდნენ. უკრაინული დრონების სამიზნე რუსეთის სამარას ოლქში მდებარე ნავთობის ინფრასტრუქტურა გახდა, რუსეთმა კი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყა.
კიბერშეტევები და ცრუ შეტყობინებები ბირთვული საფრთხის შესახებ
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 1 ნოემბერს ქვეყნის საჰაერო განგაშის ოფიციალური აპლიკაცია გატეხეს. მომხმარებლებმა მიიღეს ცრუ შეტყობინებები კიევსა და სხვა რეგიონებში ბირთვული და ქიმიური საფრთხეების, ქუჩებში საბრძოლო მოქმედებებისა და რუსული ჰიპერბგერითი რაკეტის, „ორეშნიკის“, შესაძლო გამოყენების შესახებ.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რადიაციული საფრთხე არ არსებობდა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაცია დროებით გაითიშა, თუმცა საჰაერო განგაშის სირენები და მოსახლეობის გაფრთხილების სხვა არხები მუშაობას განაგრძობდა.
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა კიბერშეტევაში რუსეთი დაადანაშაულა.
2 ნოემბერს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომაც განაცხადა, რომ მის მობილურ აპლიკაციაზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც მომხმარებლებს ცრუ ინფორმაცია მიეწოდებოდათ. სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, უწყება აპლიკაციის მუშაობის აღდგენას ცდილობდა.
რუსეთის მხარეს თავდასხმის სავარაუდო წყარო არ დაუსახელებია. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს უკრაინასა და რუსეთში მომხდარი კიბერშეტევები.
უკრაინამ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას შეუტია
2 ნოემბრის დილით გავრცელებული ცნობებით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სამარას ოლქში, დასახლება პროსვეტის მახლობლად მდებარე ნავთობის სატრანსპორტო ობიექტს დაარტყეს.
უკრაინული მედიისა და მონიტორინგის არხების ინფორმაციით, სამიზნე სამარას ნავთობის ხაზოვანი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური იყო. შეტევის შემდეგ ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ეს დარტყმა მოჰყვა 1 ნოემბრის შეტევას ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში. რეგიონის გუბერნატორის, გლებ ნიკიტინის განცხადებით, კსტოვოს რაიონში უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად სამრეწველო ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა. უკრაინული მედიის ცნობით, სამიზნე, შესაძლოა, ყოფილიყო „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას დაზიანებული ობიექტის დასახელება არ დაუზუსტებია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დაადასტურა როსტოვის ოლქში მდებარე კამენსკის საწარმოზე თავდასხმა. უკრაინული მხარის განცხადებით, საწარმო სარაკეტო წარმოებისთვის საჭირო მასალებს აწარმოებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 1 ნოემბრის ღამეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 235 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის დარტყმების სამიზნე დნიპროპეტროვსკის, ვინიცის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკული ობიექტები გახდა. დაზიანდა ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ასიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა 1 ნოემბრის დილისთვის დასრულებულ საანგარიშო პერიოდში უკრაინის მიმართულებით 433 შორი მოქმედების დრონი გაუშვა. უკრაინული მხარის ცნობით, მათგან 371 ჩამოაგდეს ან ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გაანეიტრალეს.
რუსეთის დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა დასავლეთ უკრაინის ტერნოპოლის ოლქშიც. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის თავდასხმების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება ზამთრის მოახლოების ფონზე.
SAY.GE · შეტყობინებების (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
