შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ძაღლების სამარხიდან გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

ძაღლების სამარხიდან გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური
ფოტო: პუბლიკა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო „TV პირველისა“ და ცხოველთა დამცველების მიერ გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, „მიზანმიმართულ კამპანია შეიცავს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას“. სააგენტოს განცხადებით, სამარხების თვითნებური გახსნა უკანონოა და ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.

„აღნიშნული დეზინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხოველთა სამარხთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას.

„სამარხების თვითნებური გახსნა, ცხოველთა ნეშტების ამოყრა, მათი გადაადგილება და მსგავსი ქმედებები არამხოლოდ უკანონოა, მსგავსი ჩარევა არღვევს სანიტარიულ უსაფრთხოებას, ქმნის ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აზიანებს გარემოს. მოქალაქეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სამარხების გათხრის პროცესში, საჭიროა გაიარონ სამედიცინო შემოწმება, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო. 

საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება.

აღნიშნული ინფორმაცია არასოდეს ყოფილა დამალული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ. პირიქით, სააგენტოს საქმიანობისა და ცხოველთა მართვის შესაბამისი პროცესების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს მას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.

მათივე თქმით, ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები სწორედ ის პირები, რომლებმაც საზოგადოებაში დაძაბულობის და პანიკის დათესვის მიზნით, „ჩაიდინეს უკანონობა და გადათხარეს დაღუპულ ცხოველთა სამარხები. ამ ადამიანებს თავადაც არაერთხელ უსარგებლიათ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სერვისით, რათა დაემარხათ მათივე გარდაცვლილი ცხოველები“. 

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია.  

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სამარხების თვითნებური გახსნისგან, ნეშტების ამოყრისგან, გადაადგილებისა და ნებისმიერი მსგავსი ქმედებისგან. 

ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ასევე, თხოვნით მივმართავთ საზოგადოებას, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არ მიიღოთ მონაწილეობა სახიფათო თვითნებურ ქმედებებში და დაეყრდნით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, – აცხადებს უწყება.

ცხოველთა დამცველები პეტიციას ავრცელებენ და პროკურატურას მოუწოდებენ, „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება. „მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში ჩანს, სავარაუდოდ ველის სასაფლაოზე როგორ მარხავენ ძაღლებს.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 31.10.2026, 21:34. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ