შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მასშტაბური ნარკოდანაშაული: შსს-მ ორი პირი დააკავა, უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შსს-მ და საბაჟო დეპარტამენტმა 2 პირი დააკავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ბრალდებით. მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მასშტაბური ნარკოდანაშაული: შსს-მ ორი პირი დააკავა, უვადო პატიმრობა ემუქრებათ
ფოტო: ლიბერალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მხილების ფაქტზე ორი პირი დააკავა. ბრალდებულებს ნარკოტიკის შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვის მცდელობა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ ბრალად.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც უცხოეთიდან მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განხორციელდა. ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი დაახლოებით 200 კაფსულა.

მეორე ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ხელბარგის შემოწმებისას პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკული საშუალებები – „მეთადონი“ და „ბუპრენორფინი“, რაც ასევე ნივთმტკიცებად დაერთო საქმეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს და ითვალისწინებს სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

Ლ
წყარო ლიბერალი · liberali.ge გამოქვეყნდა 31.10.2026, 07:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ