რა ხდებოდა „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვის მე-8 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში - რეპორტაჟი - Batumelebi
ოპოზიციის აკრძალვა • საკონსტიტუციო სასამართლო • სამართალი •
დღეს, 30 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვა გაგრძელდა. თავდაპირველად მოხსენება გიორგი სიორიძემ დაასრულა – „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შემდეგ კი, სასამართლოს თავისი პოზიცია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ გააცნო.
სხდომაზე ორივეს დაუპირისპირდა „ოცნების“ პარლამენტარი, არჩილ გორდულაძე.
„სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებელ ეკლესიაზე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია,“ – ამ განცხადებით დღევანდელ სხდომაზე მოხსენება შეაწყვეტინა გიორგი სიორიძეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.
მანამდე გიორგი სიორიძემ სუს-ის 2024 წლის ანგარიშიდან წაიკითხა კონკრეტული ჩანაწერი, სადაც საუბარია „ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკის საფრთხეზე“.
„ოცნების“ შეფასებით, ოპოზიცია რუსეთის გაღიზიანებას ცდილობს, როცა სუს-ის ანგარიშიც კი, პირდაპირ მიუთითებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე:
„მართლა გგონიათ, რომ რუსეთის გრუ-ს სძინავს და სუს-ის საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს ვერ კითხულობს?… ამ საკითხებით უნდა იყოს კიდეც სუსი დაინტერესებული, ნაცვლად სასულიერო პირების, „ოცნების“ ოპონენტების და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალისა,“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
„ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები… დაანებოს თავი ამ ტყუილების გამეორებას,“ – ამ ნაწილში შეაწყვეტინა გამოსვლა გიორგი სიორიძეს არჩილ გორდულაძემ. მან თქვა, ტყუილია, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენსო.
„გაღიზიანებას ვერ ვატყობ. ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო,“ – თქვა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, თუმცა მაინც არჩია „ოცნების“ რეპლიკა გაეთვალისწინებინა და გიორგი სიორიძეს მიმართა:
„რაც შეეხება ბრალდებებს, ბატონო გიორგი, შეეცადეთ იყო კორექტული. ამა თუ იმ ფაქტზე თქვენი შეფასებებისგან შეიკავეთ თავი. რაც არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებებით დადასტურებული, ასეთი მითითებებისგან თავი შეიკავეთ,“ – აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
„გადაწყვეტილებებში“ მან სასამართლოს გადაწყვეტილებები იგულისხმა, თუმცა როგორ იარსებებს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გამოძიება, მაგალითად, გასაჯაროებულ „სუს-ის ფაილებს“ არ გამოიძიებს?
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე „სუს-ის ფაილების საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და „ოცნების“ დამფუძნებელმა, მანანა კობახიძემაც ისაუბრა. კერძოდ, მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის შემდეგ საგამოძიებო უწყებას 2022 წელს მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. კობახიძე პროკურატურაში გამოიკითხა. „დაკითხული ვარ პროკურატურაში, დიახ. ჩემი ინიციატივით მივმართე [საგამოძიებო უწყებას] და, რამდენადაც მახსოვს, დაზარალებულის სტატუსი მოვითხოვე“, — განაცხადა მანანა კობახიძემ 2022 წელს. სავარაუდოდ, სუს-იდან 2021 წელს გაჟონილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბრები მოხვდა პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობდა.
„ეს იყო საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რაზეც სასულიერო პირებიც საუბრობდნენ. კრებსები არაერთხელ გამოსულა. ეს მართლა ხდებოდა,“ – მოსამართლე რევაზ ნადარაიას მიმართა გიორგი სიორიძემ.
„ისეთ რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაც თემას არ ეხება,“ – დისკუსია დაასრულა რევაზ ნადარაიამ.
შესვენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნასთან ბერდია სიჭინავა მივიდა, პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.
ბერდია სიჭინავამ, პირველ რიგში, ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე ისაუბრა.
2019 წელს, როცა შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო მოეწყო. „ოცნება“ ახლა აცხადებს, რომ საგუშაგოს მოწყობის შესახებ გახარიამ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რამაც საოკუპაციო რეჟიმი გააღიზიანა და მცოცავი ოკუპაციის შედეგად საქართველომ დამატებით ტერიტორიაზე დაკარგა კონტროლი.
ბერდია სიჭინავას თქმით, საგუშაგოს შექმნით, პირიქით, სოფელი ჩორჩანა ოკუპაციას გადარჩა:
„…საგუშაგოს მოწყობამდე იყო მცოცავი ოკუპაციის დამადასტურებელი ნიშნები. ამას ადასტურებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ევროკავშირის მისიამ ბორდერიზაციის შემდგომ გაჩენილ ახალ ნიშნებზე ისაუბრა… იქ დაფიქსირდა ახალი მონიშვნები, არსებული მავთულხლართები გადმოწიეს და მათ კონტროლქვეშ მოაქციეს წყლის სათავე ნაგებობა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გეგმავდნენ დამატებით 1800 ჰექტარზე შემოსვლას და ჩორჩანას თავიდან ბოლომდე ოკუპაციას, მაგრამ მშვიდობიანად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ამას გადავურჩით… შემდგომი ოკუპაცია შეჩერდა ამ ტერიტორიის,“ – თქვა ბერდია სიჭინავამ და მერე მოსამართლეებს გიორგი გახარიას ბრალდების ფორმულირება გააცნო: ისე მიიღო გადაწყვეტილება გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაურეკეს სუს-ს და იქიდან გაიგო სუსმაო.
ბერდია სიჭინავამ მოვლენების ქრონოლოგიას გაუსვა ხაზი – ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის შემდეგ „ოცნებამ“ გიორგი გახარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჯერ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ჩაწერა, შემდეგ კი, მის გაპრემიერებას დაუჭირა მხარი.
„გახარიას მაშინ არ გამიჯვნია არც ივანიშვილი და არც მისი გუნდი. გახსოვთ ივანიშვილი რას ამბობდა? „რას ერჩით გახარიას, რატომ უნდა გადადგესო?“ – „ოცნების“ დეპუტატებს გადახედა ბერდია სიჭინავამ და დასძინა, გახარიამ რომ ოპოზიციაში გადავიდა, მერე გახდა თურმე ქვეყნის დამაქცევარიო.
ივანიშვილის ფრაზის გახსენებაზე დარბაზში ჩაიცინეს. სხდომას დღეს „გახარია საქართველოს“ ბევრი მხარდამჭერი ესწრებოდა.
„ოცნების“ სარჩელის მიხედვით, გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება – ჩორჩანაში საგუშაგო მოეწყოთ, მიმართული იყო ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ:
„მაგრამ ამ მუხლით არ აქვს წარდგენილი ბრალი გახარიას. მას ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას…
გახარიამ დადო ვინმესთან ხელშეკრულება, შეცვალა სახელმწიფო ტერიტორიის საზღვარი? რა განზრახვა ამოძრავებდა გახარიას?“ – ისევ „ოცნების“ დეპუტატებს გამოხედა ბერდია სიჭინავამ.
„პროკურატურა ამ დანაშაულს გახარიას ვერ ედავება [ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა] და პარტია რატომ არ ემიჯნებაო… ჩორჩანა არ არის მხოლოდ პარტიის საკითხი. ეს არის ეროვნული ინტერესების საკითხი. საოკუპაციო ხაზს აქეთ, კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა თურმე არის დანაშაული, რადგან ამან ვიღაცის გაღიზიანება არ გამოიწვიოს“ – თქვა მან.
გახარიას წინააღმდეგ „ოცნებას“ კიდევ ერთი საქმე აქვს – „20 ივნისი“.
ამ ნაწილში „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დასაწყისშივე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე გააკეთა აქცენტი, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე შს მინისტრს, ანუ გახარიას და მის მოადგილეებს, ბრძანება არ გაუციათ.
„გახარიას ედავებიან აქციაზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას. ეს მეორე სისხლის სამართლის საქმეა გახარიას წინააღმდეგ,“ – თქვა ბერდია სიჭინავამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ 121-ტომიან საქმეს მხოლოდ 40 ფურცელი დაემატა ამ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
„ჩემკენ მითითებას თავი დაანებეთ,“ – გაღიზიანება დაეტყო არჩილ გორდულაძეს და ფეხზე წამოდგა – „ევროსასამართლომ ის ჩაწერა, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს დამნაშავე პირების მიერ ჩადენილ ქმედებები….“
„რომელი კანონის, რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეუბნებით ამას? …ქალთან ქცევა თქვენ არ იცით, კაცთან, პარლამენტში და ეკლესიაში…“ – შეეპასუხა მას ბერდია სიჭინავა.
„ზრდილობას მოუხმეთ, თავი დაიწყნარეთ,“ – წამოიძახა ამჯერად არჩილ გორდულაძემ.
ბერდია სიჭინავამ დასძინა, რომ პარტიას გახარიასთან გამიჯვნას სთხოვენ 20 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო, მაგრამ ამ დროს ჯერ განაჩენი სასამართლოს არ გამოუტანია, შესაბამისად, გახარია დამნაშავედ არავის მიუჩნევია „20 ივნისის საქმეზე“:
„თავად „ოცნება“ როდის გაემიჯნა გახარიას 20 ივნისის გამო? 2025 წელს, როცა გახარიას ბრალი წარუდგინეს?“ – ირონია დაეტყო ბერდია სიჭინავას.
გახარიას წინააღმდეგ „ოცნების“ მორიგი კონსტიტუციური ბრალდება პრემიერის პოსტის დატოვებაა. „ოცნების“ მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება გახარიამ ენმ-თან თანამშრომლობის გამო მიიღო:
„გადატრიალება და დამხობა თუ უნდოდა გახარიას, რასაც „ოცნება“ გვაბრალებს, თანამდებობიდან რატომ გადადგებოდა მაშინ? თანამდებობიდან გადადგომა არის კონსტიტუციით განსაზღვრული ქმედება და ამას ასაღებენ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვად,“ – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
„ოცნების“ სარჩელის მიხედვით, საეჭვო იყო ის ამბავიც, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც ოპოზიციამ ჯამურად არჩევნები „ოცნებას“ მოუგო, გახარიას პარტიამ და ენმ-ს წარმომადგენლებმა ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭირეს მხარი:
„ასე ბიუჯეტს ჩვენც ვუჭერთ მხარს საკრებულოებში, რომ კრიზისი არ შეიქმნას. რა გამოდის: „ოცნებასთან“ კოალიციაში ვართ?“ – მიმართა სიჭინავამ პლენუმს.
ბერდია სიჭინავას თქმით, 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმაც“ არ ნიშნავდა იმას, რომ „ყველა ერთ აზრზეა“. ამის დასტურად სიჭინავამ საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიაზე გახარიას დასწრება დაასახელა – მაშინ, გახარიასგან განსხვავებით, წინააღმდეგობის მონაწილე სხვა პარტიებმა ჩათვალეს, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიაზე არ უნდა გამოცხადებულიყვნენ.
„ეს პლატფორმა იყო საჭირო იყო კოორდინაციისთვის… ამ დროს ადამიანებს სვამდნენ მიკროავტობუსებში, სცემდნენ, „მარადიორობდნენ“, ოქროს ნივთებს ართმევდნენ, კონკრეტული ისტორიებია… ჟურნალისტებს როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, ყველამ ვნახეთ,“ – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
„მაინც ყველაზე დიდი ფეიკი ამ სარჩელში არის ჩვენი პარტიის 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირება… 4 ოქტომბრის გამართვამდე ჰქონდა ინტერვიუ გახარიას, რაც მტკიცებულების სახით წარმოგიდგინეთ. იმ ინტერვიუში გახარია ამ აქციას „ოცნების“ და სუს-ის სპეციალურ ღონისძიებას, ავანტიურას უწოდებდა. მაშინ ირაკლი კობახიძეც ამბობდა: ოპოზიციას სიურპრიზს ვუმზადებთო, ანუ იყო ამის ნიშნები,“ – დასძინა ბერდია სიჭინავამ.
გახარიას პარტიის წარმომადგენლის მოხსენების მოსმენით „ოპოზიციის გაუქმების საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში ახსნა-განმარტების ეტაპი დასრულდა.
9 ნოემბრიდან მხარეები უკვე ერთმანეთს დაუსვამენ შეკითხვებს.
პოლიტიკოსებს კითხვებს დაუსვამენ მოსამართლეებიც.
ამავე თემაზე:
„ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღე
„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა
მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“
ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან


