პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

იტალიელი სენატორი ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და სხვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

იტალიის სენატის სხდომაზე, დემოკრატიული პარტიის (PD) სენატორმა ფილიპო სენსიმ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. მან იტალიის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს „შემრიგებლური“ დიპლომატიური შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან და კატეგორიულად მოითხოვოს ოპოზიციური პარტია „დროას“…

იტალიელი სენატორი ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და სხვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს
ფოტო: ნეტგაზეთი

29.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

იტალიის სენატის სხდომაზე, დემოკრატიული პარტიის (PD) სენატორმა ფილიპო სენსიმ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა.

მან იტალიის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს „შემრიგებლური“ დიპლომატიური შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან და კატეგორიულად მოითხოვოს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

საკუთარ გამოსვლაში, სენსიმ ვრცლად ისაუბრა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. მისი თქმით, საქართველოს რეჟიმმა ოპოზიციონერი ლიდერი გამოგონილი მიზეზით წელიწადნახევრიანი პატიმრობით დასაჯა, ციხეში კი მისი ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება.

„დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ ის სამედიცინო დაწესებულებაში ინვალიდის ეტლით, მოკლე თმით, ძალიან დაღლილი იერით. თუმცა, მაინც პოულობს ძალას დაიყვიროს, რომ გაუძლებს და იბრძოლებს ბოლომდე, შემდეგ კი გამარჯვების ნიშნად თითებს აღმართავს და წინააღმდეგობის ნიშნად მუშტს კრავს,“ — განაცხადა იტალიელმა სენატორმა.

გამოსვლისას ფილიპო სენსიმ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს. მან აღნიშნა, რომ უკვე 700 დღეა, რაც ახალგაზრდები თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ. სენატორმა ასევე გაამახვილა ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის უწყებები მთავარი ოპოზიციური პარტიების გაუქმებას გეგმავენ, რაც რეჟიმისთვის სასურველ შედეგს წარმოადგენს.

იტალიელმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა იტალიის მთავრობის ამჟამინდელი პოზიციაც. მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო ევროპელებს “შემრიგებლურ” სახეს აჩვენებს და იტალიის მთავრობაშიც პოულობს დიალოგისა და თანამშრომლობის სივრცეს, ეს ყველაფერი ასობით დაპატიმრებული ადამიანის თავისუფლების ფასად ხდება.

„რასაც ვითხოვ, არის ის, რომ ჩვენმა მთავრობამ, დიპლომატიური შეხვედრების გამართვის ნაცვლად, მტკიცედ მოითხოვოს ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც ციხეში საკუთარი იდეების გამო იმყოფებიან იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც საქართველოსთვის ბელარუსული სცენარი აქვს გამიზნული,“ — დასძინა სენსიმ.

სიტყვის დასასრულს იტალიელმა დეპუტატმა სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ მომიტინგეებს, რომლებიც ქუჩაში წინააღმდეგობას განაგრძობენ და ელენე ხოშტარია შეუდრეკლობის მაგალითად მოიყვანა.

გამოსვლა ფილიპო სენსიმ ქართული სიტყვით — „გაუმარჯოს!“ — დაასრულა.

ფილიპო სენსი არის იტალიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი, იტალიის სენატის წევრი (წარმოადგენს მემარცხენე-ცენტრისტულ „დემოკრატიულ პარტიას“). სენსის წარსულში უმუშავია იტალიის პრემიერ-მინისტრების, მატეო რენცისა და პაოლო ჯენტილონის პრესსპიკერად.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: დათო ქოქოშვილი · გამოქვეყნდა 29.10.2026, 22:31. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ