პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მრჩევლები, უცხოეთი მყოფი თანამშრომლები, დაუსაბუთებელი პრემიები - რას წერს აუდიტი - Batumelebi

აუდიტი • სახელმწიფო ქონება • ხელფასები •

მრჩევლები, უცხოეთი მყოფი თანამშრომლები, დაუსაბუთებელი პრემიები - რას წერს აუდიტი - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

მრჩევლები და საზღვარგარეთ მყოფი ზოგიერთი თანამშრომელი გარკვეულ სახელმწიფო კომპანიებში ხელფასებს არამართლზომიერად, ანუ უკანონოდ იღებდნენ. ორ წელში, მარტო 33 მრჩეველ-კონსულტანტზე ხელფასის სახით ჯამში 2 116 864 ლარი გაიცა. ამავე კომპანიებში დარღვევები იყო საწვავის ხარჯვასა და სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობაშიც.

სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა ანგარიშები, რომლებშიც 2023-2024 წლებში სახელმწიფო საწარმოებში გამოვლენილ დარღვევებსა და ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

მრჩევლისა და კონსულტანტის თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა ხელფასებთან დაკავშირებით აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია:

„სს „საქართველოს რკინიგზაში“ ვერ იქნა წარმოდგენილი 2023-2024 წლებში საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული სხდომების შესაბამისი ოქმები, რომლითაც დადასტურდებოდა საკონსულტაციო საბჭოს მიერ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.

2023-2024 წლებში, სულ საბჭოს 8 წევრსა და აღმასრულებელ მდივანზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული იყო 383 841 ლარი. რკინიგზის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ 16 მრჩეველ-კონსულტანტზე, რომლებზეც 2023-2024 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 1 046 164 ლარი, ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია კომპანიის საქმიანობაში ჩართულობასა და შესრულებულ სამუშაოებზე.

11 მათგანზე არ იყო შემუშავებული სამუშაო აღწერილობები, რითაც განისაზღვრებოდა მრჩეველ-კონსულტანტების კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები.

6 მრჩეველ- კონსულტანტი 2023-2024 წლებში, სხვადასხვა პერიოდში 157 დღით იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი მივლინების, შვებულებით სარგებლობის და სხვა შესაფერისი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული პერიოდი მათ ჩაეთვალათ ნამუშევრად“.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებულ 4 მრჩეველთან და ერთ კონსულტანტთან დაკავშირებით, რომლებზეც ორი წლის განმავლობაში
შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 413 121 ლარი, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათ ფუნქცია-მოვალეობებზე, ასევე კომპანიის საქმიანობაში ჩართულობასა და შესრულებულ სამუშაოებზე.

საგულისხმოა, რომ 4 მრჩეველი 2023-2024 წლებში, სხვადასხვა პერიოდში 34 დღით იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი მივლინების, შვებულებით სარგებლობის და სხვა შესაფერისი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული პერიოდი მათ ჩაეთვალათ ნამუშევრად.

შპს „საქართველოს ფოსტაში“ კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული 9 თანამშრომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დეტალური აღწერილობები არ იყო შედგენილი. სამ მრჩეველთან დაკავშირებით, რომლებზეც 2023-2024 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 273 738 ლარი, ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია კომპანიის საქმიანობაში ჩართულობასა და შესრულებულ სამუშაოებზე.

ორი მრჩეველი 2023-2024 წლებში, სხვადასხვა პერიოდში 107 დღით იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი მივლინების, შვებულებით სარგებლობის და სხვა შესაფერისი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული პერიოდი მათ ჩაეთვალათ ნამუშევრად.

მიღებული განმარტებით, მრჩევლის პოზიციებზე დასაქმებული პირები არაპერმანენტულ რეჟიმში უწევდნენ დაწესებულების ხელმძღვანელობას კონსულტაციებს შესაბამისი სფეროში. ასეთ კონსულტაციებს შესაძლოა ჰქონოდა დისტანციური ხასიათი, რაც არ მოითხოვდა მრჩევლის მიერ სამუშაო ადგილას გამოცხადებისა და სტანდარტული რეჟიმით მუშაობის საჭიროებას, თუმცა აღნიშნული არ იყო დარეგულირებული შრომითი ხელშეკრულებებით“.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ რწმუნება 2023-2024 წლებში სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ 33 თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 2 116 864 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობით 2025 წლის 25 ივნისიდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა“ – წერს აუდიტი.

აუდიტის სამსახურმა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების 2023-2024 წლების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2026 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

„საქართველოს რკინიგზაში“, „საქართველოს ფოსტაში“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, ასევე „საქაერონავიგაციასა“ და „აეროპორტების გაერთიანებაში“ სახელმწიფო აუდიტმა გამოავლინა შემთხვევები, როცა ამ სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლები შვებულების და მივლინების გარეშე იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, თუმცა ამ პერიოდში ჩვეულებრივ აღებული აქვთ ხელფასიც.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით აღნიშნული ხუთი კომპანიის ჯამში 27 თანამშრომელი 2023-2024 წლებში ჯამში 1 329 სამუშაო დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. ამ დღეებში კი მათ ხელფასის სახით ჯამში 137 429 ლარი აქვთ მიღებული.

წყარო: აუდიტის ანგარიში

ანგარიშის მიხედვით „საქართველოს ფოსტაში“ „ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ 5 კალენდარულ დღეს ფიქსირდებოდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მითითებული იყო ჩანაწერი – „არ გამოცხადება“. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება ამ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 159 145 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე“.

ამასთან, „შემოწმებულ არცერთ საწარმოში არ იყო შიდა წესებით დარეგულირებული, რა შემთხვევებში მიიღებოდა პირი სამსახურში კონკურსით, თუ უკონკურსოდ“ – წერს აუდიტი.

პრემიების და დანამატების დასაბუთების ნაკლოვანებები

აუდიტი ასევე წერს, რომ „შემოწმებულ არცერთ საწარმოში არ იყო დანერგილი თანამშრომელთა შეფასების სისტემა და შესრულებული სამუშაოსთვის მხოლოდ ცალკეული თანამშრომლის პრემირება ხდებოდა, რაც ვერ უზრუნველყოფს წახალისების საკმარის გამჭვირვალობას“.

ანგარიშის მიხედვით:

„საქაერონავიგაციაში“ 2023-2024 წლებში კომპანიის 853 თანამშრომელზე 3 768 850 ლარის პრემია გაიცა სადღესასწაულო დღეებთან და სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიულ დღესთან დაკავშირებით.

კომპანიის გენერალური დირექტორის ინიციატივით, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობისათვის 75 თანამშრომელზე გაცემულ 1 456 850 ლარის პრემიასთან დაკავშირებით კი ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თუ რა განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუშაო შეასრულეს დასაქმებულებმა სანიმუშოდ თუ შეზღუდულ ვადებში.

„საქართველოს ფოსტაში“ იგივე წლებში 3 036 316 ლარის პრემია გაცემული იყო საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით და ჯილდოს გაცემის საფუძველს არ წარმოადგენდა თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები.

ფოსტაში, 2023-2024 წლებში, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით დანამატის სახით ასევე გაცემული იყო 171 000 ლარი, თუმცა ასეთი სახით დანამატის გაცემა შინაგანაწესით არ იყო გათვალისწინებული.

კომპანიის გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანებებით თანამშრომელთა მიერ ნაყოფიერი მუშაობისთვის დანამატის გაცემისას, ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებული იქნებოდა თანამშრომლის მიერ შესრულებული კონკრეტული სამუშაო. სულ ასეთი სახით კომპანიის 9 თანამშრომელზე გაცემული იყო 111 725 ლარის დამატებითი ანაზღაურება.

ფოსტაში იგივე წლებში 49 თანამშრომელს ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათებისთვის აუნაზღაურდათ 181 695 ლარი, უშუალო ხელმძღვანელის შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი ნამუშევარი საათების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

„აეროპორტების გაერთიანებაში“ 2023-2024 წლებში პრემიის სახით გაიცა 3 890 000 ლარი, საიდანაც 3 561 055 (92%) ლარის პრემია არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან პრემიის გაცემის საფუძვლებში არ იყო მითითებული კონკრეტული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოები, რაც საქმიანობაში დამკვიდრებულ არაერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითებს.

აეროპორტების გაერთიანებაში გენერალური დირექტორის მიერ 2023- 2024 წლებში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი 66 საათისთვის გაცემული 5 297 ლარის დამატებითი ანაზღაურება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

„საქართველოს რკინიგზაში“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ზოგიერთ თანამშრომელს, დაკისრებული მოვალეობებისა და ამოცანების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე შესრულების მიზნით, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანიშნული ჰქონდა ყოველთვიური დანამატი, 375 ლარის ოდენობით, თუმცა მათ მიერ შესრულებული საქმიანობის შედეგების შეფასება არ ხდებოდა.

შედეგად, დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების საკმარის გამჭვირვალობას. სულ ორი წლის განმავლობაში ასეთი სახით 147 თანამშრომელზე გაიცა 999 000 ლარის დანამატი.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ 2023-2024 წლებში ავტობუსის მძღოლების უმრავლესობა კვირაში მუშაობდა 48 საათზე მეტს. აუდიტით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მძღოლების სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა 12 საათზე ნაკლებს შეადგენდა.

შედეგად, კომპანიის მიერ არ იყო დაცული დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობისთვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, რაც ზრდის შრომის და მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს.

საგულისხმოა, რომ 48 საათს ზევით ზეგანაკვეთური სამუშაო კომპანიის მიერ ანაზღაურდებოდა საათობრივი ხელფასის 25%-ით გაზრდილი ოდენობით. 2023-2024 წლებში გაზრდილი სატარიფო განაკვეთის სახით გაწეულმა ხარჯმა 2 907 166 ლარი შეადგინა.

დასაქმების ოპტიმალური ორგანიზების შემთხვევაში, კომპანიას შესაძლოა ჰქონოდა საშუალება, დაეზოგა ფინანსური რესურსები“.

აუდიტის ანგარიშში საუბარია ასევე აღნიშნულ სახელმწიფო კომპანიებში მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილებით სარგებლობასა და საწვავის ხარჯებთან დაკავშირებულ დარღვევებზე.

მაგალითად:

„2023-2024 წლებში ფოსტაში არ იყო დამტკიცებული თითოეული ავტომანქანის სარგებლობის ფორმა. აეროპორტების გაერთიანებაში 16 ავტომანქანის ფუნქციური განაწილება გენერალური დირექტორის შესაბამის ბრძანებებში არ იყო მითითებული, თუმცა 2025 წელს აღნიშნული ხარვეზი გამოსწორდა.

ფოსტასა და რკინიგზაში განპიროვნებული ავტომანქანებით სარგებლობდნენ ისეთი პირები, რომელთაც მთავრობის დადგენილების მიხედვით თანამდებობრივად განპიროვნებული ავტომანქანა არ ეკუთვნოდათ.

რკინიგზაში, ფოსტაში, აეროპორტების გაერთიანებასა და საქაერონავიგაციაში საერთო სამორიგეო ავტომანქანების გამოყოფაზე მოთხოვნები არ იყო დოკუმენტირებული, რაც ზრდის ავტოპარკის კონტროლის და, შესაბამისად, საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს“ – წერს აუდიტი.

რაც შეეხება სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“, ანგარიში აუდიტს ცალკე აქვს გამოქვეყნებული. ამ ანგარიშის მიხედვით აქტივების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩევლებს ხელფასებში 913 ათასი ლარი გადაუხადეს 2 წელში, მაშინ როდესაც ეს წლები კომპანიამ 17-მილიონიანი ზარალით დაასრულა.

იმ წლებში, როცა კომპანიას დიდი ზარალი მიადგა, „განსაკუთრებული როლის შესრულებისთვის“ კომპანიის თანამშრომლებზე გაიცა ფულადი ჯილდოც – ჯამში 1,58 მილიონი ლარი.

ამ თემაზე ვრცლად:

სახელმწიფო შპს-ში, რომელმაც 17 მლნ იზარალა, მრჩევლებს 913 ათასი ლარი გადაუხადეს – აუდიტი

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: თედო ჯორბენაძე · გამოქვეყნდა 29.10.2026, 19:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ