Columbia გადარჩენის უნარების სანაცვლოდ ბუნკერს ათამაშებს | Marketer
აპოკალიფსისთვის კერძო ბუნკერებით მომზადება ტექნოლოგიურ მილიარდერებს განსაკუთრებით უყვართ. Columbia Sportswear-ის ახალ კამპანიაში გადარჩენის შანსს ბუნებაში
აპოკალიფსისთვის კერძო ბუნკერებით მომზადება ტექნოლოგიურ მილიარდერებს განსაკუთრებით უყვართ. Columbia Sportswear-ის ახალ კამპანიაში გადარჩენის შანსს ბუნებაში თავგადასავლების მოყვარულებიც იღებენ: ბრენდი სრულად აღჭურვილ თავშესაფარს ათამაშებს, რომლის მოსაგებადაც მონაწილეებმა საკუთარი უნარები უნდა აჩვენონ.
სააგენტო adam&eve\TBWA-სთან ერთად შექმნილი „Don’t Panic Room“ Columbia-ს ირონიულ სარეკლამო სტილს აგრძელებს. ბრენდი თავის ეკიპირებას ხშირად განზრახ აბსურდულ გარემოებებში აჩვენებს. ამჯერად კამპანია ტექნოლოგიური ელიტის კატასტროფისთვის მზადებას დასცინის და ამავე სცენარში ჩვეულებრივ ადამიანებს რთავს, რომლებსაც ღია ცის ქვეშ თავის გატანის გამოცდილება აქვთ.
სარეკლამო ფილმის მთავარი სახე Columbia-ს აღმასრულებელი დირექტორი ტიმ ბოილია. ის მაყურებელს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისკენ მოუწოდებს და აჩვენებს, როგორ შეიძლება გამოადგეთ ბრენდის პროდუქცია მაშინ, როცა მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდება. ვიდეო ბენჯი ვაინსტაინმა გადაიღო, წარმოებაზე კი Smuggler-მა იმუშავა. ტიმ ბოილი Columbia-ს წინა კამპანიებშიც მონაწილეობდა, მათ შორის, გასულ წელს ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევრებისთვის განკუთვნილ მიმართვაში.
მთავარი პრიზი დაახლოებით 12 მეტრი სიგრძისა და 2,4 მეტრი სიგანის გადაკეთებული სატვირთო კონტეინერია. გარე ინფრასტრუქტურისგან დამოუკიდებლად გამოსაყენებელ თავშესაფარში მოწყობილია სამზარეულო, სააბაზანო და ორსართულიანი საწოლი. მასში ასევე ინახება გადარჩენისთვის საჭირო მარაგები და Columbia-ს ეკიპირება. კომპლექტს რობოტი ძაღლი, სახელად როკიც, ემატება.
კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო დეტალი ქილებში მოთავსებული დუტის ქურთუკებია. მათ „Canned Heat“, ანუ „დაკონსერვებული სითბო“ უწოდეს და საგანგებო შემთხვევისთვის გასახსნელ მარაგად წარმოადგინეს. ქურთუკები Columbia-ს Omni-Heat Infinity ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომელიც სხეულის სითბოს არეკვლას ემსახურება. ამგვარად, ბუნკერის ირგვლივ აგებული ხუმრობა პროდუქტის კონკრეტულ ფუნქციასაც უკავშირდება.

adam&eve\TBWA-ს მთავარი კრეატიული დირექტორის, ენტ ნელსონის თქმით, „Don’t Panic Room“ ბრენდის პლატფორმას, „Engineered For Whatever“-ს გამოხატავს. კამპანია Columbia-სთვის დამახასიათებელ გამომგონებლობას, იუმორსა და თავგადასავლების სიყვარულს აერთიანებს, თან პროდუქციის შესაძლებლობების საჩვენებლად უჩვეულო გარემოს ქმნის.
კამპანია სოციალურ მედიაში, The New York Times-ის ბეჭდურ რეკლამასა და სილიკონის ველის ბილბორდებზე გავრცელდა. კონკურსში მონაწილეობა ნოემბრის ბოლომდეა შესაძლებელი: მსურველებმა ბუნებაში გადარჩენის უნარების ამსახველი ვიდეო Instagram-ის ან Columbia-ს ვებსაიტის საშუალებით უნდა წარადგინონ.
SAY.GE · უნარები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


