თეიმურაზ პაპასქირი - „ქართული ოცნება“ დაკავშირებადობის შესახებ შეხვედრაზე ელჩს არ უშვებს, რადგან ლეგიტიმაცია უნდა - რაც შეეხება 28 ნოემბრის შემდეგ ტაქტიკას, ამას ვიხილავთ, ხალხის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, თუმცა ტაქტიკა მხოლოდ ამაზე არ იქნება აგებული
მთავარი ოპონენტების გაუქმების გადაწყვეტილება, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით ძვირად დაუჯდება,
მთავარი ოპონენტების გაუქმების გადაწყვეტილება, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით ძვირად დაუჯდება, ვიდრე ნებისმიერი ნაბიჯი დასჯდომია აქამდე - ამ პროცესით საზოგადოება ხედავს „ქართული ოცნების“ უსუსურობას და არა ძალას, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეიმურაზ პაპასქირმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, „საზოგადოებამ ნახა, რა სისულელეზე მიმდინარეობს სინამდვილეში მსჯელობა და ამ კვირაში ამას კიდევ უფრო კარგად დაინახავს“.
„ეს სარჩელი არ არსებობს სამართლებრივი კუთხით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აბდაუბდა დაწერილი, რომელიც თუ რომელიმე პარტიას მიესადაგება საქართველოში და შეიძლება მისი აკრძალვის საფუძველი გახდეს, ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნება“. სამწუხაროდ, ჩვენთან სამართლებრივ კუთხეს მნიშვნელობა არ აქვს. ერთი კარგი რამაა ის, რომ ტელემაყურებელი თავად ნახავს, რაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ნახავს რამდენად უსუსურია სინამდვილეში „ქართული ოცნების“ პოზიციები ამ სიტუაციაში და შესაბამისად, ერთადერთი ეს იქნება. დანარჩენი სამართლებრივი პროცესი ეს არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი და მისი შედეგი წინასწარაა ცნობილი. ვინც რაც არ უნდა ილაპარაკოს, ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო წინა კვირაში ვისთან ერთად ზეიმობდა თავის იუბილეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ წინასწარ არის განაჩენი დაწერილი.
ამ პროცესით საზოგადოება ხედავს „ქართული ოცნების“ უსუსურობას და არა ძალას. ეს აშკარად ჩანს ყველა ნიშნულით. თვითონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი, ვინც არიან დარჩენილები, მათაც არ მოსწონთ ეს პროცესი და ცალსახად არ ჰგონიათ, რომ „ქართული ოცნება“ კარგად გამოიყურება ამ სიტუაციაში. თუ გვინდა, რომ სტრასბურგში გადავიდეს ამ საკითხის განხილვა, მაშინ რეალურად მტკიცებულებები პარტიებს უნდა წარმოედგინათ. ერთადერთი მიზეზი სწორედ ესაა და ასევე, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რა სისულელეზე მიმდინარეობს სინამდვილეში მსჯელობა და ამ კვირაში კიდევ უფრო კარგად ნახავს. ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ ჩვენი კითხვებიცა და პასუხებიც“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.
ამასთან, მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებითაც და კითხვაზე, რამდენად შეიძლება „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადებოდეს, პაპასქირის თქმით, „არაფერია გამორიცხული“.
„მთავარ მიზანს „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწია, მისი ლეგიტიმურობა არაა აღიარებული. ახლა ვითარება საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გაურთულდებათ, აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, ევროკავშირთან მათი ურთიერთობები კიდევ უფრო მძიმე გახდება. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს, რადგანაც არჩევნები არის დასაბრუნებელი. ნორმალური არჩევნები როდესაც გამოცხადდება, შესაბამისი კანონმდებლობაც იმ მომენტში იქნება. ნორმალური არჩევნები ქვეყანაში ამ კანონმდებლობით ფიზიკურად ვერ ჩატარდება. ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც ამ არჩევნებში შევა, ჩათვალოს, რომ შედის ბელარუსისა და რუსეთის ტიპის არჩევნებში.
მთავარი ოპონენტების გაუქმების გადაწყვეტილება, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით ძვირად დაუჯდება, ვიდრე ნებისმიერი ნაბიჯი დასჯდომია აქამდე. ერთადერთი პარტია, რომელიც რუსეთის პოზიციიდან გამოდის ამ შემთხვევაში, ეს არის ქართული ოცნება“. ტყუილად ცდილობენ უკრაინასა და მოლდოვაზე შედარებას. პარტიები იკრძალება მაშინ, როდესაც ესა თუ ის პარტია ეწინააღმდეგება ქვეყნის არსებობას“, - განაცხადა პაპასქირმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომ „ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლის მიუხედავად, საქართველო დაკავშირებადების დღის წესრიგის ნაწილად რჩება, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება 16 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე მიიწვიეს, თუმცა ოფიციალური თბილისისგან გამოხმაურება არ მიუღიათ”. კითხვაზე: რა მიზეზის გამო შეიძლება “ქართული ოცნება” არ უშვებდეს საქართველოს ელჩს ბრიუსელში, უსაფრთხოებისა და დაკავშირებადების საკითხზე დაგეგმილ შეხვედრაზე, ელჩის მიწვევის მიუხედავად, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” მისი ლეგიტიმაციის აღიარება სურს.
“ლეგიტიმაცია უნდა, არათუ ევროკავშირის წევრებთან საჯარო დებატები. ამით ვერაფერს დაამტკიცებს კობახიძე, „ევრონიუსზე“ ჟურნალისტებთან საუბარში გამოჩნდა, რამდენად დაბანკროტებულია მისი პოზიცია და არგუმენტი არ გააჩნია საკუთარი ქმედებების გასამართლებლად. ჟურნალისტებთან ვერ გაძლო და წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოჩნდება, როცა ევროკავშირის წარმომადგენლები დაუსხდებიან და პირდაპირ ჩამოუთვლიან ყველა იმ დანაშაულს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩადენილი აქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე.
„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი არჩევანი გააკეთა და გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ და ამის შედეგებს ის იწვნევს მალე. რამდენ ხანს გაძლებს „ქართული ოცნება“ ამ რეჟიმში, როგორშიც ახლა არის? - ბუნებრივია, მას მოუწევს დათმობების გაკეთება და საბოლოოდ, მოუწევს ნორმალური არჩევების ჩანიშვნა. ასევე, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ნორმალურ არჩევნებს „ქართული ოცნება“ სასტიკად წააგებს“, - განაცხადა პაპასქირმა.
ამასთან მან „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ერთიანობა არის მთავარი“.
„ჯერ არ ვიმსჯელოთ იმაზე თუ როგორი იქნება 28 ნოემბრის შემდეგ ტაქტიკა, რადგან ამას ვიხილავთ. ხალხის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, თუმცა თვითონ ტაქტიკა მხოლოდ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე არ იქნება, ამას ვიხილავთ. წინასწარ არ გვინდა „ქართული ოცნების“ გაფრთხილება. ერთიანობა არის მთავარი. ეს პირობები მძიმეა, მაგრამ უარესს პირობებში დამარცხებულან რეჟიმები, როცა თავისთვის უკეთესი პირობები ჰქონდათ“,- განაცხადა პაპასქირმა.
კითხვაზე: შესაძლოა თუ არა, რომ 28 ნოემბრის აქციაზე პოლიტიკოსებმა გააჟღერონ სამოქმედო გეგმა, პაპასქირმა აღნიშნა: „დაველოდოთ 28 ნოემბერს“.
SAY.GE · თეიმურაზ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

