ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გახარიას ფრაქცია „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

გახარიას ფრაქცია „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს წარადგენს
ფოტო: პუბლიკა

გახარიას ფრაქციას სისხლის სამართლის კოდექსში „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული დანაშაულის ცალკე მუხლებად გამოყოფის ინიციატივა აქვს.

სოფო ხორგუანის განცხადებით, „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით დანაშაულმა ქვეყანას ბოლო წლებში დიდი ზიანი მიაყენა და სწორედ ამიტომ მოითხოვენ, სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს დამატებით მუხლი – 180-ე პრიმა მუხლი, ასევე 211-ე პრიმა მუხლი და შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საპროცესო კოდექსშიც.

„ეს დანაშაული უნდა იყოს ცალკე გამოყოფილი, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ამ ბოლო წლების განმავლობაში „ქოლცენტრების“ და ზოგადად ციფრული საშუალებების გამოყენებით, ასევე სოციალური ქსელების გამოყენებით ძალიან ბევრი თაღლითობა ხდება.

განსაკუთრებით ამაზრზენი და ამორალური დანაშაული არის „ქოლცენტრების“ საქმიანობა. საქმიანობა, რომელიც ძარცვავს მოხუცებს, ხანდაზმულებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სახვა ქვეყნებშიც. ტრანსნაციონალური დანაშაულის სახე მიიღო ამან და ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს.

ჩვენ ჩვენი ახალგაზრდები უნდა გადავარჩინოთ. გადავარჩინოთ იმისგან, რომ ამ ამორალურ საქმიანობაში არ ჩაერთონ. ძალიან ბევრმა მათგანმა შეიძლება არც იცის, რომ ეს საქმიანობა არის ძალიან მძიმე დანაშაული და იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავალში თავი შეიკავონ ასეთ საქმიანობაში ჩართვისგან, მნიშვნელოვანია, რომ ცალკე მუხლი არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსში“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

მან მოუწოდა უმრავლესობას, თუ მათ რეალურად უნდათ „ქოლცენტრების“ საქმიანობის დასრულება, მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს.

„არა მხოლოდ ამ საქმიანობაში ჩართულები, არამედ ორგანიზატორები, ისინი, ვინც გადმოიბირებენ და ჩართავენ ახალგაზრდებს ამ საქმეში, ხელშემწყობები, მფარველები, ყველანი უნდა იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნობილი. ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ თითქოს, „ქოლ-ცენტრებს“ ებრძვის. ჩვენ მოვისმინეთ ბერა ივანიშვილის განცხადებაც, რომ ის აპირებს უჩივლოს იმათ, ვინც აბრალებს „ქოლ-ცენტრების“ მფარველობას. თუ მათ რეალურად უნდათ „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის დასრულება, მაშინ კეთილი ინებონ და მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა ხორგუანმა.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 09.11.2026, 13:40. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ