სასწრაფო ინფორმაცია ყველა კომპანიისთვის - მნიშვნელოვანი სიახლე
2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა ყველა კომპანიისთვის, რათა მათ შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ზოდელავას განცხადებით, იმ მეწარმეებს, რომლებმაც 2026 წლის პირველ აპრილამდე არ გაიარეს ხელახალი რეგისტრაცია, შეუჩერდათ სტატუსი, თუმცა შეჩერებული სტატუსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს კომპანიის გაუქმებას.
სტატუსშეჩერებული ბიზნესსუბიექტები ვერ ახერხებენ ამონაწერის მიღებას, არ აქვთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ვერ ახორციელებენ საგადასახადო ტრანზაქციებს და ა.შ. იმისთვის, რომ მათ ყველა ამ სერვისზე წვდომა აღუდგეთ, საჭიროა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები.
“მეწარმეებს ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად 2027 წლის პირველ იანვრამდე აქვთ ვადა. თუმცა, თუ ამ დროისთვისაც არ გაივლიან რეგისტრაციას, 2027 წლის პირველ იანვარს მათ გაეგზავნებათ შეტყობინებები და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2027 წლის პირველ აპრილამდე, მიეცემათ ვადა ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად. 2027 წლის პირველ აპრილს გაუქმდება ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელსაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი. სახელმწიფოს კი ექნება აქტუალური და სანდო მონაცემები ყველა იმ მეწარმის შესახებ, რომელიც აქტიურად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“.

