შოიგუ: საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების გატარება დაიწყო
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ „პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება“ აღკვეთა.
„საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება დაიწყო“, – თქვა შოიგუმ დსთ-ის წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. შოიგუმ ხაზი გაუსვა „3+3“ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლების მნიშვნელობას.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს ვუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“-ის მუშაობის განახლება“, – თქვა შოიგუმ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუაცია უმჯობესდება და „სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება და რეგიონში მშვიდობის ფაქტობრივი დამყარება შედეგებს იძლევა“.
„3+3“ ფორმატის იდეა თავდაპირველად 2020 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჰეპ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანში, თავის კოლეგასთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გააჟღერა ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ.
ფორმატი გულისხმობს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმას „თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.
რუსეთის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ „3+3“ ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა, მეორე – 2023 წლის 23 ოქტომბერს ირანის დედაქალაქ თეირანში. საქართველო არცერთ მათგანს არ დასწრებია.


