კვირა, 8 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„7 კაცთან ჰყვები, როგორ გაუპატიურებდნენ“ - მსხვერპლი ქალების გამოცდილება პოლიციის განყოფილებებში - Batumelebi

გაუპატიურება • პოლიცია • სექსუალური ძალადობა • შსს •

„7 კაცთან ჰყვები, როგორ გაუპატიურებდნენ“ - მსხვერპლი ქალების გამოცდილება პოლიციის განყოფილებებში - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

„7 კაცი იჯდა და თავიდან მაყოლებდნენ ხოლმე… ჰყვები როგორ გაუპატიურებდნენ 7 კაცში, არ არის მარტივი, არც მოსაყოლად, არც მოსასმენად, ძალიან ცუდი რაღაცაა“, – ასე იხსენებს 17 წლის გოგო საკუთარ გამოცდილებას პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებს გაუპატიურების შესახებ შეატყობინა.

ეს არის ამონარიდი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის, „საფარის“ კვლევიდან, რომელმაც შეისწავლა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოცდილებები მართლმსაჯულების სფეროში. ანუ, ის, რა გზას გადიან ქალები ძალადობიდან სასამართლოს განაჩენამდე.

აღმოჩნდა, რომ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა და, ზოგადად, პოლიციელებთან კომუნიკაცია ძალადობის მსხვერპლი ზოგიერთი ქალისთვის საკმაოდ სტრესული გამოცდილებაა. განსაკუთრებით მძიმეა ის პრაქტიკა, როცა ქალებს ძალადობის შესახებ საკუთარი გამოცდილების დეტალურად მოყოლა არაერთხელ, სხვადასხვა ადამიანთან უწევთ.

ფსიქოლოგების შეფასებით, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მომხდარის დეტალურად გახსენება განმეორებითი ტრავმის წყარო შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით, თუ მას ამბის მოყოლა არაკეთილგანწყობილ გარემოში უწევს.

„ერთ-ერთი რესპონდენტი დეტალურად იხსენებს, თუ რამდენ ადამიანთან მოუწია კომუნიკაცია: ჯერ გასაუბრება მოუწია მისაღებში, როგორც თვითონ მოიხსენიებს, „ადმინისტრატორთან“. კიდევ ერთ ადამიანს ესაუბრა 5 წუთის ლოდინის შემდეგ. შემდეგ ესაუბრა გამომძიებელს დაახლოებით 20 წუთი, რომელმაც აცნობა, რომ პოლიციის სხვა განყოფილებაში უნდა გადასულიყო, რადგან სხვა ტერიტორიას ეკუთვნოდა გამოძიება.

ის პოლიციის მანქანითვე გადაიყვანეს სხვა განყოფილებაში. მსხვერპლი იხსენებს, რომ მანქანაში ის სვამდა შეკითხვებს, მაგრამ ყველა შეკითხვაზე პასუხი იყო „არ ვიცი“. ახალ განყოფილებაში ჯერ ესაუბრა განყოფილების უფროსს, შემდეგ – ერთ გამომძიებელს, შემდეგ მოვიდა მეორე, მთავარი გამომძიებელიც.

მეორე დღეს, საქმეში ჩაერთო კიდევ ერთი გამომძიებელი, ამჯერად ქალი. სწორედ ამ ქალ გამომძიებელს იხსენიებს რესპონდენტი ყველაზე დადებითად, ხოლო სამმართველოს უფროსს იხსენიებს ნეგატიურად და ახასიათებს აგრესიულად, რომელიც მას საყვედურობდა, რადგან გაუპატიურება გადახდა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში მონაწილე ქალებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უფრო კომფორტულია ქალ გამომძიებელთან კომუნიკაცია, ვიდრე კაცთან.

ტრავმის ხელახალი განცდის გარდა, მომხდარის შესახებ ბევრ პოლიციელთან კომუნიკაცია სხვა რისკებსაც ქმნის. ამის შესახებ ის იურისტები საუბრობენ, რომლებიც „საფარის“ კვლევაში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ თუ განყოფილებაში მისვლის შემდეგ ქალს სხვადასხვა პოლიციელთან ფრაგმენტულად უწევს საუბარი, შესაძლოა მან „უბრალოდ აღარ ჩათვალოს საჭიროდ გამომძიებელს უთხრას ის, რაც მაგალითად, რომელიმე დანაყოფის უფროსს უთხრა. შეიძლება, მან აღიქვას, რომ… თუ სხვასთან დააფიქსირა, ესეც იქნება ოფიციალურად მონიშნული“.

უნდობლობა და პასიურ-აგრესიული დამოკიდებულება პოლიციელების მხრიდან არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ამახვილებენ ყურადღებას.

„რესპონდენტები აღნიშნავენ სამმართველოს უფროსებისა და მათი მოადგილეებისგან ყვირილის და შეუსაბამო ტონით კომუნიკაციას. ერთ-ერთი მსხვერპლი რესპონდენტი იხსენებს ასეთ ფრაზასაც: „ახლა შენი დრო არ მაქვს, ეს უნდა დაწერო, გინდა დაწერე, გინდა არა…“.

მსხვერპლი რესპონდენტები ამბობენ, რომ მათ სურთ, პოლიციაში შესულებმა თავი დაცულად იგრძნონ, თუმცა, ამას საერთოდ ვერ უზრუნველყოფს პოლიციელთა დამოკიდებულება. ეს გამოიხატება არა მხოლოდ უსიამოვნო და სტერეოტიპული შეკითხვების დასმით, არამედ არასასურველი ჟესტებით, მიმიკებით და უადგილო ხუმრობებით პოლიციელების მხრიდან“, – წერია კვლევაში.

კვლევაში, გარდა უშალოდ ძალადობაგამოვლილი ქალებისა, მონაწილეობდნენ იურისტები და ფსიქოლოგები, რომლებსაც ამ ტრავმების მქონე ქალებთან მუშობის გამოცდილება აქვთ. ისინი იხსენებენ შემთხვევებს, როცა პოლიციელები  ქალებს „პრობლემურ“ კითხვებს უსვამენ.

„იურისტი ექსპერტის თქმით, პრაქტიკაში გვხვდება ისეთი დამადანაშაულებელი შეკითხვები, როგორიცაა გაუპატიურებისას „განიცადა თუ არა სიამოვნება მსხვერპლმა“.

ზოგჯერ, პოლიციელები აქცენტს აკეთებენ მსხვერპლის გარეგნობაზე, მის ინსტაგრამ გვერდზე განთავსებულ ფოტოებზე.

თუ ქალი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, არაადეკვატურ კომენტარებს აკეთებენ ქალის აღქმის უნარზე.

ექსპერტის თქმით, პოლიციის ასეთი დამოკიდებულება მსხვერპლზე ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს და ზოგჯერ, „მას სურვილი აღარ აქვს, რომ ჩვენება მისცეს სასამართლოში“, – ვკითხულობთ კვლევაში.

  • კონფიდენციალურობის დაცვა

სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალებისთვის მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის დაცვა. შესაძლოა, მათმა ნაწილმა იმის შიშით არ მიმართოს პოლიციას, რომ მომხდარის შესახებ მისი ოჯახის წევრები, თანამშრომლები და სხვა ახლობელი ადამიანები გაიგებენ.

მიუხედავად იმისა, კონფიდენციალურობას კანონი იცავს, კვლევაში მონაწილე ქალებს ნაწილს სხვანაირი გამოცდილებაც აქვს. მაგალითად, ერთი ახალგაზრდა მსხვერპლი ქალი ჰყვება:

„იმ გამომძიებელმა ისეთი რაღაც გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა: ჩემი ჩვენება წააკითხა მამაჩემს… იყო რაღაცები, რაც მინდოდა, რომ არ გაეგო მამას. ამ საქმეში გამომძიებლის აცილება მოხდა მოგვიანებით და შეიცვალა გამომძიებელი“.

  • გადაწყვეტილების ტვირთის მსხვერპლზე გადატანა

კვლევაში მონაწილე ქალებმა გაიხსენეს შემთხვევები, როცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყება/არდაწყების შესახებ კითხვა პოლიციელებმა თავად ამ ქალებს დაუსვეს. მაგალითად, როგორც ქალები ჰყვებიან, გამომძიებლებისგან მოუსმენიათ მსგავსი შინაარსის კითხვები: „ამ ადამიანის დაჭერა გინდა?“ „პოლიციაში არ მიხვალ, თუ ადამიანის დაკავება არ გინდა, ხო?“

„გადაგვამისამართეს გამომძიებელთან, რომელმაც ამიხსნა, რომ ასეთი და ასეთი პროცედურები არის და გინდა, ეს რთული გზა გაიაროთო? მე ვუთხარი, აბა თქვენთან რატომ მოვედი-მეთქი?“, – იხსენებს ერთ-ერთი ქალი.

კვლევაში მონაწილე ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ სავარაუდო სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ ქალებთან კომუნიკაცია შესაბამისი ცოდნის მქონე, დატრენინგებულ პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ. იურისტების თქმით, გამომძიებლები, ხშირად არაემპათიურები არიან, თუმცა ზოგჯერ მათ, უბრალოდ, არ იციან, რომ სავარაუდო სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ ქალებთან განსხვავებული, მეტად ფრთხილი მიდგომაა საჭირო.

მაგალითად, იმ შემთხვევაშიც, როცა გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე უხერხული კითხვების დასმა უწევს პოლიციელს, მან წინასწარ უნდა აუხსნას მსხვერპლს ქალს, რატომ სვამს ამ კითხვას, რა მნიშვნელობა აქვს ამ ინფორმაციას გამოძიებისთვის და ა.შ.

„როცა მსხვერპლი სცემს პასუხს, მაშინ აქტიურია მისი ლიმბური სისტემა, – ეს არის ტრავმირებული ადამიანი, სადაც ემოციები არის წამყვანი და ამიტომ მისი ნარატივი, მისი თანმიმდევრობა მონაყოლის, ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მოძალადის. ამისი არცოდნა ხშირად პოლიციელში იწვევს დაეჭვებას მსხვერპლის მონაყოლში, რადგან მსხვერპლის თხრობა, შესაძლოა, იყოს ბუნდოვანი და არათანმიმდევრული.

გამომძიებელმა უნდა იცოდეს, როგორია ტრავმირებული ადამიანის მეხსიერება, უნდა იცოდეს, როგორ დასვას შეკითხვა და როგორ აიცილოს თავიდან ცრუ მოგონებების აქტივირება“, – ამბობს კვლევის მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტი.

„საფარის“ კვლევას, რომელიც მოიცავს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალების გამოცდილებას არა მხოლოდ პოლიციელებთან, არამედ პროკურორებთან, ექსპერტებთან, სასამართლოსთან და ბრალდებულის ადვოკატებთან, სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კვლევის ავტორების შეფასებით, კვლევაში განხილული შემთხვევები აჩვენებს რეფორმების საჭიროებას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში. კერძოდ, მართლმსაჯულების პროცესში ჩართული ყველა უწყების თანამშრომლების გადამზადებას, გაუპატიურების შესახებ კანონის ცვლილებას, დაზარალებული ქალების გამოკითხვის, მათთვის ექსპერტიზის ჩატარებისა და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ზუსტი წესების განსაზღვრას, რომლებიც იქნება ამ ქალების საჭიროებებზე ორიენტირებული და არ გამოიწვევს მათ რე-ტრავმირებას და ა.შ.

კვლევის ფარგლებში ინტერვიუები ჩატარდა 19 რესპონდენტთან. მათ შორის იყვნენ სქესობრივი ძალადობის მსხვერპლ ქალები და ექსპერტები – იურისტები და ფსიქოლოგები. დაზარალებულთა შორის იყვნენ არასრულწლოვანებიც. მათი საქმეები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში 2019-2025 წლებში განიხილებოდა.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge გამოქვეყნდა 08.11.2026, 19:03. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ