პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რას გვასწავლის ჰოლივუდის გამოცდილება ლიდერობაზე AI ეპოქაში

ხელოვნურმა ინტელექტმა უამრავი ინდუსტრია შეცვალა და გუშინდელი ფასდაუდებელი უნარები […] The post რას გვასწავლის ჰოლივუდის გამოცდილება ლიდერობაზე AI ეპოქაში first appeared on Marketer.

რას გვასწავლის ჰოლივუდის გამოცდილება ლიდერობაზე AI ეპოქაში
ფოტო: მარკეტერი

ხელოვნურმა ინტელექტმა უამრავი ინდუსტრია შეცვალა და გუშინდელი ფასდაუდებელი უნარები დღეს მოძველებულად აქცია. უახლოეს წლებში პროფესიების უმრავლესობაში საჭირო ცოდნის დიდი ნაწილი შეიცვლება, ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი კი ალგორითმები იქნება.

ჰოლივუდისთვის ეს ძვრები უცხო არ არის. კინოინდუსტრია უკვე ათწლეულებია უყურებს, როგორ შლის ახალი ტექნოლოგია ძველ პროფესიებს. ფიზიკური დეკორაციები უზარმაზარმა ეკრანებმა ჩაანაცვლა. ელექტრონულმა სტაბილიზატორებმა კამერის მართვა გაამარტივა. ციფრული ხელსაწყოებით კი გადასაღები ლოკაციების პოვნა ადგილზე ჩაუსვლელადაც შესაძლებელია.

კინოწარმოების რთული მოსამზადებელი ეტაპების გასამარტივებლად ტექნოლოგიების შექმნისა და გადასაღებ მოედანზე მუშაობის გამოცდილება კარგად აჩვენებს, როგორ უნდა შეირჩეს გუნდი მუდმივი ცვლილებების დროს. ეს გაკვეთილები დღეს ნებისმიერი სფეროს ხელმძღვანელისთვის გამოსადეგია.

კანდიდატების შეფასება რეალური ნამუშევრებით

ბიზნესში კანდიდატის ვარგისიანობის უმთავრეს საზომად დიდი ხნის განმავლობაში სტაჟი მიიჩნეოდა. იცხრილებოდა რეზიუმეები და გასაუბრებაზე მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ, ვისაც წლების გამოცდილება უმაგრებდა ზურგს.

ჰოლივუდს ეს მიდგომა რომ გამოეყენებინა, ახალგაზრდა პიტერ პარკერის როლს ტომ ჰოლანდის ნაცვლად დღეს ალბათ ტომ კრუზი ითამაშებდა. ჰოლანდს ადამიანი-ობობას როლის მიღებამდე თითქმის არანაირი სერიოზული გამოცდილება არ ჰქონდა. კინოში როლების განაწილებისას ყველაზე მაღალი სტატუსისა თუ ხანგრძლივი კარიერის მქონე მსახიობს ყოველთვის არ ირჩევენ. აწყობენ ქასთინგს, აკვირდებიან პერსონაჟის მორგებას და აჰყავთ ის, ვინც ზუსტად ჯდება გმირის ხასიათში.

ზუსტად ასეთი აზროვნება სჭირდებათ დღეს დამსაქმებლებს. ხელოვნურმა ინტელქტმა უამრავი როლი შეცვალა და წლობით ნაშენი უნარები გააუფასურა. ხშირად ერთწლიანი გამოცდილების მქონე ახალბედამ ალგორითმების გამოყენება ბევრად უკეთ იცის, ვიდრე დარგის ვეტერანმა.

დიდი გამოცდილების მქონე კანდიდატზე უარის თქმა რთულია. თუმცა დღეს შერჩევისას წარსულ დამსახურებებზე მეტად იმის დანახვაა საჭირო, რა შეუძლია ადამიანს ახლა და რამდენად ემთხვევა მისი ხედვა კომპანიის გეზს. შესაძლოა კანდიდატი ჯერ არ იყოს დარგის ვარსკვლავი, თუმცა ნამდვილი ტალანტი გზას მალე გაიკვლევს და კომპანიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცევა.

რეჟისორების შერჩევა

გადასაღებ მოედანზე საუკეთესო რეჟისორებს ყოველთვის ერთი რამ გამოარჩევს. ისინი სავარძელში მშვიდად არ სხედან და სხვების მუშაობას არ ელოდებიან. ისინი მუდმივად შემოდიან მოედანზე, ასწორებენ მსახიობის დგომას თუ რეკვიზიტს, ცვლიან დიალოგს ან ოპერატორს კადრის სხვა რაკურსით გადაღებას სთხოვენ. ისინი აქტიურად მართავენ პროცესის თითოეულ დეტალს, რათა შედეგი ზსტად პასუხობდეს საერთო ჩანაფიქრს.

კორპორაციულ სამყაროში კი ბევრი მენეჯერი უბრალო გადამბარებელია. ისინი დავალებებს არიგებენ და საბოლოო პროდუქტს მექანიკურად აწერენ ხელს. ეს მიდგომა ამართლებდა მაშინ, როდესაც საქმე დიდი გამოცდილების მქონე ვიწრო სპეციალისტებს ეხებოდა.

ხელოვნურ ინტელექტთან ეს ლოგიკა აღარ ჭრის. მართალია, ის რუტინულ და ერთფეროვან საქმეს შესანიშნავად აკეთებს, მაგრამ მისი ნამუშევარი მუდმივ შემოწმებას მოითხოვს. საჭიროა იმის გარკვევა, რამდენად სწორად გაიგო მან დავალება, რამდენად სანდოა წყაროები და ხომ არ გაიპარა ტექსტში შეცდომები. რთული ამოცანებისას მითითებების დახვეწა და შედეგის რამდენჯერმე გადაკეთებაა საჭირო. ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილი რეჟისორი სჭირდება.

რატომ ვერ ჩაანაცვლებს მანქანა ადამიანურ შეგრძნებას

ტექნიკური უნარი ადრე კანდიდატის ღირებულების მთავარი დასტური იყო. თუ ადამიანმა იცოდა კონკრეტული მექანიზმის მართვა ან კოდის დაწერა, ეს უკვე საკმარისი ხდებოდა. კომპანიებს სჭირდებოდათ კადრები, რომლებიც ერთფეროვან საქმეს სტაბილურად შეასრულებდნენ, მათი ფასიც სწორედ ამაზე იყო მიბმული.

დღეს რეალობა შეიცვალა. თითქმის ყველა სფეროში ალგორითმები ამ ტექნიკურ სამუშაოს ბევრად უფრო სწრაფად, იაფად და ხშირად უკეთ აკეთებენ, ვიდრე წლების გამოცდილების მქონე სპეციალისტები. თუმცა ეს ადამიანს ზედმეტ რგოლად არ აქცევს. პირიქით, კიდევ უფრო მეტად ფასდება ის, რისი სწავლაც ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია. ეს არის ადამიანური მსჯელობის უნარი, კრეატიულობა, გემოვნება და იმის შეგრძნება, სად გადის ზღვარი, რა აღაფრთოვანებს აუდიტორიას და რა არის უბრალოდ გაცვეთილი და უინტერესო. სწორედ ეს თვისებები უნდა გახდეს შერჩევისას მთავარი ორიენტირი.

ზოგიერთი კომპანია ამ გადაწყვეტილებების მანქანისთვის გადაბარებასაც შეეცდება. თუმცა კინოინდუსტრიამ ამ მხრივ უკვე კარგი გაკვეთილი გვაჩვენა. კრისტოფერ ნოლანის ახალმა ნამუშევარმა კომპიუტერული გრაფიკის ნაცვლად რეალური მასშტაბური კონსტრუქციების გამოყენებისთვის უდიდესი შექება დაიმსახურა. ამ დროს სხვა ფილმები კრიტიკოსებმა საჯაროდ დაიწუნეს მასობრივ სცენებში გენერაციული ალგორითმების გამოყენების გამო. რამდენიმე პროექტი კი ჯერ კიდევ გადაღებების დასრულებამდე მოექცა უკმაყოფილების ტალღაში.

რაკი ტექნოლოგია იაფ და სწრაფ ალტერნატივას გვთავაზობს, ჩნდება ცდუნება, რომ ყველაფრის ავტომატიზაცია მოხდეს და ადამიანები საერთოდ აღარ დასაქმდნენ. თუმცა ბიზნესმა უნდა გაარჩიოს, რა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს და რა უნდა გააკეთოს მან რეალურად. არსებობს ამოცანები, რომლებსაც მანქანა წარმატებით უბრალოდ ვერ შეასრულებს, და საკითხები, რომელთა ალგორითმისთვის მიგდებას მომხმარებელი კომპანიას არასდროს აპატიებს.

წყარო: Fastcompany

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 28.10.2026, 15:11. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ