ლაშა ფარულავა - ჩვენი ინიციატივა აზარტული თამაშების ბიზნესის სრულ აკრძალვას არ ითვალისწინებს - სათამაშო ბიზნესი სრულად უნდა ორიენტირდეს ტურისტულ ბაზარზე, ხოლო მოქალაქეებისთვის ონლაინ და ფიზიკურ კაზინოებში თამაში მკაცრად შეიზღუდოს
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მილიონამდე მოქალაქეა ჩართული აზარტულ თამაშებში, ხოლო დაახლოებით 400 ათასი პირი
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მილიონამდე მოქალაქეა ჩართული აზარტულ თამაშებში, ხოლო დაახლოებით 400 ათასი პირი კლინიკური დამოკიდებულების ზონაში იმყოფება. შედეგად, ინგრევა ოჯახები და იზრდება სუიციდის შემთხვევათა სტატისტიკა-ჩვენ ვთავაზობთ რეგულირების ისეთ მოდელს, სადაც ინდუსტრია მოუტანს შემოსავალს სახელმწიფოს, ხოლო მოქალაქეებს შეუნარჩუნებს მომავალს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ - ერთ ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გამართვას ითვალისწინებს.
ლაშა ფარულავა სექტორის რეგულაციისთვის ოთხპუნქტიან სტრატეგიას ასახელებს.
„ჩვენ მიერ გაჟღერებული ინიციატივა აზარტული თამაშების ბიზნესის სრულ აკრძალვას არ ითვალისწინებს. ჩვენი მიზანი სექტორის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია და „მონაკოს მოდელზე“ გადასვლაა.
აღნიშნული მიდგომის თანახმად, სათამაშო ბიზნესი სრულად უნდა ორიენტირდეს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ კაზინოებში თამაში მკაცრად შეიზღუდოს.
მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ლუდომანიის პრობლემასთან, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მანკიერ მოდელთან.
„საქსტატის“ ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბიზნესსექტორის მთლიანი ბრუნვის 34.8%-ია.
ამასთან, ქვეყნის უმსხვილესი ბრუნვის მქონე ათი კომპანიიდან რვა სწორედ აზარტული თამაშების სფეროში საქმიანობს.
მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სოციალური თვალსაზრისით: სტატისტიკის მიხედვით, მილიონამდე საქართველოს მოქალაქეა ჩართული აზარტულ თამაშებში, ხოლო დაახლოებით 400 ათასი პირი კლინიკური დამოკიდებულების ზონაში იმყოფება.
შედეგად, ინგრევა ოჯახები და იზრდება სუიციდის შემთხვევათა სტატისტიკა. დღევანდელი რეალობა აჩვენებს ეკონომიკურ დისბალანსს, სადაც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქალაქეების მიერ წაგებულ ფინანსებზეა დამოკიდებული.
როდესაც სათამაშო ბიზნესი მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე ვითარდება, ზარალდება როგორც თითოეული ოჯახი, ისე მთლიანად საზოგადოება და სახელმწიფო.
ჩვენი ხედვით, სექტორის რეგულაცია შემდეგ ოთხპუნქტიან სტრატეგიას ეფუძნება:
- საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ და ფიზიკურ კაზინოებში თამაშის შეზღუდვა;
- სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიაზე ორიენტირება;
- თამაშზე დამოკიდებულთა დაცვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის ეფექტიანი სახელმწიფო პროგრამის შექმნა;
- არალეგალური სათამაშო პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლის ძირეული გაძლიერება.
მონაკოს მოდელი ნათელ მაგალითს იძლევა იმისა, რომ შესაძლებელია სათამაშო ინდუსტრიის ტურისტული პოტენციალის ათვისება ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იქცეს კაზინოების მომხმარებლად, ხოლო ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალური ფინანსური სარგებელი გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების სახით.
სოციალური სახელმწიფოს კონცეფცია სწორედ მოქალაქეთა ინსტიტუციურ დაცვას გულისხმობს.
ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური მოდელი, რომელიც დოვლათს ცოდნითა და შრომით ქმნის.
აზარტული ბიზნესი უნდა ემსახურებოდეს ქვეყნისა და მოქალაქეების გამდიდრებას და არა მოსახლეობის გაღარიბებასა და ფინანსების ოფშორულ ზონებში გადინებას.
აღნიშნული ინიციატივა სცდება ვიწროპარტიულ ინტერესებს, რის გამოც მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩაერთონ ფართო საზოგადოებრივ დისკუსიაში.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საპატრიარქოსა და პატრიარქ შიო მესამეს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე პრინციპული პოზიციისთვის, რათა დაცულ იქნას ჩვენი ახალგაზრდობა და ქვეყნის მომავალი.
ჩვენი მიზანი ბიზნესის განადგურება არ არის. ჩვენ ვთავაზობთ რეგულირების ისეთ მოდელს, სადაც ინდუსტრია მოუტანს შემოსავალს სახელმწიფოს, ხოლო მოქალაქეებს შეუნარჩუნებს მომავალს და უზრუნველყოფს მათ სოციალურ დაცულობას“- წერს ლაშა ფარულავა.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს და კენჭისყრის შედეგით 73 - მომხრე, 5- წინააღმდეგი, საბოლოო მოსმენით მიიღეს. პროექტის განხილვას და დამტკიცებას ორი პლენარული სხდომა დაეთმო.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ლაშა ფარულავა - ჩვენი ინიციატივა აზარტული თამაშების ბიზნესის სრულ აკრძალვას არ ითვალისწინებს - სათამაშო ბიზნესი სრულად უნდა ორიენტირდეს ტურისტულ ბაზარზე, ხოლო მოქალაქეებისთვის ონლაინ და ფიზიკურ კაზინოებში თამაში მკაცრად შეიზღუდოსპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
