შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„სახიფათოა“ — ზელენსკი ტრამპის ინიციატივაზე, გაფორმდეს შეთანხმება რუსეთსა და ევროპას შორის

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

„სახიფათოა“ — ზელენსკი ტრამპის ინიციატივაზე, გაფორმდეს შეთანხმება რუსეთსა და ევროპას შორის
ფოტო: პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი პირველად გამოთქვამენ მზადყოფნას, კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები გამართონ. მისი თქმით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა ორშაბათსა და სამშაბათს გაიმართება, სავარაუდოდ, აბუ-დაბიში.

მანამდე კი ტრამპმა დონალდ ტრამპმა განაცხადა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე, რომელიც შესაძლოა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას შეეხოს.

„ეს იქნება დიდი შეთანხმება… ის მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და შესაძლოა მთელ ევროპასაც მოიცავდეს“, – განაცხადა ტრამპმა. მას ინიციატივის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

განცხადება მან ვლადიმირ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის თქმით, საჭიროა ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო სისტემის შექმნა, რომელიც ყველა მხარის უსაფრთხოების ინტერესებს გაითვალისწინებს და მომავალში კონფლიქტის რისკებს შეამცირებს. კუშნერის თქმით, აშშ-ს ბოლო პერიოდში მოლაპარაკებები ჰქონდა უკრაინასთან, NATO-სა და ევროპელ პარტნიორებთან.

5 ნოემბერს ტრამპი გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცსაც ესაუბრა. ამასთან, ბრიუსელში გაიმართა NATO-ს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მიზანიც უკრაინაში ომის სამართლიანი და მდგრადი დასრულების ხელშეწყობა იყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ახალი ინიციატივის შესახებ დეტალები მისთვის ჯერ კიდევ უცნობია. მისივე შეფასებით, რუსეთსა და ევროპას შორის შესაძლო შეთანხმება შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.

„ჩემთვის ეს მარტივი საკითხი არ არის და შესაძლოა, სახიფათოც იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ CNN-ის ეთერში.

მისი განცხადებით, პირველ რიგში უკრაინაში ომის დასრულების საკითხი უნდა გადაწყდეს, უსაფრთხოების გარანტიები კი შემდეგ იქნას განხილული.

„არის მრავალი წინადადება და მრავალი სხვადასხვა მოლაპარაკება, ზოგიერთი მათგანი გამოსადეგი და მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტასა და დეესკალაციას. ჩვენ რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს, რომ ისინი რამისთვის მზად არიან. სწორედ ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. როცა რუსები საუბრობენ არა იმაზე, როგორ დასრულდეს ომი, არამედ უსაფრთხოების ახალ ინფრასტრუქტურაზე ევროპაში, ეს სახიფათოა.

ეს ევროკავშირისთვის უფრო საშიშია, ვიდრე ჩვენთვის – ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრები. ჩვენ ევროკავშირის გზაზე ვართ, მაგრამ არა – მისი ნაწილი. ჩვენ ასევე არ ვართ NATO-ს წევრები. მე მათ ნაცვლად არ ვსაუბრობ, მაგრამ ეს შეთანხმება ყველასთვის საშიშია. ჩვენ ყველანი ევროპაში ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვსურს, „იალტა 2“ მოხდეს, არ გვინდა, რომ რუსეთის მიერ ვიყოთ დაყოფილები. და დიახ, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ძირითადი საკითხია. თუ გსურს, იყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა, მინიმუმია, რომ შენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემდნენ“, – თქვა ზელენსკიმ CNN-ის ეთერში.

ტრამპის ინიციატივა უარყვეს ევროპაში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა, რომ „ევროპას უკვე აქვს უსაფრთხოების არქიტექტურა“.

„პრობლემა კვლავ ის არის, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს იმ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ეს უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება. 2021 წელს ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და არც ახლა წარმოადგენს. პუტინს ევროპის უსაფრთხოებაზე ვეტოს უფლება არ აქვს“, – თქვა კალასმა.

მის პოზიციას იზიარებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკიც. მისი განცხადებით, უკრაინასა და ევროპის მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ევროპის მონაწილეობის გარეშე მიიღწევა, როგორც პოლიტიკურად მიუღებელი, ისე პრაქტიკულად განუხორციელებელი იქნება.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 07.11.2026, 13:08. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ