პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

Tiffany & Co.-ს საშობაო რეკლამაში საჩუქარი დედა-შვილის მოგონებებს ინახავს

ზოგიერთ საჩუქარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მასთან დაკავშირებული ადამიანები და მოგონებები […] The post Tiffany & Co.-ს საშობაო რეკლამაში საჩუქარი დედა-შვილის მოგონებებს ინახავს first appeared on Marketer.

Tiffany & Co.-ს საშობაო რეკლამაში საჩუქარი დედა-შვილის მოგონებებს ინახავს
ფოტო: მარკეტერი

ზოგიერთ საჩუქარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მასთან დაკავშირებული ადამიანები და მოგონებები ანიჭებს. სწორედ ამ იდეაზე ააგო Tiffany & Co.-მ ახალი გლობალური საშობაო კამპანია „Love is a Gift“. სააგენტო American Haiku-სთან თანამშრომლობით შექმნილ ორწუთიან ფილმში მთავარ როლს ამანდა სეიფრიდი ასრულებს, რეჟისორი კი დერეკ სიანფრანსია, რომელიც მაყურებელს ფილმებით „Blue Valentine“, „The Place Beyond the Pines“ და „The Light Between Oceans“ იცნობს.

ფილმი „You & Me“ აწმყოსა და 1990-იანი წლების ნიუ-იორკს შორის მოძრაობს. სიუჟეტი დედა-შვილის დეკემბრის ერთ დღეს მიჰყვება: ბალეტის რეპეტიციას, Tiffany-ის საშობაო ვიტრინებთან გაჩერებასა და საჩუქარს, რომლის მნიშვნელობაც წლების განმავლობაში იზრდება. ამანდა სეიფრიდი ნიუიორკელ ქორეოგრაფს თამაშობს, რომლის პროფესიულ სამყაროსაც შვილი ეცნობა.

სწორედ ეს აღმოჩენაა ისტორიის მთავარი თემა. გოგონა დედას საკუთარი ინტერესების, საქმისა და შემოქმედებითი ცხოვრების მქონე ადამიანად ხედავს. ერთად გატარებული დღე მისთვის მშობლის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა ხდება, დედისთვის კი შვილთან საკუთარი სამყაროს გაზიარების საშუალება.

American Haiku-ს კრეატიული დირექტორის, ბენ მუკენსტურმის თქმით, გუნდს იმ იშვიათი ბავშვობის მომენტის გადმოცემა სურდა, როცა მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით და ვიგებთ, სად დადიან, რა აინტერესებთ და რას აკეთებენ ჩვენგან დამოუკიდებლად. შემქმნელებს ორივე პერსპექტივის ჩვენება სურდათ: ბავშვის ცნობისმოყვარეობისა და მშობლის სიხარულის, როცა შეუძლია, საკუთარი ცხოვრების ეს ნაწილი შვილსაც გააცნოს.

ამ ურთიერთობის საჩვენებლად სააგენტომ ბუნებრივი ქცევა, ახლო კადრები და თავშეკავებული სამსახიობო შესრულება აირჩია. დერეკ სიანფრანსის მონაწილეობაც ამ კინემატოგრაფიულ მიდგომას უკავშირდება. ამანდა სეიფრიდი, რომელიც Tiffany & Co.-ს ახალი ამბასადორია, ისტორიაში დედისა და შვილის სიახლოვეს გადმოსცემს.

1990-იანი წლების გარემოს კამპანიაში რამდენიმე დანიშნულება აქვს. ის ციფრულ ეპოქამდელ ნიუ-იორკს აცოცხლებს და იმ მშობლების ბავშვობასაც ეხმიანება, რომლებიც დღეს უკვე საკუთარ შვილებთან ქმნიან ტრადიციებს. თაობებს შორის ამ კავშირს მუსიკაც აგრძელებს: The Wannadies-ის 1994 წლის „You and Me Song“ ახალი ინტერპრეტაციით ჟღერს. ახალგაზრდულ რომანტიკასთან ასოცირებული სიმღერა აქ დედა-შვილის ურთიერთობის ფონად იქცევა.

დეტალებზე მუშაობა ფილმის გარემოშიც ჩანს. მხატვარ-დამდგმელმა კარენ მერფიმ ნიუ-იორკის Upper East Side-ის სახლი Tiffany-ის საარქივო ნივთებით მოაწყო. ისტორიის ცენტრალური სამახსოვრო ნივთი კი სპეციალურად შექმნილი დეკორაციაა, რომლის შთაგონებაც ჟან შლუმბერჟეს მიერ 1965 წელს შექმნილი „Bird on a Rock“ გახდა. ის ყოველწლიურად დასაბრუნებელ ნივთად არის წარმოდგენილი, რომელსაც ოჯახისთვის ნაცნობი დღეებისა და ადამიანების გახსენება შეუძლია.

Tiffany & Co.-ს მარკეტინგის ხელმძღვანელის, ანდრეა დეივის თქმით, ფილმი მოგონებებსა და ტრადიციებს ეძღვნება, რომლებიც სხვადასხვა თაობას აკავშირებს. კამპანია გლობალურად გავრცელდება კინოთეატრებში, სოციალურ მედიაში, ციფრულ გარე სარეკლამო სივრცეებსა და ბრენდის საკუთარ არხებზე.

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: Ketia · გამოქვეყნდა 29.10.2026, 11:57. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ