ევროკომისიაში ადასტურებენ, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველო ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
„პუბლიკას“ ევროკომისიაში დაუდასტურეს, რომ უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე, რომელიც ბრიუსელში 16 ნოემბერს გაიმართება, საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული.
ამავე დროს, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ რეგიონული დაკავშირებადობის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიწვევა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას არ ნიშნავს“.
„შუა დერეფანს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და რეგიონისთვის. ის ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ენერგომომარაგების დივერსიფიცირებული მარშრუტია და ევროკავშირის ეკონომიკურ უსაფრთხოებას აძლიერებს. ევროკავშირი შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობს, რადგან დერეფნის წარმატება თითოეული ქვეყნის წვლილსა და მთელი მარშრუტის მასშტაბით პრაქტიკულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ რეგიონული დაკავშირებადობის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიწვევა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას არ ნიშნავს. ამასთან, საქართველო სხვა მონაწილეებთან შედარებით უფრო დაბალი დონის წარმომადგენლობით არის მიწვეული.
ევროკავშირი ყოველთვის ღია იყო კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება და არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ისახავს მიზნად. ჩვენ მკაფიო ინტერესი გვაქვს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული დაკავშირებადობის, ნორმალიზაციისა და სტაბილურობის მიმართ.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა კვლავ შეზღუდულ დონეზე დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსის შეცვლის მტკიცე ერთგულებას არ გამოავლენს.
რაც შეეხება ევროკავშირის მასპინძლობით გამართულ რეგიონულ შეხვედრებს, საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კვლავ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინებით მიიღება.
უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალზე დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება სხვა მონაწილეებთან შედარებით უფრო დაბალი დონის წარმომადგენლობით არის მიწვეული“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ „პუბლიკისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
ინფორმაცია, რომ უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის 16 ნოემბრის მინისტერიალზე საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული, თავდაპირველად „ევროსკოპმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
გუშინ, 5 ნოემბერს ამის შესახებ ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს. მან თქვა, რომ „თუ საქართველო რაიმე ღონისძიებაზე ღირსეული ფორმმით არ იქნება მიწვეული, რა თქმა უნდა, არ მივლენ“. „ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ღირსეული პასუხი იქნება ნებისმიერ განსხვავებულ მიდგომაზე“, – თქვა კობახიძემ.
მინისტერიალზე საქართველო გასულ წელსაც ელჩის დონეზე მიიწვიეს. ღონისძიებას საქართველოდან მაშინაც არავინ დასწრებია.
საქართველო ასევე არ დასწრებია დაკავშირებადობის „დღის წესრიგის პლატფორმის“ წარდგენას და მინისტერიალს, სადაც ასევე ელჩი იყო მიწვეული.


