პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რომელი უკეთ აისახება კორპორაციულ კულტურაზე – დისტანციურად მუშაობა თუ ოფისში ადგილზე ყოფნა?

კორპორაციულ სამყაროში ენერგიას გუნდი და ხელმძღვანელი განსაზღვრავს. ოფისის კონკრეტული […] The post რომელი უკეთ აისახება კორპორაციულ კულტურაზე – დისტანციურად მუშაობა თუ ოფისში ადგილზე ყოფნა? first appeared on Marketer.

რომელი უკეთ აისახება კორპორაციულ კულტურაზე – დისტანციურად მუშაობა თუ ოფისში ადგილზე ყოფნა?
ფოტო: მარკეტერი

კორპორაციულ სამყაროში ენერგიას გუნდი და ხელმძღვანელი განსაზღვრავს. ოფისის კონკრეტული კუთხე ხშირად იქცევა მიზიდულობის ცენტრად კარგი ყავის გამო კი არა, გუნდის შინაგანი მუხტის დამსახურებით. როდესაც ასეთი გარემო იშლება და ადამიანები სხვადასხვა განყოფილებაში ნაწილდებიან, სივრცე ძველ ენერგიას მალევე კარგავს. ეს გამოცდილება მთავარ ჭეშმარიტებას უსვამს ხაზს, რომ კულტურა ადგილს არ უკავშირდება და მას ადამიანები აყალიბებენ, ხელმძღვანელებს კი ამ პირობების შექმნაში გადამწყვეტი როლი აკისრიათ.

დისტანციურ მუშაობაზე დავა ხშირად იმაზე გადადის, თუ საიდან უნდა იმუშაოს გუნდმა, ნაცვლად იმისა, თუ როგორ უნდა წარიმართოს საქმე. მენეჯერები ოფისში დაბრუნების მოთხოვნისას პროდუქტიულობას, თანამშრომლობას, კორპორაციულ კულტურას და ურთიერთობებს ასახელებენ. თანამშრომლები კი მოქნილობას, დამოუკიდებლობას და გზაში დროის დაზოგვას იცავენ. შესაძლოა ორგანიზაციები სრულიად არასწორი პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ.

ოფისში ფიზიკურად ერთად ყოფნა ერთობას არ ნიშნავს

ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთ ოთახში ჯდომა ავტომატურად მჭიდრო ურთიერთობას არ ბადებს. ათასობით თანამშრომელზე დაკვირვებისას დისტანციურად და ჰიბრიდულად მომუშავე ადამიანებმა კეთილდღეობის უფრო მაღალი შეფასება აჩვენეს, ვიდრე მათ, ვინც სრულად ოფისში იმყოფებოდა. ამასთან, მკვლევრებმა ვერ იპოვეს მტკიცებულება, რომ დისტანციურ რეჟიმში მყოფი თანამშრომლები თავს გუნდისგან მოწყვეტილად გრძნობდნენ.

ერთად ყოფნა და ურთიერთობის შეგრძნება ერთი და იგივე მოვლენა არ გახლავთ. შესაძლებელია ადამიანი კოლეგის გვერდით იჯდეს და თავს მარტოდ გრძნობდეს, ან ასობით კილომეტრის დაშორებით მუშაობდეს და ნდობას, მხარდაჭერასა და თანადგომას განიცდიდეს.

კვლევები ადასტურებს, რომ კვირაში ორი დღით სახლიდან მუშაობა სამსახურით კმაყოფილებას ზრდის, კომპანიიდან წასვლის ალბათობას კი 33%-ით ამცირებს. ამავდროულად, შედეგების ხარისხი ან დაწინაურების შესაძლებლობები საერთოდ არ უარესდება. დისტანციური შრომა ერთდროულად ზრდის ავტონომიასაც და იზოლაციის რისკსაც. დამოუკიდებლობა შედეგებს აუმჯობესებს, იზოლაცია კი საპირისპიროდ მოქმედებს. ლიდერების მთავარი ამოცანაც ის არის, როგორ შეუნარჩუნონ გუნდს თავისუფლება ისე, რომ მარტოობის განცდა არ გაჩნდეს.

სამუშაო ადგილი უბრალოდ მისამართია, კულტურას ადამიანები ქმნიან

ადამიანს სამსახურში სამი ძირითადი რამ სჭირდება, გონივრული თავისუფლება საქმეში, კუთვნილების განცდა და საკუთარი კომპეტენციის შეგრძნება. ფიზიკური ოფისი ამის გარანტიას ვერ იძლევა. ყველაფერი სამუშაო პირობებზეა დამოკიდებული, რაზეც უდიდესი გავლენა მენეჯმენტს აქვს.

სახლიდან მომუშავე ორ თანამშრომელს შეიძლება სრულიად განსხვავებული რეალობა ჰქონდეს. ერთს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც ენდობა, პირდაპირ ესაუბრება, ზედმეტი კონტროლის გარეშე უწევს მხარდაჭერას, მის შრომას აფასებს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში რთავს. მეორეს კი გაურკვეველი დავალებები, გაუთავებელი შეხვედრები, მიკრომენეჯმენტი და გულგრილობა ხვდება წილად. სამუშაო ფორმატი ერთია, თუმცა გამოცდილება სრულიად განსხვავებული.

აქ გადამწყვეტი ხდება კომუნიკაციის უნარები, ემპათია, სიცხადე და ენერგია. ემპათია ადამიანს დანახულად და დაფასებულად აგრძნობინებს თავს. სიცხადე ეხმარება იმის გაგებაში, რა არის მთავარი პრიორიტეტი და რას მოელის კომპანია. ენერგია კი საერთო სქმის წინსვლას უზრუნველყოფს. ამ თვისებების გამოსავლენად ერთ შენობაში ყოფნა სავალდებულო არ არის. გაურკვევლობა დისტანციურ მუშაობას ქაოსად აქცევს, ოფისში კი იმავე ქაოსს ერთ ჭერქვეშ აგროვებს.

ადგილზე ყოფნა ღირებულებას არ განსაზღვრავს

ბევრი ხელმძღვანელი დისტანციურ თანამშრომლებს ნაკლებად ჩართულად და ნაკლებად პროდუქტიულად მიიჩნევს. კვლევები ადასტურებს, რომ ეს სტერეოტიპი რეალურია. მენეჯერები ონლაინ მომუშავე თანამშრომლებს ხშირად დაბალ შეფასებას უწერენ ლოიალობასა და გუნდურობაში, თუმცა რეალური მონაცემებით მათი საქმის ხარისხი სხვებისას არ ჩამოუვარდება.

ეს მიდგომა ფიზიკური სიახლოვის მიკერძოებას უკავშირდება, როდესაც უპირატესობა ენიჭება მას, ვინც თვალწინ ტრიალებს. დისტანციური თანამშრომელი ხშირად ნაკლებ ყურადღებას და აღიარებას იღებს იმის გამო, რომ ოთახში ფიზიკურად არ ზის.

ის, ვისაც ყველაზე ხშირად ვხედავთ, ყოველთვის ყველაზე დიდ საქმეს არ აკეთებს. გვიანობამდე დარჩენილი ადამიანი აუცილებლად საუკეთესო შედეგს არ დებს, და არც ის თანამშრომელია დაწინაურებისთვის ყველაზე მზად, ვისთან ერთადაც ხელმძღვანელი ყავას სვამს. თუ თანამშრომლის შრომის დანახვა ოფისის გარეთ ჭირს, გამოსავალი მისი ძალით დაბრუნება არ არის. ლიდერებმა უნდა ისწავლონ შედეგბის შემჩნევა და დაფასება იქ, სადაც ეს რეალურად ხდება.

სწორი კითხვების დასმა

იმის გარჩევის ნაცვლად, კვირაში რამდენ დღეს გაატარებენ ადამიანები შენობაში, ხელმძღვანელებმა უნდა გააანალიზონ, რა პრობლემის მოგვარება სურთ სინამდვილეში. როდის აუმჯობესებს ფიზიკური თანხვედრა საქმეს, თანამშრომლები მართლა საქმის საჭიროების გამო ბრუნდებიან თუ მენეჯერების კონტროლის სურვილის გამო, და რა ფასდება უფრო მეტად, შეტანილი წვლილი თუ თვალწინ ყოფნა.

ოფისს თავისი ძალა აქვს. გარკვეული საუბრები, ურთიერთობები და შემოქმედებითი პროცესები ერთ სივრცეში უკეთესად მიდის. თუმცა მხოლოდ ერთ ოთახში ჯდომა საკმარისი არ არის. ფიზიკური ყოფნა შედეგთან არ უნდა გაიგივდეს, სიახლოვე კავშირთან, ხილვადობა კი რეალურ ღირებულებასთან. ხელმძღვანელის მთავარი მოვალეობა ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ადამიანები საქმეს კარგად გააკეთებენ, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მუშაობენ ისინი.

წყარო: Fastcompany

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 29.10.2026, 12:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ