პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შსს-მ ჯგუფური ძალადობის, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავა

შსს-მ 7 პირი დააკავა ჯგუფური ძალადობის, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით. დანაშაულებრივი ჯგუფი სოციალური ქსელებით მსხვერპლებს ატყუებდა, ფიზიკურად უსწორდებოდა და ფულს სძალავდა.

შსს-მ ჯგუფური ძალადობის, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავა
ფოტო: ლიბერალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდი პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძარცვა და გამოძალვა.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება. აღნიშნული ჯგუფის წევრებთან ერთად, მან წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების გეგმა.

გამოძიების თანახმად, დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ქმნიდნენ ყალბ პროფილებს მდედრობითი სქესის სახელით. ამ ანგარიშების გამოყენებით ისინი უკავშირდებოდნენ მამაკაცებს და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებში უნიშნავდნენ შეხვედრებს. დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად ესხმოდნენ თავს.

ბრალდებულები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ დაზარალებულებს, ცივი იარაღისა და ბასრი საგნების დემონსტრირებით აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. ამ მეთოდებით ისინი აგრძელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას დაზარალებულებზე და თანხის გამოძალვას.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, ასევე მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე (ძარცვა), 181-ე (გამოძალვა) და 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მუხლებით, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად.

Ლ
წყარო ლიბერალი · liberali.ge გამოქვეყნდა 29.10.2026, 08:22. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავესფრონტნიუსი · 12:26 ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავესნეტგაზეთი · 12:45 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ