დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში: გვარამია vs. გორდულაძე ოპოზიციის აკრძალვაზე
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის განხილვისას ნიკა გვარამიასა და არჩილ გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დეტალები სასამართლო სხდომიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი განიხილება, დაძაბული სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ არჩილ გორდულაძესა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერ ნიკა გვარამიას შორის.
კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე საკუთარი მინისტრობის პერიოდი გაიხსენა. მან განაცხადა, რომ გარკვეული ნაბიჯებით, მაგალითად, რუსული ბაზების გაყვანით, სტრასბურგის სასამართლოს საქმითა და განათლების რეფორმებით, ამაყობს, თუმცა არის საკითხები, რომლებითაც არ ეამაყება.
ამ განცხადებას მყისიერად მოჰყვა მწვავე რეაქცია მმართველი პარტიის წარმომადგენლისგან. არჩილ გორდულაძემ მოსამართლეს მიმართა: „რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლევ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? [...] სასამართლო სხდომა ვერ გამოდგება თავისი შეხედულებების და გრძნობების ბენეფისად. ძალიან გთხოვთ, დაუბრუნდეს სასამართლო სარჩელის განხილვის პროცესს.“
ნიკა გვარამიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელში თავადვე შეიტანა მისი ციტატები და ახლა მის განმარტებას აპროტესტებს. „თუ არ მომეცით შესაძლებლობა იმის დამტკიცების, რა ვიგულისხმე, ბრალდება რჩება ბრალდებად. შესაძლებლობის გამოყენება და ჭკუაში მოტყუება, ზოგადად, ჭკვიანების ხვედრია და საპროცესო უფლება,“ – განაცხადა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, მოსარჩელე მხარის პროტესტი სამართლიანად მიიჩნია. მან ნიკა გვარამიას მოუწოდა, საქმის არსს დაუბრუნებოდა და აღნიშნა: „ის, რომ განათლების რეფორმით ამაყობთ, ის, რომ თანამდებობიდან რომ გადადექით იმისთვის, რომ ხელფასი არ გყოფნიდათ, ამით ამაყობთ, ეს ასე უნდა იყოს და განსაკუთრებული საამაყო ამაში არაფერი არ არის!“

