ზესტაფონში არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მამაკაცს 18 წელი მიესაჯა
ზესტაფონის სასამართლომ მამაკაცი არასრულწლოვანი გერის მრავალჯერადი გაუპატიურებისა და იძულებისთვის დამნაშავედ ცნო. მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ უმძიმესი დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც საკუთარი არასრულწლოვანი გერი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გააუპატიურა და მასზე ფსიქოლოგიურ იძულებას ახორციელებდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მოზარდს სიკვდილით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყოდა, რითაც მას მუდმივ შიშსა და იძულებაში ამყოფებდა. სასამართლო პროცესზე სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებმაც უტყუარად დაადასტურა ბრალდებულის დანაშაული.
მამაკაცს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურება, ხუთი ეპიზოდი) და ასევე 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი იძულება, სამი ეპიზოდი).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
SAY.GE · ზესტაფონი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე


