როგორ გეხმარებათ სიღრმისეული კითხვა „ციფრული გადაღლის“ დაძლევაში | Marketer
ალბათ, ხშირად გაიგონებთ, რომ წაკითხულის გააზრების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაეცა. სტუდენტების დიდ ნაწილს წიგნის თავიდან ბოლომდე წაკითხვა უჭირს,
ალბათ, ხშირად გაიგონებთ, რომ წაკითხულის გააზრების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაეცა. სტუდენტების დიდ ნაწილს წიგნის თავიდან ბოლომდე წაკითხვა უჭირს, გამოკითხვების თანახმად კი ზრდასრულთა უმრავლესობა წელიწადში ხუთ ან ნაკლებ წიგნს კითხულობს. ამავდროულად, ახალგაზრდა თაობაში წიგნის კითხვა ერთგვარ მოდადაც იქცა. იკრიბებიან წიგნის მოყვარულთა კლუბებში, ესწრებიან სამკითხველო საღამოებს და წიგნს ხშირად სტილის აქსესუარადაც იყენებენ. თუმცა მთავარი საკითხი წაკითხული გვერდების რაოდენობა არ აღმოჩნდა. გადამწყვეტი ისაა, თუ როგორ ვკითხულობთ და რამდენად სიღრმისეულია ეს პროცესი.
ზედაპირული სქროლვის სანაცვლოდ
სმარტფონების, ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციული გადატვირთვის ეპოქაში წიგნში ნამდვილად ჩაძირვა რთულ უნარად იქცა. დღეს ადამიანები იმაზე მეტ დროს ატარებენ დაბალხარისხიანი ონლაინ კონტენტის უმიზნო თვალიერებაში, ვიდრე ამას აღიარებენ. კვლევების თანახმად, ახალგაზრდების 63% ინტერნეტში თითქმის მუდმივად იმყოფება.
ალგორითმების მორევში გატარებული დრო გონებრივ გამოფიტვას, ემოციურ დაჩლუნგებასა და შინაგან დაუკმაყოფილებლობას იწვევს. სიღრმისეული კითხვა კი იმის საპირისპიროა, რასაც სოციალური ქსელების სწრაფი არხები გვთავაზობს. ეს არის საკმარისად შენელება იმისთვის, რომ ტექსტს კრიტიკულად და ანალიტიკურად მივუდგეთ, მხატვრული ლიტერატურის კითხვისას კი პერსონაჟის ადგილას თავი წარმოვიდგინოთ.
ეს მიდგომა უპირატესობას ანიჭებს გააზრებას და არა მხოლოდ მშრალ ინფორმირებულობას. კვლევები ადასტურებს, რომ სიღრმისეული კითხვა დეზინფორმაციის მიმართ მდგრადობას აძლიერებს, ამასთან ამცირებს სტრესსა და მარტოობის განცდას. იმ ეპოქაში, როდესაც მთავარი ხელმისაწვდომი ტექნოლოგია ნაბეჭდი წიგნი იყო, ამ უნარის შენარჩუნება გაცილებით იოლი ჩანდა.
ციფრულ კითხვაზე გადასვლამ ბავშვებში ტექსტის გაგების ხარისხი დააქვეითა. ეკრანებზე ტექსტის სწრაფი გადარბენა ყოველდღიურობად იქცა, თუმცა სიღრმისეული ჩაწვდომის უნარი დაიკარგა. ეს დანაკარგი მხოლოდ ყურადღების კონცენტრაციის შემცირებით არ შემოიფარგლება. მხატვრული ლიტერატურის კითხვა პირდაპირ კავშირშია სხვების გაგების უნართან. თუ სიღრმისეული კითხვა ემპათიასა და თანაგრძნობას ზრდის, პოლარიზებული ციფრული მედია საპირისპირო შედეგს იძლევა.
შემეცნებითი უნარების გაუარესება
ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა გავრცელბამ და ციფრულ ასისტენტებზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ კრიტიკული აზროვნება კიდევ უფრო შეასუსტა. ექსპერტები ამას წიგნიერების ნამდვილ კრიზისს უწოდებენ. პრობლემა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, კითხულობს თუ არა ადამიანი, საქმე იმაშია, რომ საზოგადოება ტექსტის კრიტიკულ შეფასებას აღარ სწავლობს.
ტექსტის ზერელედ გადათვალიერებისას, რაც სამუშაო წერილების სწრაფად გადამოწმებისას სასარგებლოცაა, თვალები ზიგზაგისებურად მოძრაობს და ტვინი ინფორმაციას სრულიად განსხვავებულად ამუშავებს. ეს ართულებს დიდი მოცულობის ინფორმაციის სწორ შეფასებას. ადამიანი ეჩვევა გადაუმოწმებელი, მარტივი ცნობების მიღებას, რაც ანალიზს აღარ მოითხოვს და მას ყალბი ინფორმაციისა თუ დემაგოგიის წინაშე დაუცველს ტოვებს.
ტვინის ასეთი მიჩვევის შემდეგ ყურადღების კონცენტრაციის დაბრუნება რთულია. კრიტიკული აზროვნება თანდაყოლილი თვისება არ აღმოჩნდა, ის მხოლოდ მუდმივი პრაქტიკით ვითარდება.
როგორ გვეხმარება სიღრმისეული კითხვა
ამ უნარის განსავითარებლად სპეციალისტები გვრჩევენ, პირველ რიგში უარი ვთქვათ რაოდენობასა და სისწრაფეზე ორიენტირებულ მიზნებზე. მთავარი საზომი კითხვაში გატარებული დრო უნდა იყოს და არა წაკითხული წიგნების რიცხვი. ეს პროცესი ერთგვარ გონებრივ ვარჯიშად უნდა იქცეს.
საკმარისია დღეში ერთი საათის გამოყოფა, მიუხედავად იმისა, ამ დროში ხუთი გვერდი წაიკითხება თუ ორმოცდაათი. არც ჟანრს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, შემეცნებითი თვალსაზრისით ნებისმიერი ტექსტი გამოდგება.
სიღრმისეული კითხვა ნიშნავს საკუთარი თავისთვის ტემპის შენელებისა და ტექსტის შეგრძნების უფლების მიცემას. ეს არის პაუზა რთული მონაკვეთის გასააზრებლად, პერსონაჟის მდგომარეობის წარმოდგენა და იმაზე დაფიქრება, როგორ გადაიჭრებოდა წიგნის მთავარი კონფლიქტი.
ეს ჩვევა მხატვრული ლიტერატურის მიღმაც მუშაობს. კვლევებით დასტურდება, რომ კითხვისას რამდენიმეწამიანი პაუზაც კი დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობას საგრძნობლად ამცირებს. როდესაც ადამიანი ინფორმაციას, თუნდაც სოციალური ქსელის პოსტს ხედავს, ის ამ შეძენილ ჩვევას იქაც იყენებს. ნათქვამის ბრმად მიღების ნაცვლად, სიღრმისეული მკითხველი სვამს კითხვებს, ამოწმებს ფაქტებს და ადარებს წყაროებს.
წყარო: Fastcompany
SAY.GE · გადაღლა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


