ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ნიკოლოზ სამხარაძე: ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს

„დაგვისხდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტსა და ევროპულ ნორმას“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარ...

ნიკოლოზ სამხარაძე: ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს
ფოტო: ინფო 9
ნიკოლოზ სამხარაძე: ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობას და არ ასახავს სიმართლეს

„დაგვისხდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტსა და ევროპულ ნორმას“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას.

„ორწელიწად-ნახევარია ვითხოვთ, რომ იურიდიულად, სამართლებრივად, პუნქტობრივად განვიხილოთ კანონი. აქ ხომ კანონზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ შეფასებასა თუ პოლიტიკურ განცხადებაზე. ამ შემთხვევაში ეს ექსპერტები, იურისტები და სამართალმცოდნეები უნდა დასხდნენ და პუნქტობრივად განიხილონ კანონი, ეს არ არის რაღაც რთული საქმე. ეს ძალიან მარტივი ამოცანაა და ექსპერტების მხრიდან მაქსიმუმ 48 საათში შეიძლება კანონის განხილვა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მათ არ უნდათ წაგებულ თამაშში შემოსვლა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არანაირ ევროპულ ნორმას არ ეწინააღმდეგება. უბრალოდ წარმოუდგენელია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საჯაროობა და სახელმწიფოს წინაშე წელიწადში ერთხელ ანგარიშგება ეწინააღმდეგებოდეს რაიმე ევროპულ ფასეულობას ან ნორმას“, - აღნიშნა სამხარაძემ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ორგანიზაციას შეექმნა ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მათი საქმიანობა შეიზღუდა ან შეზღუდვის საფრთხეები გაჩნდა. რაზედაც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ტყუილი:

„ეს ტყუილია. გადავხედოთ - უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას და მათ დაფინანსება კანონის გამო კი არ შეეზღუდათ, არამედ ძირითადად იმის გამო, რომ უმთავრესი დონორი ორგანიზაცია USAID-ი (რომელიც იყო ყველაზე დიდი დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე დიდი დამფინანსებელი) უბრალოდ დაიხურა და აღარ არსებობს. „გამჭვირვალობის კანონის“ გამო არც ერთი ორგანიზაცია არ დახურულა და არც მომავალში დაიხურება, იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ ითხოვს ერთადერთ რამეს - წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარებას იუსტიციის სამინისტროსთვის. ამიტომ, ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში წერია, არ ასახავს რეალობასა და სიმართლეს“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს ანგარიშში მოყვანილ „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებითაც ჰკითხა, სადაც საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობაზე.

ამაზე სამხარაძემ აღნიშნა, რომ ამ ანგარიშში სამოქალაქო საზოგადოება გაიგივებულია მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, თუმცა სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებია.

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ კანონს, „გრანტების შესახებ კანონი“ არეგულირებს უცხოეთიდან პოლიტიკური საქმიანობისთვის გადმორიცხული თანხების საჯაროობას, რადგან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საზღვარგარეთიდან პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ცივილიზებულ მსოფლიოშია აკრძალული.

მისივე თქმით, „გრანტების შესახებ კანონი“ არასოდეს ყოფილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შეჩერების საფუძველი:

„არც „გრანტების კანონი“ ყოფილა 2024 წლის ივნისში, არც „ფარა“ და არც სხვა კანონები, როდესაც მათ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეაჩერეს“, - განაცხადა სამხარაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, რით ხსნის იმას, რომ 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ინტეგრაციის პროცესისა და დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, სამხარაძემ აღნიშნა, რომ ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს:

„მოდიოდა არჩევნები. ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან დიდი თანხები ირიცხებოდა საზღვარგარეთიდან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე - ვითომ, ასე ვთქვათ, კეთილშობილური მიზნებისთვის. რეალურად, ეს თანხები პოლიტიკურ აქტივობებს უნდა მოხმარებოდა და, ირიბად, ამ თანხებით წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების კამპანია უნდა დაფინანსებულიყო.

ჩვენ მანამდე არაერთხელ გვქონდა მცდელობა (მათ შორის ევროკავშირთან ერთად), შეგვექმნა ისეთი მექანიზმი, სადაც საზოგადოებამ იცოდა, ვინ რა თანხას იღებს და რაში ხარჯავს. ამაზე თავის დროზე დაპირებაც მივიღეთ (მათ შორის ბატონ ჰერჩინსკისგან 2023 წელს), თუმცა ამას არანაირი პასუხი არ მოჰყოლია და შემდეგ უკვე ჩვენ შევიმუშავეთ ეს უწყინარი კანონი“, - დასძინა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 00:47. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ