ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კალასი: საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების საკითხს იანვარში განვიხილავთ

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

კალასი: საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების საკითხს იანვარში განვიხილავთ
ფოტო: პუბლიკა

გაფართოების ანგარიშის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე არაერთმა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრების სანქციების შესახებ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ამ შინაარსის „განხილვები გაგრძელდება“ და „საქათველოს შესახებ იანვარში უფრო სიღრმისეული განხილვაა“ დაგეგმილი.

„საუბარი ეხებოდა იმ მინისტრებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს… მაშინ ჩვენ არ გვქონდა ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო.

რა თქმა უნდა, ეს განხილვები გრძელდება. იანვარში ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ: როგორ უნდა მივუდგეთ მას და რა შეიძლება, იყოს ყველაზე ეფექტიანი გზა, რათა, ერთი მხრივ, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, ხოლო, მეორე მხრივ, მთავრობას ძალიან მკაფიოდ ვანიშნოთ, რომ ის არასწორი გზით მიდის. ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისივე თქმით, ამჟამად საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან კონფრონტაციის გზას ადგას დემოკრატიული უკუსვლის გამო და „ეს ძალიან, ძალიან მკაფიოა“.

„ნაბიჯები სწორი მიმართულებით არ იდგმება. განვიხილავთ, თუ არა რამე საპასუხო ზომას ამ მომენტში? ჯერ ნაადრევია თქმა, იანვარში გვაქვს საქართველოს საკითხის უფრო სიღრმისეული განხილვა.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ჩამოვაყალიბოთ პასუხი ისე, რომ მკაფიოდ ვაჩვენოთ ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების მხარდაჭერა და ზურგი არ შევაქციოთ ქართველ ხალხს, ვისაც რეალურად სურს ევროკავშირის ნაწილად ყოფნა, მაგრამ, იმავდროულად, მკაფიო სიგნალები გავუგზავნოთ მთავრობას, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ასეთ პოლიტიკას“, – განაცხადა კაია კალასმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც პოტენციურად მოსალოდნელ სანქციებს ეხებოდა.

საქართველოს საკითხზე ისაუბრა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმაც. მისი განცხადებით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა, თუმცა გაწევრების პროცესის განახლებისთვის ხელისუფლებამ პოლიტიკური კურსი უნდა შეცვალოს და დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას დაუბრუნდეს.

„საქართველოსთვის ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს და დაუბრუნდეს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გაწევრების პროცესის განახლება“, — განაცხადა კოსმა.

ევროკომისრის თქმით, იმედის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქვეყნის ევროპული მომავალი სურს. მისი თქმით, ევროკავშირსაც სურს, საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

„ჩვენ ვიცით და ეს იმედს გვაძლევს, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველო ამ გზაზე დაბრუნებული“, – აღნიშნა მან.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 04.11.2026, 20:03. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ