დემოკრატების წარმატება აშშ-ში - ზეწოლა ტრამპის პოლიტიკაზე რუსეთის, უკრაინისა და ირანის მიმართ
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვება კონგრესში ძალთა ბალანსს ცვლის, პარტიას ანიჭებს უფრო დიდ ზედამხედველობასა და გავლენას საკანონმდებლო საქმიანობაზე, რასაც შედეგები ექნება რუსეთის, უკრაინისა და ირანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკისთვის.
3 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე დემოკრატების გამარჯვებამ, ამერიკული წამყვანი მედიაორგანიზაციების პროგნოზების თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას როგორც სენატზე, ისე წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დააკარგვინა.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვება კონგრესში ძალთა ბალანსს შეცვლის. ეს პარტიას საკანონმდებლო პროცესზე მეტ გავლენასა და ზედამხედველობის გაზრდილ შესაძლებლობას მისცემს, რაც ასევე აისახება აშშ-ის პოლიტიკაზე რუსეთის, უკრაინისა და ირანის მიმართ.
შედეგები ნიშნავს კონგრესში ძალაუფლების მნიშვნელოვან ცვლილებას. დემოკრატებს უფრო დიდი გავლენა ექნებათ ფედერალურ ხარჯებზე, ადმინისტრაციის ზედამხედველობასა და საპრეზიდენტო ნომინაციებზე.
The New York Times-ის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ მზად იყო მიეღო არჩევნების შედეგები და ემუშავა დემოკრატებთან.
„ჩვენ ვიმუშავებთ დემოკრატებთან და, იცით, მოველოდით მათთან თანამშრომლობას. სავარაუდოდ, რაღაცაზე შევთანხმდებით“, - მოჰყავს გაზეთს ტრამპის სიტყვები.
პრეზიდენტი ინარჩუნებს ფართო უფლებამოსილებას დიპლომატიის სფეროში, სამხედრო ოპერაციებზე, ხოლო რესპუბლიკურმა ოპოზიციამ და პრეზიდენტის ვეტოს უფლებამ შესაძლოა შეზღუდოს დემოკრატების მცდელობა, გამარჯვება საკანონმდებლო ცვლილებებად გადააქციონ.
არჩევნები დაემთხვა პერიოდს, როდესაც შეერთებული შტატები და ისრაელი კვლავ ომში იმყოფებიან ირანთან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გრძელდება, ხოლო მოსკოვისადმი ვაშინგტონის მიდგომა ორ პარტიას შორის უთანხმოების წყაროდ რჩება.
ახალი კონგრესისთვის უპირველესი საგარეო პოლიტიკური გამოცდა შესაძლოა ირანთან ომი იყოს.
დემოკრატების საარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა ამ კონფლიქტის დასრულებას, რომელმაც გამოიწვია ენერგომატარებლების ფასების ზრდა და ეკონომიკური გაურკვევლობა. ორივე პალატაზე მათი კონტროლი გააძლიერებს შესაძლებლობას, შეამოწმონ ადმინისტრაცია, ეჭვქვეშ დააყენონ სამხედრო დანახარჯები და მოითხოვონ სამხედრო ოპერაციების შეზღუდვა.
სტრატეგიისა და პოლიტიკის New Lines Institute-ის პროგრამის ხელმძღვანელმა და უფროსმა ანალიტიკოსმა დანია არაისიმ, რომელიც რეგულარულად აწვდის ინფორმაციას კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, განუცხადა RFE/RL-ს, რომ არჩევნების შედეგებმა შესაძლოა ტრამპს უბიძგოს ომიდან დიპლომატიური გამოსვლისკენ.
„არჩევნების შედეგები, განსაკუთრებით იმის დანახვა, რომ დემოკრატებმა მოიგეს წარმომადგენელთა პალატა და სენატი, ნამდვილად აიძულებს ტრამპის ადმინისტრაციას იპოვოს ომიდან გამოსვლის სტრატეგია, განსაკუთრებით დიპლომატიური ინსტრუმენტებისა და მოლაპარაკებების მეშვეობით“, - თქვა მან.
არაისიმ განაცხადა, რომ დემოკრატებს შეუძლიათ, არ დაუშვან კონფლიქტის დამატებითი დაფინანსება და გამოიკვლიონ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები მას შემდეგ, რაც იანვარში ახალი კონგრესი შეიკრიბება.
მან აღნიშნა, რომ შეიძლება, თეირანმაც სცადოს უკეთესი პირობების მოპოვება მოლაპარაკებებში იმის გათვლით, რომ ტრამპის პოლიტიკური შესაძლებლობა, შეინარჩუნოს სამხედრო კამპანია, შესუსტდა.
„ეს ასევე ნიშნავს, რომ ირანელები არ იქნებიან ზეწოლის ქვეშ, წავიდნენ რაიმე დამატებით კომპრომისზე“, - თქვა მან.
მრავალი ანალიტიკოსი მოელის, რომ დემოკრატების დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, მათი გავლენა შორს არის არჩევნების წინა წარმოდგენებისგან.
ტრამპი რჩება მთავარსარდლად და ინარჩუნებს მნიშვნელოვან უფლებამოსილებას სამხედრო ოპერაციებსა და დიპლომატიაზე.
რესპუბლიკელთა უმეტესობა იცავდა ირანის კამპანიას, როგორც აუცილებელს ირანულ საფრთხეებთან დაპირისპირებისთვის, და სავარაუდოდ წინააღმდეგობას გაუწევს დემოკრატების მცდელობებს შეიზღუდოს დაფინანსება.
მიუხედავად ამისა, კონფლიქტის ეკონომიკური შედეგები ადმინისტრაციისთვის პოლიტიკურ ტვირთად იქცა.
ბენზინისა და დიზელის მაღალმა ფასებმა, რაც ნაწილობრივ უკავშირდება ჰორმუზის სრუტის ირგვლივ შეფერხებებს, ხელი შეუწყო დემოკრატებს, ექციათ ფასები საარჩევნო კამპანიის ცენტრალურ საკითხად.
ახალ კონგრესს ასევე შეუძლია გააძლიეროს პენტაგონსა და თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთზე ზედამხედველობა, ხოლო დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებები ალბათ მოიტანს შემდგომ დაპირისპირებას თეთრ სახლთან.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონი ამ თვის ბოლოს მოლაპარაკებებისთვის შეკრებს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს.
ამასობაში კიევისთვის, რომელიც ოთხ წელზე მეტია ეყრდნობა აშშ-ის მხარდაჭერას რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, არჩევნების შედეგებს მოაქვს გაურკვევლობაც და ამავე დრო, სიმშვიდეც.
თანამდებობას ტოვებს უკრაინის რამდენიმე გამოჩენილი მხარდამჭერი კონგრესში, მათ შორისაა რესპუბლიკელი წარმომადგენელი დონ ბეიკონი, რუსეთის მძაფრი ოპონენტი, რომელიც ხშირად უპირისპირდებოდა თავის პარტიასა და თეთრ სახლს კიევის მხარდაჭერის საკითხში.
„მე ძველი სკოლის რეიგანისეული რესპუბლიკელი ვარ და უკრაინაში რუსეთის შეჭრას თავისუფალი სამყაროს წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან კრიზისად ვხედავ“, - განუცხადა ბეიკონმა RFE/RL-ს 3 ნოემბერს.
„ვიმედოვნებ, იმგვარ 120-ე კონგრესს ავირჩევთ, რომელიც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მეგობრისა და მოკავშირის მხარდაჭერაში“, - დასძინა ბეიკენმა.
სხვა რესპუბლიკელ ყოფილ კანონმდებლებს შორის არიან სენატის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი მიჩ მაკკონელი, სენატორები თომ ტილისი, ბილ კასიდი და ჯონ კორნინი, ასევე წარმომადგენელი მაიკლ მაკკოლი. მათი წასვლით კონგრესი კარგავს გავლენიანი ხმებს, რომლებიც მოსკოვისადმი უფრო ხისტი მიდგომის მომხრენი იყვნენ.
მიუხედავად ამისა, უკრაინულ-ამერიკული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სჯერათ, რომ კიევის მხარდაჭერა ორპარტიული დარჩება.
„თუმცა ამ საარჩევნო ციკლში ვკარგავთ უკრაინის დიდ მხარდამჭერებს, ყურადღება გადაგვაქვს მათზე, ვინც რჩება და მოველით, რომ უკრაინა მაინც მოიპოვებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ორივე პარტიისგან“, - განუცხადა RFE/RL-ს “ამერიკის უკრაინული კონგრესის კომიტეტის” პრეზიდენტმა, მაიკლ სავკივმა.
სავკივმა პრიორიტეტებად დაასახელა ადმინისტრაციის მიერ რუსული სანქციების ახლახან გაუქმებასა და დიზელის გარშემო შეთანხმებაზე კონგრესის ზედამხედველობა, უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების გაზრდა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცული სტატუსის გაგრძელება.
„შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს მსოფლიო ლიდერის პოზიცია მათთვის, ვინც იჩაგრება ან უცხო აგრესიის მსხვერპლია. მზად ვართ ვიმუშაოთ როგორც ხელახლა არჩეულ მოხელეებთან, ისე ახლად არჩეულებთან, რათა წინ წავწიოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, თქვა მან.
სენატში რესპუბლიკელმა ორმა თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში განუცხადა RFE/RL-ს, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა გაძლიერდეს კონგრესიდან ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. ისინი ლაპარაკობენ სანქციების შესახებ ახლახან წამოყენებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე. ის უკავშირდება სენატორ ლინდსი გრემს, რომლის დამაც წააგო საარჩევნო ბრძოლა მას შემდეგ, რაც ივლისში დაინიშნა ამ ადგილზე თავისი ძმის უეცარი გარდაცვალების შემდეგ.
ამრიგად, დემოკრატების კონტროლის ქვეშ მყოფმა კონგრესმა შესაძლოა, გაართულოს ტრამპის ძალისხმევა, მოსკოვთან უფრო დათმობებზე დაფუძნებული ურთიერთობის დასამყარებლად, განსაკუთრებით, თუ მისი ადმინისტრაცია შეეცდება სანქციების შემდგომ შემსუბუქებას.
თუმცა კანონმდებლები ასე მარტივად ვერ მიაღწევენ ყოველთვის მიზანს. ტრამპის ვეტოს უფლებამ და რესპუბლიკურმა ოპოზიციამ შეიძლება ხელი შეუშალოს მცდელობებს, დააწესონ ახალი შეზღუდვები, ან აიძულონ ადმინისტრაცია, გააფართოოს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. სენატზე დემოკრატიული კონტროლი პარტიას ასევე მიანიჭებს უფრო დიდ გავლენას საკანონმდებლო კალენდარზე, კომიტეტების გამოძიებებსა და ადმინისტრაციულ და სასამართლო ნომინაციებზე.
დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი, სავარაუდოდ, უმრავლესობის ლიდერის პოსტზე დაბრუნდება 2027 წელს.

