ბათუმის პლაჟის შენარჩუნება აჭარის მთავრობის პრიორიტეტი აღარ არის - Batumelebi
აჭარის ბიუჯეტი • აჭარის მთავრობა • სანაპირო ზოლი •
ბათუმში პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისთვის აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებული არ არის.
აეროპორტის ასაფრენ ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ პლაჟის მოსაწყობად, შესანარჩუნებლად და ასევე სანაპირო ზოლის გასამაგრებლად ზღვის ხელოვნური კვება, ანუ ხრეშის შეტანა ყოველწლიურადაა აუცილებელი.
ამ ტერიტორიის ხელოვნური კვების გარეშე დატოვება საფრთხეს შეუქმნის ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარე პლაჟსაც.

აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ ყოველწლიურად, 2029 წლის ჩათვლით უნდა დაფინანსებულიყო. / წყარო: ბიუჯეტი
2026 წელს, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ბიუჯეტში 2 მილიონ 600 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული ხელოვნური კვებისთვის, სამუშაოები არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ზოლამდე ზღვამ პლაჟი წარეცხა.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტში კი ეს „პრიორიტეტული“ პროგრამა საერთოდ არ არის.

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ დაფინანსებული აღარ არის / წყარო: ბიუჯეტის პროექტი
სანაპირო ზოლის გასამაგრებლად აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის დაფინანსებით ზღვაში 110 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეეტანათ, თუმცა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტის მიზეზად ის დაასახელეს, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში, ვიზუალური დათვალიერებით, საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა. და ეს მაშინ, როცა ჭოროხის კალაპოტიდან ყოველწლიურად ასიათასობით კუბურ მეტრ ხრეშს იღებენ სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისთვის, მათ შორის ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად.
ტენდერის შეწყვეტის შემდეგ „ბათუმელებს“ აჭარის სამმართველოში უთხრეს, რომ ხელახალი ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გამოაცხადოს.
ფონდის ინფორმაციით, ტენდერის გამოცხადება ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში კი, „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“, როგორც ასეთი, გაწერილი არ არის. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში „ზღვის ნაპირების გამაგრება“ მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, ისიც „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში“.
ბათუმში, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, სანაპიროს დასაცავად თავის დროზე სპეციალური ნაგებობა ლოდებით ააგეს, რაშიც 52,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ყოველწლიურად, ზღვის ხელოვნური კვება იყო საჭირო პლაჟის მოწყობა-შენარჩუნებისთვის.
საჭირო რაოდენობის ხრეშის შეუტანლობის გამო აქ არსებული პლაჟის ვიწრო ზოლი ზღვამ კვლავ წარეცხა. ტალღები, პარალელურად, ნაპირდამცავ ლოდებსაც ისევ შლის.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა „ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) პროექტი“, რომელიც სამმართველომ 2022 წლის 10 მაისს ჩაიბარა.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:
„ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.
ბათუმის სანაპიროს პრობლემებზე „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი უმთავრეს პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებს.
ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა.
თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა; ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში და ასევე, ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა.
შეწყდა პლაჟის ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები გამწმენდი ნაგებობისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება.
ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [ე.წ. რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] ზღვას გადააქვს და ბათუმის კონცხთან ზღვის კანიონში იკარგება.
მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ამ თემაზე:
რატომ არ არის პლაჟი ახალ ბულვართან – ზღვის ხელოვნურ კვებას აჭარის ბიუჯეტიდან აღარ დააფინანსებენ
SAY.GE · ბათუმი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე


