ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში
ფოტო: პუბლიკა

დღეს, 2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში წარმოადგინა.

საქართველოს შესახებ ანგარიში ხაზგასმულია დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სისტემის მოშლისა და საგარეო პოლიტიკისგან გადახვევის რამდენიმე კრიტიკული და მწვავე მიმართულება, რამაც „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა“.

ვიზის მექანიზმის რეკომენდაციების შეუსრულებლობა

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არც ერთი არ შეასრულა. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უკან დაიხია მმართველობისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველია.

ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, სადაც ცალკეა შეფასებული საქართველოს სავიზო პოლიტიკა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი და მიგრაციის მართვა, საქართველოს სავიზო პოლიტიკა კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის წესებისგან.

კერძოდ, საქართველოს უვიზო ქვეყნების სიაში 26 ქვეყანაა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. ევროკომისიის განცხადებით, ამ მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკასთან შემდგომი დაახლოების მიზნით ნაბიჯები არ გადადგმულა.

გარდა ამისა, საქართველო 17 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი ექვსი ქვეყნის: არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითისა და ომანის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე აძლევს. ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში შესასვლელად.

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 15 130-მა მოქალაქემ მოითხოვა. საქართველო იმ უვიზო ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე ხშირად მიმართავენ.

ამავე პერიოდში ევროკავშირის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში საქართველოს 10 445 მოქალაქე დააბრუნეს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 12 095 იყო. ევროკავშირიდან საკუთარი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობით საქართველო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) მიერ ორგანიზებულ დაბრუნების 27 ოპერაციაში მონაწილეობდა.

ევროკომისია საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის საფუძვლად არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მიუთითებს – ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან 2026 წლის 11 ივნისს გამართულ სავიზო დიალოგს პროგრესი არ მოჰყოლია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კომისიის შეშფოთებას იწვევს და უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი გახდა. ევროკომისია წერს, რომ 2026 წლის ივნისში გაძლიერებული დიალოგის მიზანი მიზანიც იმ გარემოებების გამოსწორება იყო, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება განაპირობა.

უვიზო მიმოსვლის შეჩერება ამ ეტაპზე საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს ეხება და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ვრცელდება. მექანიზმი 2026 წლის 6 მარტს, თავდაპირველად 12 თვის ვადით ამოქმედდა. ევროკომისია მიუთითებს, რომ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ვინაიდან საქართველო „მიზანმიმართულად და რეგულარულად არღვევდა“ ვალდებულებებს.

ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები, გაითვალისწინოს ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე და მერვე ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციები და მოაგვაროს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნისა და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების საკითხები.

ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა და პოლიტიკური რეპრესიები

ანგარიშში აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის საფუძველზეც მმართველი პარტია 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს და რომლის განხილვაც უკვე მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში.

დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნული მოვლენები საქართველოში პოლიტიკურ პლურალიზმს კიდევ უფრო ასუსტებს და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„ხელისუფლების ქმედებების შედეგად, რომლებიც მიმართული იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების წინააღმდეგ, ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ეს მოიცავდა მოქალაქეთა პოლიტიკური საქმიანობისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ახალ, მკაცრ შეზღუდვებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში მომზადების გარკვეულ დონეს ფლობს, თუმცა საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ ყოფილა.

„სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში კვლავ შეინიშნებოდა არასათანადო პოლიტიკური ჩარევის ნიშნები. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევებზე სასამართლო რეაგირების ყოვლისმომცველი მექანიზმის არარსებობა სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ოპოზიციური ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკავებები

ანგარიშში ნახსენებია, რომ ოპოზიციის ლიდერების უმეტესობას სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წარდგენილი (მათ შორის, სახელმწიფო ღალატის ბრალდება, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), ისინი ემიგრაციაში იმყოფებიან ან პატიმრობაში არიან. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამჟამად პარლამენტში 150 მანდატიდან 49 ვაკანტურია ოპოზიციის ბოიკოტისა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო.

საარჩევნო პროცესის სანდოობა და მონაწილეობის შეზღუდვა

გაფართოების 2026 წლის ანგარიშში წერია, რომ 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში გაიმართა, სანდო საერთაშორისო (ეუთო/ოდირის) და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე. გაუქმდა საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა და გენდერული კვოტები, რის შედეგადაც ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა 16.8%-მდე შემცირდა.

სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი რეპრესიული ზომები

ანგარიში ხაზს უსვამს რეპრესიულ საკანონმდებლო ჩარჩოს და აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონისა და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ერთობლივმა ამოქმედებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის იძულებითი და სტიგმატიზაციის შემცველი გარემო შექმნა.

დოკუმენტში ასევე საუბარია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაზე – ევროკომისია წერს, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიებები მიმდინარეობს ისეთი ფართო და ზოგადი ბრალდებებით, როგორიცაა „საბოტაჟი“, „მტრულ საქმიანობაში უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარება“ და „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“, რაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რამდენიმე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინულია.

ევროკომისია საუბრობს მედიაზე ზეწოლასა და ცენზურაზეც. კერძოდ იმაზე, რომ „დამოუკიდებელი მედიები და ჟურნალისტები მუდმივი ონლაინშეტევების, ფიზიკური ძალადობის, უკანონო დაკავებების, გადაღების აკრძალვისა და საზოგადოების ინფორმირების წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სასამართლო სარჩელების (SLAPP) სამიზნეები არიან, ხოლო სამართალდამრღვევები ფართო დაუსჯელობით სარგებლობენ.

დოკუმენტში მითითებულია მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების გადაჭარბებაც – „კომუნიკაციების კომისიამ გააფართოვა საკუთარი მანდატი და მაუწყებლობის შინაარსის რეგულირება დაიწყო, რის შემდეგაც კრიტიკული მედიასაშუალებების დაჯარიმება დაიწყო. პარლამენტმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს აკრედიტაცია შეუჩერა“, – წერს ევროკომისია.

ანგარიშში ნახსენებია „სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტიც“ – ანგარიში მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალმა დანაყოფმა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმეების მომზადება დაიწყო, რაც თვითნებური ცენზურის საფრთხეს ქმნის.

სასამართლო სისტემაზე კონტროლი და პოლიციის დაუსჯელობა – ევროკომისიის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით უკუსვლა ზედიზედ მესამე წელია გრძელდება. უფლებამოსილებები კიდევ უფრო კონცენტრირდა რეფორმას მოკლებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ამასთან, ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება, რომ სასამართლოები მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გასატარებლად გამოიყენება. ამავდროულად, სამართალდამცველების მიერ საპროტესტო აქციების დროს გადამეტებული ძალის გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებული ბრალდებები გამოუძიებელი რჩება.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია პატიმრობის მაღალი მაჩვენებელი და წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება – ევროპაში პატიმრობის მაჩვენებლით საქართველო მეოთხე ადგილზეა – ყოველ 100 000 მოსახლეზე 232 პატიმარი მოდის. ევროკომისია წერს იმასაც, რომ „პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების შემთხვევებში წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებულად და გაუმართლებლად გამოიყენება“.

ევროკომისია უარყოფითად აფასებს ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმებას. 

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხის მოუგვარებელია. „ოლიგარქიული გავლენა კვლავ მყარად არის ფესვგადგმული და ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებასა და დემოკრატიული კონსოლიდაციის შეფერხებას“, – წერს ევროკომისია.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისგან გადახვევა და სანქციები

ანგარიშს თანახმად, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი 38%-მდე შემცირდა. საქართველო არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის შემზღუდველი ზომების უმეტესობას.

ასევე, ევროკავშირის სანქციები ენერგეტიკისა და კრიპტოაქტივების სფეროში მოქმედი სუბიექტების წინააღმდეგ: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავების გამო, საქართველოს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციები აიკრძალა. სანქციების სიაში ასევე მოხვდა საქართველოში რეგისტრირებული სამი კრიპტოორგანიზაცია. ამასთან, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგი კვლავ გაყინულია, ხოლო ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარება და ორმხრივი დაფინანსება, ჯამში 121 მილიონ ევროზე მეტი, შეჩერებულია ან არ გაიცემა.

ფუნდამენტური უფლებების ცალკეული მიმართულებებით შეზღუდვა

ევროკომისია აღნიშნავს, რომ „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტმა ფართო აკრძალვები დააწესა ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების სამართლებრივ აღიარებაზე, შვილად აყვანაზე, გენდერის დამადასტურებელ სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე LGBTIQ+ საკითხებთან დაკავშირებულ საჯარო შეკრებებსა და მედიაგაშუქებაზე.

ევროკომისიას არც განათლების კუთხით გატარებული ცვლილებები გამორჩენია – ანგარიშში ნათქვამია, რომ „უმაღლესი განათლების რეფორმებმა შემოიღო სწრაფი და ცენტრალიზებული კონტროლის მექანიზმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას“.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 04.11.2026, 18:45. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ