„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკავშირში შეიცვლებიან“ — რა თქვა კობახიძემ Euronews-ის სამიტზე
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
„ჩვენ სრულიად მოქნილები ვართ და მზად ვართ დისკუსიების დასაწყებად“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-ის სამიტზე გამართულ ინტერვიუში. ამასთან, კობახიძის თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ევროკავშირში დამოკიდებულებები შეიცვლება და ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს მიმართ პოზიციას გადახედავენ.
Euronews-ის ჟურნალისტთან საუბრისას კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციური და პოლიტიკური პრიორიტეტია, თუმცა ევროკომისიისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების შეფასებები უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ევროკავშირთან ყველა საკითხზე საჯარო დისკუსიისთვის, თუმცა კანონმდებლობის შეცვლას ან შეჩერებას სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევად მიიჩნევს.
ჟურნალისტმა ინტერვიუ 2024 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე უარის თქმის გახსენებით დაიწყო და კობახიძეს ჰკითხა, რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება, რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ერთგულია. მისი თქმით, ეს მიზანი კონსტიტუციაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ შეიტანა, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მთავარი სლოგანი იყო „ღირსებით ევროპისკენ“. პრემიერის მტკიცებით, ამ მიზნის ერთგულია ქართიული საზოგადოებაც და სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ამომრჩეველთა 54-მა პროცენტმა.
კობახიძემ გაიხსენა, რომ საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა, თუმცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი თავდაპირველად არ მიენიჭა. მისი შეფასებით, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან ევროკომისიის შეფასებებით, საქართველო მოლდოვასა და ბოსნიაზე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. პრემიერის მტკიცებით, ეს ვითარება ოპოზიციამ და ევროპული თუ სხვა წყაროებიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის ორგანიზებისთვის გამოიყენეს.
რაც შეეხება 2024 წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას, კობახიძემ გაიმეორა ის, რაც 2 წლის წინ თქვა – ხელისუფლებამ მხოლოდ უარი თქვა, საკუთარი მხრიდან დღის წესრიგში დაეყენებინა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და რომ „განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ თუ ევროკომისია მოლაპარაკებების გახსნას გადაწყვეტდა, საქართველო პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთვებოდა“.
კობახიძემ გაიმეორა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პროპაგანდისტული ნარატივი, რომ „საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება ევროკომისიამ 2024 წლის ივნისში მიიღო – მანამდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე საკუთარ განცხადებას გააკეთებდა“. გაიმეორა სიტყვა „შანტაჟიც“.
„ეს იყო პასუხი ევროკომისიის ზოგად, უსამართლო პოლიტიკაზე. ჩვენ მივხვდით, რომ ევროკომისია კანდიდატის სტატუსის საკითხს პირველ ეტაპზე, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხს მეორე ეტაპზე საქართველოსა და ქართული საზოგადოების შანტაჟისთვის იყენებდა. ეს მიუღებელი იყო“, – თქვა მან.
ჟურნალისტმა კობახიძეს შეახსენა, რომ ქართული საზოგადოება ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ მაღალი ნდობით გამოირჩევა და ჰკითხა, რამდენად სამართლიანი იყო იმის მტკიცება, რომ ევროკომისია საზოგადოებას აშანტაჟებდა.
კობახიძემ თქვა, რომ „საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის მიმართ მაღალი, ხოლო ევროკომისიის მიმართ დაბალი ნდობა აქვს“, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 54 პროცენტი ენდობა.
ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ევროკომისიის კრიტიკულ ანგარიშს. ჟურნალისტმა ციტატები მოიყვანა დოკუმენტიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციას მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, თუმცა ამავდროულად ევროკავშირის მიმართ მტრულ რიტორიკას ავრცელებს; რომ მაღალი თანამდებობის პირები, მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული მედია ევროკავშირსა და მის პოლიტიკას დისკრედიტაციას უწევენ; ასევე, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული რეპრესიული ზომები სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებთან. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შეცვლილმა სამართლებრივმა ჩარჩომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება შეარყია.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება ევროკავშირთან დაახლოებას, თუ თავად ევროკომისია დემოკრატიულ უკუსვლასა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე საუბრობს, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპელი ბიუროკრატების კრიტიკა აუცილებელია. მისი თქმით, ხელისუფლება ევროკომისიას საჯარო დებატებს სთავაზობს, რათა ანგარიშში მოცემული შეფასებები ღიად განიხილონ და დაამტკიცონ, რომ ისინი რეალობას არ შეესაბამება.
„ეს ანგარიში მთლიანად პოლიტიკურია. რაც შეეხება რეალურ შეფასებას, ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, თავად ევროკომისიაც აქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც ექსპერტულ შეფასებებს ეფუძნება. ამ შეფასებების თანახმად, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა. ჩვენს ქვეყანაში დაცულია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. საქართველო ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამოირჩევა და ამას ვერც ერთი ექსპერტი ვერ უარყოფს“, – თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, აპირებს თუ არა იმ კანონების გაუქმებას, რომელთა შეცვლასაც ევროკომისია და ვენეციის კომისია ითხოვენ. კობახიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება მზად არის საუბრისა და საჯარო განხილვისთვის, თუმცა არ აპირებს ეროვნული დღის წესრიგის შეცვლას. მისი თქმით, ასოცირების დღის წესრიგი საქართველოს ეროვნულ დღის წესრიგში შედის.
„ჩვენი შეთავაზებაა, დავიწყოთ საუბარი და ეს გავაკეთოთ საჯაროდ და არა დახურულ კარს მიღმა.
ქართულმა საზოგადოებამ და ზოგადად საზოგადოებამ, მათ შორის ევროპაში, უნდა იცოდეს, რა არის ამ დისკუსიის შინაარსი და რას ეხება ეს დებატები.
ეს არის ჩვენი ძირითადი შეთავაზება — ღია და საჯარო დისკუსია თითოეულ საკითხზე: საქართველოში დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ ტენდენციებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ მივიღეთ, და ა.შ.
მოდით, გავმართოთ საჯარო დებატები, რადგან სრულად დარწმუნებული ვართ, რომ მართლები ვართ.
ჩვენ მართლები ვართ, როდესაც ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად და საქართველოს უფრო განვითარებულ, უფრო დემოკრატიულ და უფრო გამჭვირვალე ქვეყნად ქცევისთვის.
სწორედ ეს არის ჩვენი სურვილი. მოდით, გავმართოთ დებატები“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე თქვა, რომ იურისტია და შესაბამისად, იცის, რომ „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს“, ხოლო „ვენეციის კომისიის ანგარიში პოლიტიკურად მოტივირებულია და მას სამართალთან, სამართლებრივ სტანდარტებსა და იურიდიულ საკითხებთან კავშირი არ აქვს“.
ჟურნალისტმა რამდენჯერმე დააზუსტა, გულისხმობდა თუ არა კობახიძე იმას, რომ ვენეციის კომისიის ანგარიშიც პოლიტიკურია და მისი შეფასებები სანდო არ არის.
„ვენეციის კომისიის ანგარიში მთლიანად პოლიტიკურია. მას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან, სამართლებრივ სტანდარტებთან და იურიდიულ საკითხებთა“, – უპასუხა კობახიძემ.
ერთ-ერთი რეპრესიული კანონი, რომლის გაუქმებასაც ვენეციის კომისია მოითხოვს, რუსული კანონია – ე.წ კანონი გამჭვირვალობის შესახებ. კობახიძემ ამ შემთხვევაშიც გაიმეორა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება“.
ჟურნალისტმა კობახიძეს შეახსენა, რომ ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონების მიზანი მკაფიო არ იყო, მათი განმარტებები ზედმეტად ფართო იყო, ხოლო სისხლისსამართლებრივი სასჯელები – არაპროპორციული. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისია კანონების გაუქმებას ითხოვდა. კობახიძემ ამ შეფასებებს კვლავ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ სადავო კანონმდებლობის დეტალებზე სამართლებრივი არგუმენტებით უნდა იმსჯელონ.
ჟურნალისტმა კობახიძეს ასევე სთხოვა დაეზუსტებინა, ვის გულისხმობდა „ევროპელ ბიუროკრატებში“. კობახიძის პასუხით, ამ კატეგორიაში შედიან ევროკომისია, ვენეციის კომისია და ის ლიდერები, რომლებიც 27 ქვეყნის სახელით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ.
კითხვაზე, რატომ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ კობახიძე ამ ინსტიტუტებსა და მათ წარმომადგენლებს ასე აკრიტიკებს, მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ: „იმიტომ, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილი და სჯერათ, რომ ისინი შეიცვლებიან“.
„კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ისინი შეიცვლებიან.
და ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას არ ეხება. ეს თავად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებასაც უკავშირდება. როდესაც ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციებს ვაკვირდებით, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ეკონომიკურ ტენდენციებს, იდენტობასთან დაკავშირებულ პროცესებსა და სუვერენიტეტის საკითხებს.
პრობლემა ის არის, რომ დაახლოებით 20 წლის წინ ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე მდიდარი მოთამაშე იყო. ევროკავშირის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი აშშ-ის მშპ-ზე მეტი იყო. ის ჩინეთის მშპ-ზეც გაცილებით მაღალი იყო. ახლა კი, თუ მონაცემებს შევხედავთ, შეერთებული შტატები ევროკავშირზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ჩინეთი კი უკვე ევროკავშირის მშპ-ის დონეს აღწევს“, – თქვა მან.
Euronews-ის სამიტის პანელურ ინტერვიუში კობახიძემ ასევე გაიმეორა ის, რაც საქართველოშიც რამდენჯერმე უთქვამს – ევროკავშირი კიდევ ერთხელ შეადარა საბჭოთა კავშირს.
„ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირში ღირსებით გავწევრიანდეთ. საქართველო დაახლოებით 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. ჩვენ გვახსოვს ის დრო. მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს ის პერიოდი, როდესაც მოსკოვი რაღაცას იტყოდა და საქართველო ვალდებული იყო, მას დამორჩილებოდა. ასეთი მიდგომა დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელია“, – თქვა მან.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი კობახიძესთან ერთად ფოტოს გადაღებაზეც უარს ამბობს, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ღირებულებები არ აქვს.
„მე ყველა მათგანთან მაქვს გადაღებული ფოტო“, – თქვა კობახიძემ.
„ეს კარგია, მაგრამ ისინი არ გთხოვენ ფოტოს გადაღებას – ისინი ამბობენ, რომ არ სურთ თქვენთან ერთად ფოტოზე ყოფნა“, – თქვა ჟურნალისტმა. „მესმის“, – უპასუხა კობახიძემ.
ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებაც. მან იკითხა, შეესაბამება თუ არა ძლიერი დემოკრატიის პრინციპებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნა და ხომ არ შექმნის ეს პრობლემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე.
„ეს სამართლებრივი საქმეა. ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი კომენტარები გააკეთონ. მაგრამ არავინ აკეთებს სამართლებრივ კომენტარებს. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ“, – თქვა პრემიერმა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვაშიც აკრძალეს პოლიტიკური პარტიები. [მოლდოვასა და უკრაინაში პრორუსული პოლიტიკური პარტიები აკრძალეს].
ირაკლი კობახიძე ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და მას საზოგადოების 50%-ზე მეტი ენდობა.
ჟურნალისტმა კობახიძეს შეახსენა ვენეციის კომისიის ანგარიში, რომელშიც სასამართლო და სამართლებრივი სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციებია წარმოდგენილი. მისი თქმით, დოკუმენტი დაახლოებით 90-გვერდიანია, მათ შორის 12 გვერდზე ჩამოთვლილია კონკრეტული რეფორმები. ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, თუ ხელისუფლება სამართლებრივ რეკომენდაციებს ითხოვს, რატომ აცხადებს, რომ ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის შეფასებები პოლიტიკურია და მცდარ ინფორმაციას ეფუძნება.
კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ოპოზიციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საქმეების რაოდენობის შემცირება ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ამასთან, მან არასამთავრობო ორგანიზაციების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა ამ ცნების გამოყენება გარკვეულწილად „ყალბია“.
ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ სცადა გაერკვია, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთავაზობდა კობახიძე ევროკავშირს და სად აპირებდა ხელისუფლება მოქნილობის გამოჩენას – კანონმდებლობის, მედიისა თუ სასამართლო სისტემის საკითხებში. კობახიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება „სრულიად მოქნილია“ და მზად არის დისკუსიების დასაწყებად, თუმცა მოლაპარაკებებს გარკვეული წინაპირობები აქვს.
„ეს წინაპირობებია სუვერენიტეტი, ღირსება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა“, – თქვა კობახიძემ. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის შეფასებით, სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ეს პრინციპები.
ჟურნალისტმა ასევე შეახსენა კობახიძეს, რომ ევროკავშირი უკვე ერთი წელია ითხოვს კანონების გაუქმებას და ჰკითხა, რატომ არ დგამს მთავრობა ამ მიმართულებით ნაბიჯებს. კობახიძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობის შეჩერება გამოსავალი არ არის და ეს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა იქნებოდა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო თუ ვინმეს მათთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს, ხელისუფლებასთან სამართლებრივი არგუმენტებით უნდა მივიდეს.
ჟურნალისტმა ინტერვიუ შეაჯამა და თქვა, რომ ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციას ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებიც იზიარებენ და საბოლოოდ სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ საქართველოს გაწევრების საკითხი, ამ ეტაპზე კი ეს პერსპექტივა რთულად გამოიყურება.
ხოლო ირაკლი კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ ევროპული მიდგომები შეიცვლება.
Euronews-ის სამიტი არის მაღალი დონის კონფერენცია, რომელსაც საინფორმაციო ტელეკომპანია Euronews ორგანიზებას უწევს. ის აერთიანებს პოლიტიკურ ლიდერებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემმუშავებლებს, დიპლომატებს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, რათა განიხილონ ევროპისა და საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები.
ევრონიუსის კონფერენცია პირველად ჩატარდა შარშან, 2025 წლის 4 ნოემბერს და წელს, 2026 წლის 3 ნოემბერს ტარდება მეორედ.
წლევანდელი კონფერენციის თემა არის ევროპის მომავალი და ის ევროკავშირის გაფართოების საკითხს დაეთმო. კონფერენციაში ძირითადი მონაწილეები, პანელისტები იყვნენ ევროკავშირის კანდიდატი ან ასოცირებული ქვეყნების ლიდერები, ასევე იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ ევროკავშირთან დაახლოება და სამომავლოდ გაწევრება.
SAY.GE · შეიცვლებიან (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


