ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

23-სართულიანი აპარტოტელის მშენებლობა კვარიათში ეკსკლუზიური კერძოის პლაჟით - Batumelebi

გონიო • მშენებლობა ბათუმში •

23-სართულიანი აპარტოტელის მშენებლობა კვარიათში ეკსკლუზიური კერძოის პლაჟით - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

კვარიათის პლაჟის გასწვრივ, იმ ადგილთან ახლოს, სადაც წლების განმავლობაში კაფე „რაკუშკები“ ფუნქციონირებდა, 2370 კვადრატული მეტრი ფართობის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] ბათუმის საკრებულომ 2026 წლის მარტში დაამტკიცა. ივლისში კი ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ მშენებლობის ნებართვა გასცა.

სამშენებლო ფართობი გზასა და პლაჟს შორისაა მოქცეული და აქ მშენებლობის მსურველმა კომპანიამ ტერიტორია კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, „იქ, სადაც ზღვა მთას ხვდება“ [ამ ადგილს ასე კვარიათში უწოდებენ] 23-სართულიანი აპარტოტელის მშენებლობას შპს „ლიც ანქორი“ გეგმავს.

კომპანიას სამშენებლო მოედნის მომზადების სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს.

სამშენებლო მოედანი – გადაღებულია საავტომობლო გზის მხრიდან

სამშენებლო მოედანი პლაჟის მხრიდან

არც გდგ-ში და არც მერიაში წარდგენილ დოკუმენტებში იახტკლუბისა და საბაგიროს მოწყობის თაობაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა კომპანიის მფლობელს თავისი გეგმები საჯაროდ აქვს გაცხადებული.

შპს „ლიც ანქორის“ მფლობელი,  დიმიტრი ტვილდიანი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სარფის მთაზე საკუთარი სასტუმრო კომპლექს „ლიციდან“ სანაპირომდე საბაგიროს მოწყობა სურს, ასევე განზრახული აქვს იახტკლუბის მოწყობა სანაპიროზე მშენებარე აპარტოტელთან ახლოს.

„ის იახტები, რომლებიც მოინდომებენ თურქეთისკენ ან ხმელთაშუა ზღვაში წასვლას, საბაჟო კონტროლს გაივლიან ჩვენთან. ასევე გათვალისწინებული გვაქვს საბაგირო გზა, რომელიც კიდევ 5 მილიონი ევრო დაჯდება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ორწელიწად-ნახევარში ყველაფერი დამთავრებული იქნება“, –  უთხრა დიმიტრი ტვილდიანმა ჟურნალისტებს „ლიც ანქორის“ პროექტის პრეზენტაციაზე.

პროექტის რენდერი

პრეზენტაციაზე განაცხადეს ასევე, რომ კომპანიის გეგმებშია შენობის ბოლო სართულზე 100 მეტრი სიგრძის ოვალური საცურაო აუზის მოწყობა, რომელსაც ნელი დინება ექნება.

შპს „ლიც ანქორის“ დამფუძნებელი, დიმიტრი ტვილდიანი აუზის პროექტს „ზარმაცი მდინარის პროექტს“ უწოდებს.

რენდერი

კომპანიას მშენებარე პროექტში აპარტამენტების გაყიდვები უკვე დაწყებული აქვს. აქ ერთი კვ მეტრის ფასი 3800 დოლარიდან 4800 დოლარამდეა.

პროექტის ვებგვერდზე, სადაც მის უპირატესობებზე ამახვილებენ ყურადღებას, სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად მიუთითებენ, რომ სასტუმროს „ექსკლუზიური პლაჟი“ ექნება, სადაც ზღვის წყალი ყველაზე სუფთაა.

„სასტუმროს აქვს ექსკლუზიური კერძო პლაჟი, რომელიც დანარჩენი სივრცეებიდან გამოყოფილია ერთი მხრიდან პატარა მთის მდინარით, მეორე მხრიდან კი – კლდით. სასტუმროს პლაჟზე ყველაზე სუფთა ზღვაა, რადგან მუდმივ დინებას ჭოროხის მიერ ჩამოტანილი ტალახი მიაქვს ბათუმისკენ. სამხრეთიდან მომავალ დინებას კი ბუნებრივი კონცხი გვაშორებს“,  – წერენ კომპანიის ვებგვერდზე.

პროექტის რენდერი და კლაჟი

ვებგვერდზე ექსკლუზიური პლაჟი, სწორედ კერძო პლაჟად არის მოხსენიებული

საქართველოს კანონმდებლობა პლაჟის გაყიდვას არ უშვებს, შესაძლებელია მხოლოდ საიჯარო წესით გასხვისება გარკვეული ვადით და დათქმით, ისე, რომ საჯარო სივრცე, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე, სხვა მოქალაქეებისთვის არ შეიზღუდოს.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ 2026 წლის თებერვალში სარფში ზღვის სანაპიროზე „ლიც ანქორის“ მშენებარე პროექტთან ახლოს მთავრობამ ზღვა 93 726 კვ.მეტრი ფართობი ხმელეთად დაარეგისტრირა. რეესტრს შესაბამისი განაცხადით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა.

ფოტოზე შემოხაზულია სარფის ზღვის ნაწილი, რომელიც ხმელეთად დაარეგისტრირეს, წითლად მონიშნული ადგილი კი „ლიც ანქორის“ პროექტის სამშენებლო ტერიტორია.

მართალია, ის ჯერ საიჯარო წესით არ გაუსხვისებიათ, თუმცა ინფორმირებული წყარო სამთავრობო უწყებიდან „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სარფის ზღვის ნაწილის ხმელეთად დარეგისტრირება „ლიცის“ ინტერესს უკავშირდებოდა. იგივე გვითხრეს „რაკუშკებისთვის“ ტერიტორიის დატოვების მოთხოვნის გადაწყვეტილებაზეც, მაშინ, როცა მფლობელს ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდა.

დიმიტრი ტვილდიანი „ბათუმელებთან“ არ უარყოფს, რომ მთავრობის წევრებთან  პლაჟზე იახტკლუბის  მოწყობის იდეაზე საქმიანი საუბარი ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, შეხვდა „ოცნების“ პრემიერს ირაკლი კობახიძეს და ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს. მათ კი იდეა მოეწონათ.

რაც შეეხება პლაჟის ხმელეთად დარეგისტრირებას, დიმიტრი ტვილდიანი გვეუბნება, რომ „არასწორად შემოხაზეს“  და მისი პროექტი იახტკლუბის მოწყობას უფრო კლდოვანი სანაპიროს ნაწილში ითვალისწინებს: „ მე ვუთხარი მათ კიდეც, რომ ეს არასწორად არის შემოხაზული“.

ტვილდიანი გვარწმუნებს, რომ იახტკლუბი ჩაფიქრებულია ისე, რომ პლაჟი არ შევიწროვდეს. ის „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ „ექსკლუზიური პლაჟი კერძოს არ ნიშნავს და მის შემოღობვას არავინ აპირებს.“ თუმცა ამბობს, რომ კომპანია ამ პლაჟზე შექმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც ფასიანი იქნება.

„დიახ, საზოგადოებრივი პლაჟი იქნება. რა თქმა უნდა, მოღობვას არავინ აპირებს და არც შეიძლება, მე ამას არ ვეთანხმები. მიგიღებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ უფასოდ ტახტს ვერ დაგიდგამთ“, – გვითხრა მან, როცა ვკითხეთ, ხომ არ მოხდება ისე, რომ მომავალში პლაჟით ვეღარ ისარგებლებს ის, ვისაც უფასოდ მოუნდება პლაჟზე, მხოლოდ ქვებზე წამოწოლა.

დიმიტრი ტვილდიანის განმარტებით, სიტყვა ექსკლუზიურში გულისხმობენ იმას, რომ პლაჟის ეს ნაწილი გამოყოფილია პატარა მდინარით მათი სამშენებლო ტერიტორიის წინ.

პლაჟით პატარა მდინარით გამოყოფა არ ნიშნავს იმას, რომ ის შესაძლოა სხვანაირადაც გამოყონ და ჩაკეტონ საზოგადოებისთვის. დიმიტრი ტვილდიანმა ამ საკითხის განხილვისას მაინც გვკითხა: „ გონიოდან ამ ადგილამდე პლაჟია და მაინცდამაინც აქ გინდათ პლაჟზე წამოწოლა?“ – იქვე დაგვიდასტურა, რომ პლაჟის ჩაკეტვის მომხრე არ არის და ამას არც აპირებს.

მისივე თქმით, მთავარია, იქ, სადაც ზღვა მთას ხვდება, სამედიცინო ტურიზმი, კერძოდ კი ე.წ. ფაგებით მკურნალობა განავითაროს და ამ შესაძლებლობით დააინტერესოს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ამიტომაც სჭირდება საბაგიროც.

„საბაგიროს, ჩემი აზრით, სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. ეს უნდა შესთავაზოს დამსვენებელს, რადგან ასეთი ადგილი, ზღვა და მთა ერთად მსოფლიოში სულ სამია, ბევრი არ არის“.

საბაგიროს მოწყობაზე ჯერ ნებართვა არ არის გაცემული. ჯერ არც პროექტი არსებობს, მაგრამ განიხილება. 2026 წლის 27 ივლისს ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, გამოსცა ბრძანება მთელი რიგი რეკომენდაციებით, რითაც გაერთიანებულ მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობის პროექტი შეითანხმა.

მანამდე, 2026 წლის 30 მარტს, განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადებაზე დადგენილება გამოსცა ბათუმის საკრებულომ, რომლის მიხედვითაც კომპანია პროექტის კოეფიციენტის გადამეტებისთვის კომპენსაციის სახით [რაც კანონით დაწესებული] მერიის საბინაო ფონდში შეიტანს ნამატი ფართობის 10 პროცენტს [შავი კარკასი] ან ბიუჯეტში გადაიხდის შესაბამის ღირებულებას – ამ შემთხვევაში თეთრი კარკასის ღირებულებას, ოღონდ არა 10, არამედ 4 პროცენტიდან.

„ლიც ანქორის“ სამშენებლო პროექტის გვერდით მშენებლობის ნებართვას აქვს შპს „ახალ ჯგუფს“. კომპანიას მშენებლობა წლებია დაწყებული აქვს. მას შედარებით მცირე მასშტაბის პროექტი აქვს შეთანხმებული მერიასთან. „ლიც ანქორის“ მიერ გავრცელებული ფოტომასალა, ერთი მხრივ, ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ეს ორი პროექტი გაერთიანდა.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რთულად წარმოსადგენია, „ლიც ანქორის“ მიერ გაცხადებული გეგმებისთვის ის ფართობი იყოს საკმარისი, რაც კომპანიას ამ დროისთვის აქვს სანაპიროზე დარეგისტრირებული.

შეთანხმებული პროექტის პარამეტრები

შეთანხმებული პროექტის პარამეტრები

„ბათუმელები“ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კომპანიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მსგავსი შეთანხმება „ამ ეტაპზე არ არსებობს.“

დოკუმენტების მიხედვით კი, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, „ლიც ანქორს“  მერიაში წარდგენილი აქვს დოკუმენტი „ახალი ჯგუფის“ თანხმობის თაობაზე, თუმცა გარკვეული დათქმებით. ამ დათქმების შინაარსი გვაფიქრებინებს, რომ „ახალ ჯგუფში“ კარგად იციან „ლიც ანქორის“ გეგმების შესახებ კვარიათი-სარფის სანაპიროზე.

ამონარიდი „ახალი ჯგუფის“ თანხმობის შესახებ დოკუმენტიდან

დიმიტრი ტვილდიანი „ბათუმელებთან“ არც იმას უარყოფს, რომ ამ ორი პროექტის გაერთიანებას განიხილავს და ამაზე ერთხელ უკვე ჰქონდა საუბარი შპს „ახალი ჯგუფის“ ერთ-ერთ მფლობელთან, ზაზა რობიტაშვილთან.

შპს „ლიც ანქორის“ მფლობელი დიმიტრი ტვილდიანი ფლობს ასევე შპს „ლიცს“, რომლის საკუთრებაშია სარფის მთაზე ერთ ჰექტრამდე ფართობზე გაშენებული სასტუმრო კომპლექსი. საჯარო რეესტრის ამონაწერით, ახლა ეს ქონება „ბაზის ბაკზეა“ დარეგისტრირებული.

დიმიტრი ტვილდიანს ვკითხეთ, რა სახსრებით აპირებს ახალი პროექტების განხორციელებას, მაშინ, როცა შპს „ლიცის“ ქონება  ბანკშია დაგირავებული. მან გვითხრა, რომ ამ პროექტს ძალიან დიდი დანახარჯი ჰქონდა: „თქვენ იცით, რომ იქ არაფერი არ იყო – არც ინტერნეტი, არც გზა, ეკალ-ბარდი მხოლოდ“.

სხვა დეტალები კი არ დააკონკრეტა.

განიხილავს „ოცნების“ მთავრობა კვარიათი-სარფის პლაჟზე, ზღვის ნაწილის შპს „ლიც ანქორისთვის“ საიჯარო წესით გადაცემას? მართალია თუ არა, რომ კომპანიამ მიმართა მთავრობას მოთხოვნილ ტერიტორიაზე იახტკლუბის მოწყობის თაობაზე? ასევე, მიმართა თუ არა იგივე კომპანიამ მთავრობას სარფის მთიდან სანაპირომდე საბაგიროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით? – ამ კითხვებით აჭარის მთავრობას მივმართეთ დღეს, 2 ნოემბერს, თუმცა პასუხისთვის თავი არავინ შეიწუხა.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ცაგო კახაბერიძე · გამოქვეყნდა 02.11.2026, 21:47. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ