ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

Amnesty International ალიევისგან ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აზერბაიჯანის ხელისუფლებას Meydan TV-ის საქმის ფარგლებში დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია სამი ჟურნალისტის – Meydan TV-ის მთავარი რედაქტორის, აინურ ელგუნეშის, ჟურნალისტ აითაჯ…

Amnesty International ალიევისგან ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს
ფოტო: ნეტგაზეთი

02.11.202602.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აზერბაიჯანის ხელისუფლებას Meydan TV-ის საქმის ფარგლებში დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია სამი ჟურნალისტის – Meydan TV-ის მთავარი რედაქტორის, აინურ ელგუნეშის, ჟურნალისტ აითაჯ თაფდიგისა და რედაქტორ შემშად აღას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ საპატიმროში სათანადო სამედიცინო დახმარება არ მიეწოდებათ.

ორგანიზაციის განცხადებით, ელგუნეში, რომელსაც თირკმლის სერიოზული პრობლემა აქვს, 18 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას გადაუდებელი ოპერაცია ურჩიეს, თუმცა ის ამ დრომდე არ ჩატარებულა. 26 ოქტომბერს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ მისი შინაპატიმრობაში გადაყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

Amnesty International-ის ცნობით, აითაჯ თაფდიგი 22 თვეზე მეტია საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, ხოლო კუჭის წყლულის მქონე შემშად აღას მკურნალობა ესაჭიროება.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს Meydan TV-ის საქმის სხვა დაკავებული ჟურნალისტების მიმართ პოლიციისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. მათ შორის, ულვია ალი (გულიევა) აცხადებს, რომ ორჯერ დაემუქრნენ სექსუალური ძალადობით და სცემეს; აისელ უმუდოვა – სექსუალურ შევიწროებაზე, ხაიალე აღაევა – ფსიქოლოგიურ, ხოლო ნურლან ლიბრე (გაჰრამანლი) – ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ბრალდებებზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა.

Amnesty International-ის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 12 ბრალდებულის წინააღმდეგ სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა 12 ოქტომბერს 79 089 მანათის ოდენობის სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. ორგანიზაციის შეფასებით, სარჩელში არ არის განმარტებული თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და მათ შორის თანხის განაწილება.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობის გამო პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით იდევნებიან. Amnesty International-ის ცნობით, 2023 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანში დაახლოებით 30 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელია დაკავებული.

ორგანიზაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ჟურნალისტები, უზრუნველყოს მათი სათანადო სამედიცინო დახმარება და დამოუკიდებლად გამოიძიოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები. კამპანია 2027 წლის 30 იანვრამდე გაგრძელდება.

Meydan TV-ის საქმეზე პირველი დაკავებები 2024 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად საქმეზე 12 პირი არის ბრალდებული. მათ ბრალად კონტრაბანდა და სხვა დანაშაულები ედებათ, თუმცა ბრალდებებს არ აღიარებენ და დაკავებას ხელისუფლების კორუფციისა და სხვა დარღვევების შესახებ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: netgazeti.ge · გამოქვეყნდა 02.11.2026, 16:40. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ