„როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო“ - TV პირველის ინფორმაციას თბილისის მერია უარყოფს - Batumelebi
თბილისი • მიუსაფარი ცხოველები • ცხოველთა უფლებების დაცვა •
ტელეკომპანია „პირველმა“, „შაბათის ეთერმა“, 31 ოქტომბრებს გამოაქვეყნა სიუჟეტი – „როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო – გამაოგნებელი კადრები საიდუმლო სამარხებიდან“, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან.
„პირველი“, წყაროებზე დაყრდნობით, აღნიშნულს უკავშირებს ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიუსაფარი ძაღლები, რომლებზეც ცხოველთა უფლებადამცველები ზრუნავენ, ქუჩებიდან ქრებიან და მათ, შესაძლოა, მიზანმიმართულად, ფარულად კლავენ, რაც კანონდარღვევაა.
„შაბათის ეთერის“ ცნობით, რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ თბილისში სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს, შუაღამისას იწყებენ ძაღლების დამარხვას და თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამე ზოგჯერ ორ რეისს აკეთებს.
„პირველის“ სიუჟეტს გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში გამოეხმაურა თბილისის მერია, რომელიც უარყოფს ბრალდებას კანონდარღვევის შესახებ და აცხადებს, რომ აღნიშნული სიუჟეტი „საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ და „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციას“ ისახავს მიზნად.
მერია ასევე აცხადებს, რომ სამართლდამცავ ორგანოებს მიმართეს.
„…ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით.
აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება.
აღნიშნული ინფორმაცია არასოდეს ყოფილა დამალული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ.
…ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები სწორედ ის პირები, რომლებმაც, საზოგადოებაში დაძაბულობის და პანიკის დათესვის მიზნით, ჩაიდინეს უკანონობა და გადათხარეს დაღუპულ ცხოველთა სამარხები. ამ ადამიანებს თავადაც არაერთხელ უსარგებლიათ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სერვისით, რათა დაემარხათ მათივე გარდაცვლილი ცხოველები.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია.
ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“ – ვკითხულობთ თბილისის მერიის განცხადებაში.
„ტვ პირველის“ სიუჟეტის შემდეგ დღეს, პირველ ნოემბერს, ცხოველთა უფლებებისდამცველი აქტივისტები 18:30 საათზე კანცელარიასთან შეკრებას აანონსებენ.
„უცილებელია გამჭვირვალე, სრულყოფილი გამოძიება; დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელიც გამოიკვლევს სიკვდილის მიზეზს და დაადგენს, გამოყენებული იყო თუ არა სედაცია ან ანესთეზია; სრული დოკუმენტაცია სამარხში ნაპოვნი ცხოველების შესახებ, მათ შორის სამედიცინო დასკვნები, გამოყენებული პრეპარატები და სიკვდილის მიზეზები; ახსნა-განმარტება, რატომ არ მარხავენ ცხოველებს ბიოთერმულ ორმოებში, რაც დაავადებათა გავრცელების პრევენციას მოახდენდა“ – ნათქვამია განცხადებაში.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა საქართველოში დღემდე დაუძლეველ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და ქვეყანაში ასობით მოხალისე საკუთარი ინიციატივით ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, პრობლემა წლებია ვერ გვარდება.
ბოლო თვეებში ცხოველთა უფლებადამცველები საუბრობენ არაერთ შემთხვევაზე, რაც ეჭვებს აჩენს, რომ სახელმწიფო შესაძლოა არაჰუმანური, უკანონო გზით ცდილობს გადაჭრას ეს პრობლემა.
ამავე თემაზე:
ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები
SAY.GE · თბილისი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე


