პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს პარტიების აკრძალვის პროცესის გამო

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს პარტიების აკრძალვის პროცესის გამო
ფოტო: პუბლიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებებით თავისუფლად სარგებლობა შეძლონ.

დღეს მან განცხადება გაავრცელა:

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ღრმა შეშფოთებას იწვევს ჩემში, განსაკუთრებით კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად.

ეს მოვლენები სერიოზულ კითხვებს აჩენს პოლიტიკურ პლურალიზმთან, დემოკრატიულ კონკურენციასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან მიმართებით. მოქალაქეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი და რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის გააკეთონ არჩევანი, დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია.

საქართველოს კონსტიტუციური პროცესებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემის პარალელურად, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომლის გამართლება მხოლოდ უკიდურესად მკაცრი პირობების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. პოლიტიკური უთანხმოებები დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით უნდა გადაიჭრას და არა პოლიტიკური ოპონენტების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვით.

2026 წლის ივლისში მიღებულ ჰააგის დეკლარაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე პირდაპირ გამოხატა შეშფოთება ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო, კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლიტიკური პლურალიზმისა და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნისგან.

დეკლარაციაში ასევე მოწოდებულია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციების დაუყოვნებლივ და სრულად შესრულებისკენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, შეგახსენებთ, რომ საქართველომ, ისევე როგორც ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, დაიცვას დემოკრატია, ფუნდამენტური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური პლურალიზმი. ეს ვალდებულებები გამონაკლისის გარეშე უნდა შესრულდეს და დაცული იყოს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თანმიმდევრულად აყენებდა ამ საკითხებს და ამავდროულად კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული რჩებოდა.

2026 წლის მარტში თბილისში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციამ ასევე წამოჭრა დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების საკითხი და ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომის სახით იმ პირების გათავისუფლება მოითხოვა, რომლებსაც სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი ჰქონდათ.

სულ ახლახან ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრასამ, საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დემოკრატიული ოპოზიციის პატივისცემისა და რეალური საარჩევნო ალტერნატივების შენარჩუნების მნიშვნელობას. ეს ძალისხმევა ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ პრობლემები ღია კომუნიკაციის, შინაარსიანი დიალოგისა და საზოგადოების ნდობის აღდგენისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გზით უნდა გადაიჭრას.

ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებებით თავისუფლად სარგებლობა შეძლონ, და შეასრულოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები, ამასთანავე, სერიოზულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, შექმნას გარემო, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და დემოკრატიის ყველა ხმა იქნება გაგონილი.

ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩაერთონ შინაარსიან დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისა და გამაღიზიანებელი რიტორიკისგან. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოიცა, ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის კონკრეტულ საფუძველს წარმოადგენს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში თავისი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით, მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან და მხარი დაუჭიროს საპარლამენტო დიალოგსა და ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებს.

პოლიტიკური პლურალიზმი, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და შინაარსიანი დიალოგი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის აუცილებელია.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ერთგულია საქართველოს ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერისა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.“

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 30.10.2026, 17:40. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

OSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამონეტგაზეთი · 17:20 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ