ოჩამჩირის პორტში ბორანის უნებართვოდ შესვლის გამო სასაზღვრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო - Batumelebi
აფხაზეთი • გემი • ოკუპირებული ტერიტორიები •
სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებულ აფხაზეთში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანის უნებართვოდ, კანონდარღვევით შესვლის გამო, გამოძიება დაიწყო.
ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ მიაწოდა.
„მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საზღვაო სივრცის ტერიტორიული ზღვის ნაოსნობისთვის დახურულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვაო აკვატორიაში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირდა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი FIRUZE G.
აღნიშნული ინფორმაცია ეცნობა სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებმაც მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322¹ მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლას,“ – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ კომენტარში.
„ბათუმელებმა“ საქართველოს საზღვაო სივრცეში უნებართვო გადაადგილების და ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის შესახებ, 6 ნოემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია.

Firuze G ოჩამჩირის პორტში 31 ოქტომბერს შევიდა და საქართველოს ტერიტორიული წყლები 5 ნოემბერს დატოვა
- რა ვიცით Firuze G-ის შესახებ
Firuze G სამგზავრო/სატვირთო ბორანია, რომელიც 1979 წელს ააშენეს. სხვადასხვა დროს ბორანს ერქვა Golfo Degli Ulivi, Cenk Y, Cellt9, Cenky და Cek და დაცურავდა პანამის და თურქეთის დროშების ქვეშ.
ბორანი ამჟამად პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს, მისი ამჟამინდელი რეგისტრირებული მფლობელია GURCAK GEMICILIK INSAAT NAK.
AIS-ზე დაფუძნებული MyShipTracking მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ბორანი ტუაფსეში 41-ჯერ, ხოლო თურქეთში, ქარასუს პორტში, 32-ჯერ იმყოფებოდა, რაც მიუთითებს რუსეთ–თურქეთის მიმართულებით განმეორებით კომერციულ ოპერაციებზე.
ბორანი, სახელწოდებით Firuze G [IMO: 7811329] ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში 31 ოქტომბერს შევიდა. ბორანმა საქართველოს საზღვაო სივრცე 5 ნოემბერს დატოვა.
- ოჩამჩირის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში საზღვაო ინფრასტრუქტურას ავითარებს. ამ ფონზე ოჩამჩირის პორტი განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.
საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეუძლებელია დადგენა FIRUZE G-ის ოჩამჩირის პორტში ვიზიტი რას უკავშირდება.
კერძოდ, უცნობია, ბორანი რეიდზე იდგა თუ უშუალოდ ნავსადგურში შევიდა, ჰქონდა თუ არა ტვირთი, ან გადაჰყავდა თუ არა მგზავრები, მოხდა თუ არა ბორნიდან ჩატვირთვა/გადმოტვირთვა ან ხომ არ ჩატარდა სხვა კომერციული ოპერაცია.
ამავე თემაზე:
როგორ შევიდა სატვირთო ბორანი ოკუპირებულ ოჩამჩირეში, სადაც რუსეთს ფლოტისთვის ბაზის აშენება სურს
SAY.GE · უნებართვოდ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
