„ნაციონალური მოძრაობა“ - ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ავტორიტარულმა მმართველობამ და ქვეყანაში სამართლებრივი სისტემის მოშლამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ავტორიტარულმა მმართველობამ და ქვეყანაში სამართლებრივი სისტემის მოშლამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და წარმოადგენს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების დადასტურებულ ღალატს.
“„ქართული ოცნების“ მიერ ვიზების შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, რაც საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის ოჯახის რჩენის ელემენტარული წყაროა. სავალალოა, რომ საქართველო იმ უვიზო ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე ხშირად მიმართავენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პოლიტიკა ამ ოჯახების კეთილდღეობისა და განვითარების პირობებს აქ, საქართველოში შექმნიდა, როგორც ქმნიდა კიდეც ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მაგრამ ამ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნების“ კორუფცია ქართველ ხალხს ძარცვავს, უვიზო მიმოსვლის შეჩერება უამრავ ადამიანს შიმშილის პირას დატოვებს.
უვიზო მიმოსვლის საფუძველი დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სრულად მოშალა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და აკადემიური ინსტიტუტების რეპრესიითა და პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობით.
ამასთან, უვიზო მიმოსვლის შეჩერების ყველაზე დიდი საფრთხე მომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ იქცა და რუსეთის სპეცსამსახურებმა იგი თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ - სავარაუდოდ, იყენებენ კიდეც - ევროკავშირში შესაღწევად. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან 2026 წლის 11 ივნისს გამართულ სავიზო დიალოგს პროგრესი არ მოჰყოლია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კომისიის შეშფოთებას იწვევს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანგარიშში გამოთქმული შეშფოთება, რომ სასამართლოები მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გასატარებლად გამოიყენება, ხოლო სამართალდამცველების მიერ საპროტესტო აქციების დროს გადამეტებული ძალის გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებული ბრალდებები გამოუძიებელი რჩება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმრობის მაღალი მაჩვენებელია და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების შემთხვევებში წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებულად და გაუმართლებლად გამოიყენება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი ათასობით მხარდამჭერი აგრძელებს ბრძოლას „ქართული ოცნების“ კორუფციული, ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ და დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლის შედეგად საქართველო დაიბრუნებს სუვერენიტეტს და დაუბრუნდება განვითარების დემოკრატიულ გზას, რომელიც ქართველ ხალხს მშვიდად და მშვიდობიანად აცხოვრებს დაცულ და უსაფრთხო ევროპულ გარემოში”, - ნათქვამია განცხადებაში.

